გადაწყვეტილება №18520/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18520/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:------------- (ს/ნ--------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 26.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18520/2/2022).
დავის საგანი:
ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების (წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა) საბაზრო ფასი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2021 წლის №031-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31667 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 18 570 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის
საფუძვლები გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხე-ტყის შეძენა და რეალიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადების მიხედვით, 1.01.2019 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 73.47 კუბურ მეტრს. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილია გადამხდელის ობიექტში ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 16.05.2022 წლის მდგომარეობით. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით მეწარმეს აღნიშნული თარიღით გააჩნდა 45.48 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა. გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადებით განსაზღვრული ნაშთის გათვალისწინებით შემმოწმებლების მიერ 2019 წლიდან შესწავლილია საქონლის მოძრაობა, შედეგად 16.05.2022 წლის მდგომარეობით მომჩივანს უფიქსირდება 14.53 კუბური მეტრის ხის მასალა. შესაბამისად, საქონლის მოძრაობასა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით, გამოვლინდა აღურიცხველი საქონელი (წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა) 30.95 კუბური მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 19.05.2022 წლის №55229/05/22 დასკვნის საფუძველზე, შეადგენს 37 140 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულების 50%-ის - 18 570 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 4.10.2022 წლის №25323 ბრძანება და ამავე თარიღის №031-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31667 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელთან გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება დადგენილია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 1.01.2022 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, განხორციელებული მიწოდების გათვალისწინებით, 1 კუბური მეტრი ხის მასალის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი შეადგენს 1 100 ლარს, ნაცვლად გადამხდელის მიერ აღნიშნული 789 ლარისა.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია მართლზომიერად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გაანგარიშებული ჯარიმა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 15 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით 45,48 მ 3 მასალიდან დოკუმენტალურად რეალიზაცია განახორციელა 35,7 მ 3 . 35,7 მ 3 მასალის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 28 165,5 ლარი. აქედან გამომდინარე 1 მ 3 მასალის საშუალო ღირებულებამ შეადგინა 789,03 ლარი ( 28 165,5/35,7) და არა 1 200 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს მასალის საბაზრო ფასის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნას მიღებული ზედმეტად გამოვლენილი 30,95 მ 3 მასალიდან დოკუმენტურად გაყიდული მასალის საშუალო ფასი, 789 ლარი. საჩივარს ახლავს დოკუმენტურად გაყიდულ მასალებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ცხრილი, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული გაყიდული მასალის საშუალო ფასი შეადგენს 789 ლარს და არა ექსპერტიზის მიერ დადგენილ საბაზრო ფასს. ითხოვს შემცირდეს დაკისრებული ჯარიმის თანხა წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანი განმარტავს, რომ 2022 წ 15 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით 45,48 მ3 მასალიდან დოკუმენტალურად რეალიზაცია განახორციელა 35,7 მ3 , რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 28 165,5 ლარი. აქედან გამომდინარე 1 მ 3 მასალის საშუალო ღირებულებამ შეადგინა 789,03 ლარი (28 165,5/35,7) და არა 1 200 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას მასალის საბაზრო ფასის განსაზღვრისას, რის დასადასტურებლადაც წარმოადგენს დოკუმენტურად გაყიდულ მასალებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებების ცხრილს.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, იდენტიფიცირება, რომ გადამხდელმა შემდგომ პერიოდში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზება განახორციელა ვერ ხერხდება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1.01.2022 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, განხორციელებული მიწოდების გათვალისწინებით, 1 მ 3 ხის მასალის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი შეადგენს 1 100 ლარს, ნაცვლად გადამხდელის მიერ მითითებული 789 ლარისა და რაც მიახლოებულია ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასთან, 1 200 ლართან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საგადასახადო ორგანოს მიერ აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.