გადაწყვეტილება №80679/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.07.2023
№ დოკუმენტი 80679/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№80679/1/2023

25.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:შპს ---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 3.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №80679/1/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 26.11.2021 წლის №14043/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №007-89 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 331 294 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 621 049

დღგ - 43 836

მოგების გადასახადი - 560

საშემოსავლო გადასახადი - 576 361

ქონების გადასახადი - 292

ჯარიმა - 310 297

საურავი - 399 948

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა პურის წარმოება და რეალიზაცია საცალო ვაჭრობის ობიექტებში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 8 ივლისის №18712 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აპრილის №11466 ბრძანება და №007-134 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 401 732 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 30 ივნისის №21266 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება პურის წარმოების პროცესში ბუნებრივი დანაკარგის ნორმა. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 ივნისის №21266 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2021 წლის დასკვნა, 10.11.2021 წლის №35127 ბრძანება და №007-422 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 162 075 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 275 182 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 8 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.12.2021 წლის №39226 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 ივნისის №21266 ბრძანება 19.07.2021 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. მომჩივანი ითხოვდა საწვავის ხარჯის გათვალისწინებას. საბჭოს 26.11.2021 წლის №14043/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვროს/გაითვალისწინოს საწვავის ხარჯი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნა, 12.04.2023 წლის №8147 ბრძანება და №007-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 79 506 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 331 294 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწვავის შეძენა ხორციელდებოდა ბრენდირებულ საწვავის სადგურებში. შემოწმების მიერ კი გათვალისწინებულ იქნა არაბრენდირებული სადგურების ფასები.

 

დავების განხილვის საბჭო

განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 26.11.2021 წლის №14043/2/2021 გადაწყვეტილებით:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვროს/გაითვალისწინოს საწვავის ხარჯი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა თითოეულ ავტომანქანაზე კილომეტრაჟის ოდენობა, რომელიც განსაზღვრული აქვს სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მისამართების მიხედვით. შესაბამისი ავტომანქანის წვის ნორმისა და შესაბამის დღეს დაფიქსირებული საწვავის ფასის (არაბრენდირებული) მიხედვით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში საჭირო საწვავის რაოდენობა და ღირებულება. აღნიშნული მეთოდით დადგინდა საწარმოს მიერ გაწეული საწვავის ხარჯის ოდენობა, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა ფულის მოძრაობაში. შესაბამისად, კორექტირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 79 506 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 53 004 ლარი და ჯარიმა - 26 502 ლარი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველი.

საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 26.11.2021 წლის №14043/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა თითოეულ ავტომანქანაზე კილომეტრაჟის ოდენობა, რომელიც განსაზღვრული აქვს სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მისამართების მიხედვით. შესაბამისი ავტომანქანის წვის ნორმისა და შესაბამის დღეს დაფიქსირებული საწვავის ფასის (არაბრენდირებული) მიხედვით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში საჭირო საწვავის რაოდენობა და ღირებულება. აღნიშნული მეთოდით დადგინდა საწარმოს მიერ გაწეული საწვავის ხარჯის ოდენობა, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა ფულის მოძრაობაში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275