გადაწყვეტილება №25678/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25678/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 18.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25678/2/2025).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №CB1779774 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 1.08.2025 წლის №17363 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5000 ლარი.
ფაქტების აღწერა
8.07.2025 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გადამოწმდა ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ----), რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 304 ლარის ღირებულების საქონლის (ღორღი (1-60 ფრაქცია) 19ტ.X16ლ) ტრანსპორტირება ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს, 8.07.2025 წლის №CB1779774 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.08.2025 წლის №17363 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და განმარტავს, რომ ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
2.07.2025 წელს ახორციელებდა ტვირთის „ინერტული მასალის ქვიშის (ფრაქცია 1-60)“ ტრანსპორტირებას ---ს რაიონი სოფელი ----, უბანი --ის მიმართულებით. ვინაიდან, ტვირთის ტრანსპორტირება ხდებოდა გადამზიდავი პირის საშუალებით, გამოწერილი იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდიდან (rs.ge-დან) გადამზიდავის მოდულიდან შიდა გადაზიდვის ზედნადები ტრანსპორტირების დასადასტურებლად და გადამზიდავად დაფიქსირდა - --- (პ/ნ ----) 11 საათსა და 45 წუთზე, თუმცა --- აღმოჩნდა უშუალოდ მძღოლი (რომელიც ფიქსირდება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში) და არ აღმოჩნდა გადამზიდავი, რომელიც ამ ზედნადების აქტივაციას მოახერხებდა და მიუთითებდა კონკრეტული მძღოლის პირად ნომერს და მანქანის ნომერს. აღნიშნული ვალდებულება ნაკისრი ჰქონდა გადამზიდავს ---ს (პ/ნ ---), ვის საკუთრებაშიც იყო აღნიშნული ავტომობილი და მას თავის მხრივ უნდა მოეხდინა შემოსავლების სამსახურის საკუთარი პორტალიდან (RS.GE), ჩვენს მიერ გამოწერილი ზედნადების აქტივაცია. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მომჩივნის მიერ ----ზე, როგორც გადამზიდავზე გააქტიურდა გადამზიდავის მოდულიდან შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები. გადამზიდავთან გადაგზავნილი სტატუსის მქონე ზედნადებში, ზედნადების გამომწერს (ამ შემთხვევაში შპს ----ს), არ აქვს კონკრეტული მძღოლისა და საავტომობილო საშუალების მითითების შესაძლებლობა, შესაბამისად გადამზიდავი, ამ შემთხვევაში - --- ვალდებული იყო ტრანსპორტირების დაწყებამდე და ტვირთის უშუალო დაძვრამდე, გაეკეთებინა აღნიშნული ზედნადების აქტივაცია, რაც გულისხმობს შემდეგს: ზედნადებში უნდა მიეთითებინა ინფორმაცია იმ მძღოლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ, რომელიც უშუალოდ განახორციელებდა ტრანსპორტირებას (აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა თავად გადამზიდავი).
ასევე, გადამზიდავი ვალდებული იყო, იმ შემთხვევაში თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხებდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE) შესვლას, ან/და ვერ აღმოაჩენდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE) მასზე გადაწერილ გადამზიდავის სტატუსის მქონე ზედნადებს, დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა დამკვეთს, არ დაეძრა სატრანსპორტო საშუალება და არ დაეწყო გადაზიდვის პროცესი. გადამზიდავმა, ზემოთ აღნიშნული ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ავტო სატრანსპორტო საშუალება დაიძრა გადაზიდვის შესასრულებლად სასაქონლო ზედნადების აქტივაციის გარეშე. მიაჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, არ არის სამართლიანი ვინაიდან, გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები, რომელშიც არასწორად იქნა მითითებული გადამზიდავი პირის რეკვიზიტები, რის გამოც ვერ მოხდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადების გააქტიურება, რაც არის ტექნიკური ხასიათის შეცდომა.
მომჩივანი გადაზიდული ინერტული მასალის შესყიდვას სრულად ახდენს სხვა იურიდიული პირისგან, ვინაიდან მას არ აქვს ლიცენზია ბუნებრივი რესურსის მოპოვებისთვის, ხოლო შესყიდული ქვიშა-ღორღის მიწოდება სრულად ხდება ასევე კონტრაქტორი იურიდიული პირისთვის. შეძენილ საქონელზე ხდება შესაბამისი დოკუმენტების გამოწერა, ისევე როგორც მიწოდებულ საქონელზე. რეალიზაციისა და შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით ხდება საბოლოო ანგარიშსწორება მომწოდებელთან. რის გამოც შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობით, კომპანია რეალურად ვერ მოახდენს ვერც შემოსავლის და ვერც ხარჯის დამალვას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით არ ჰქონია განზრახვა დაემალა საქონლის გადაზიდვის ფაქტი, მის მიერ გამოწერილი იქნა შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, მხოლოდ ტექნიკური უზუსტობისა და გადამზიდავი პირის უყურადღებო დამოკიდებულების გამო ვერ მოხდა სასაქონლო ზედნადების გააქტიურება. კომპანია 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ახდენს საქონლის გადაზიდვას, როგორც საკუთარი, ასევე გადამზიდავი პირების სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც მუდმივად კონტროლდება სახელმწიფო უწყებების მხრიდან გზებზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებებით და არ გამოვლენილა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, გარდა ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული შემთხვევისა. ითხოვს სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.08.2025 წლის №75786-21- 12 წერილიდან ირკვევა, რომ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახ.---, რა დროსაც დადგინდა, რომ ---- (ს/ნ ----) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 304 ლარის ღირებულების საქონლის (ღორღი) ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. გადამოწმებისას დადგინდა, რომ ავტომანქანაზე განთავსებული ტვირთი ეკუთვნოდა მომჩივანს და არ იყო გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევა წარმოადგენს განმეორებით ჩადენილს, შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, განმარტავს, რომ არ ჰქონია განზრახვა დაემალა საქონლის გადაზიდვის ფაქტი. მის მიერ გამოწერილი იქნა შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, მხოლოდ ტექნიკური უზუსტობისა და გადამზიდავი პირის უყურადღებო დამოკიდებულების გამო ვერ მოხდა სასაქონლო ზედნადების გააქტიურება. კომპანია 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ახდენს საქონლის გადაზიდვას, როგორც საკუთარი, ასევე გადამზიდავი პირების სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც მუდმივად კონტროლდება სახელმწიფო უწყებების მხრიდან გზებზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებებით და არ გამოვლენილა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, გარდა ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული შემთხვევისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №CB1779774 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 1.08.2025 წლის №17363 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გადამოწმდა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 304 ლარის ღირებულების საქონლის (ღორღი (1-60 ფრაქცია) 19ტ.X16ლ) ტრანსპორტირება ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო საკითხზე საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 286 (1,2).