ბრძანება N 2740
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2740
14.02.2023
სს „-------“ (ს/ნ -------- )
(ფაქტ. მის.:--------- )
(იურ. მის.: --------- )
2023 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა სს „--------“ (ს/ნ --------) №78564/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 26 იანვრის №CB1436463 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, შეცდომით, ნაცვლად ერთ-ერთი კომპანიისა, განცხადება გამოგზავნილ იქნა სს „-----------“ (ს/ნ --------- ) ელექტრონული გვერდიდან. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №4704 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ადგილზე შემოწმება და სს „--------“ (ს/ნ ---------) დაჯარიმდა 1347.28 ლარით. აღნიშნული შეცდომის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შემოსავლების სამსახურს. სს „---------“ (ს/ნ ---------) ბუღალტერი ასევე ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობს იმ კომპანიაში, რომლიდანაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული განცხადების ატვირთვა. ამასთან, კომპანიის მიერ გაგზავნილ განცხადებაში ასახული, ჩამოსაწერად განკუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ 2023 წლის 25 იანვარს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე ID: ---------- ელექტრონული განაცხადით მიმართა სს „----------“ (ს/ნ ------- ), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 25 იანვარს გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ-------, რომლის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სს „----------“ (ს/ნ --------) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის პირველი თებერვლის ჩათვლით.
2023 წლის 26 იანვარს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე (მის.:-------), სადაც გადამხდელის მინდობილ პირს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. მინდობილმა პირმა განმარტა, რომ მას მოუვიდა შეცდომა და აღნიშნული განცხადება გამოაგზავნა სხვა კომპანიის ნაცვლად, ვინაიდან, მუშაობდა ორივე კომპანიაში და მუშაობის დროს შეცდომით შევიდა მეორე კომპანიის ავტორიზებულ ელექტრონულ გვერდზე.
აღნიშნულზე შედგენილი იქნა №CB1436463 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 1347.28 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და სს „--------“ (ს/ნ --------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. სს „--------“ (ს/ნ --------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2023 წლის 26 იანვრის №CB1436463 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.