ბრძანება N 27419
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27419
26 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 20 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №137) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 20 დეკემბრის №93409/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 დეკემბრის №081-227 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანის განმარტებით, კომპანიას ჰყავდა პარტნიორი ფიზიკური პირი, რომელმაც ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა ტვირთების მოძიების ვალდებულება და მენეჯერული საქმიანობის განხორციელება მ/შ ბუღალტერიის ჩათვლით. შემოწმების პროცესში აღმოჩნდა, რომ კომპანიის ბუღალტერია არასწორად იყო ნაწარმოები, შემოწმებისთვის წარდგენილი იყო არასწორი მონაცემები, რომლითაც არ შეიძლებოდა მსჯელობა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ქართული ენის სრულყოფილად არცოდნის გამო, სრულად იყო მინდობილი აღნიშნულ პირს, რომელიც პირნათლად არ ასრულებდა ვალდებულებებს, შესრულებული რეისების აღრიცხვას და ბუღალტერიას. ასევე, აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში დაეწვა ბალანსზე არსებული 2 ავტომანქანა თავისი მისაბმელით და ტვირთით. აცხადებს, რომ აღნიშნული პირის გულგრილობის გამო არ იყო გადახდილი სადაზღვევო გადასახადი, რის გამოც სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაურა ზარალი. ყოველივე აღნიშნულზე მითითებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციის მოხსნას/პატიებას. აღნიშნავს, რომ გადაიხდის დარიცხულ გადასახადს სრულად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №15425 და 10 ივლისის №16421 ბრძანებების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ---------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 დეკემბრის №25241 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-227 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 317 553 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 185 809 ლარი, ჯარიმა 92 859 ლარი და საურავი 38 886 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი საბუღალტრო აღრიცხვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად წარმოებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის: პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია მხოლოდ ინვოისების მცირე ნაწილი, ასევე წარმოდგენილია საბუღალტრო პროგრამა ორისი, რომელიც არ ასახავს სრულად გადამხდელის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით და წარმოდგენილი დოკუმენტებით არ აქვს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები შესამოწმებელი პერიოდი დასაწყისის, ბოლოს და თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ არასრულად იყო დეკლარირებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები. საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით და რეექსპორტის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგების შესახებ. შემოწმებით, შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მიღებული წმინდა მოგების შესახებ და ასევე სხვა დამატებითი ხარჯები, რომლებიც ფიქსირდებოდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით და მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც უნდა ყოფილიყო საწარმოში ნაშთის სახით და არ არის ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების შესაბამის დანართებში განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადამხდელი საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს დაქირავებული პირების მეშვეობით, საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, დაქირავებულ მძღოლებზე გაცემული ხელფასი გამოიანგარიშება ყოველ ერთ კილომეტრზე - 0.12 ცენტით. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა საზღვრის კვეთის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დანიშნულების პუნქტების მიხედვით ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასის ოდენობა შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რომლის ნაწილიც წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ასახული არ არის. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციის მოხსნას/პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით, შესწავლილ იქნა შპს-ს ფულის მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მიღებული წმინდა მოგების შესახებ და ასევე სხვა დამატებითი ხარჯები, რომლებიც ფიქსირდებოდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით და მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც უნდა ყოფილიყო საწარმოში ნაშთის სახით და არ არის ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების შესაბამის დანართებში განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. შედეგად,საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. ასევე, გადამხდელი საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს დაქირავებული პირების მეშვეობით, საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, დაქირავებულ მძღოლებზე გაცემული ხელფასი გამოიანგარიშება ყოველ ერთ კილომეტრზე - 0.12 ცენტით. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა საზღვრის კვეთის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დანიშნულების პუნქტების მიხედვით ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასის ოდენობა შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რომლის ნაწილიც წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ასახული არ არის. შედეგად, შემოწმებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270(2);275(2);272(1);