გადაწყვეტილება №19636/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19636/2/2023
1.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 9.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19636/2/2023).
დავის საგანი:
ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №011-1573 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9896 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 2023 წლის 5 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 139 290.97 ლარი, ჯარიმა 75 326 ლარი, საურავი 103 698.22 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 29 მარტს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა №54475/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8054 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №011-1573 ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2023 წლის №9896 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 241-ე მუხლზე, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 5 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები, არ იქნა აღიარებული და 2023 წლის 9 თებერვლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებული იქნა 2023 წლის 29 მარტს (საქმის ნომერი: 80009/1/2023), რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია დავების საბჭოში. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილი აქვს გასაჩივრებისთვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 30 კალენდარული დღიან პერიოდში, უფლებამოსილი პირის მიერ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაცნობის თარიღიდან.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არაა აღნიშნული, საგადასახადო ორგანოს აქვს თუ არა უფლება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაადოს ყადაღა აუღიარებელ საგადასახადო დავალიანებაზე. აღნიშნული საკითხი არ რეგულირდება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისს №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითებით. ვინაიდან, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ 2023 წლის 9 თებერვლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნა კანონიერ ძალაშია შესული (ე.ი საგადასახადო დავალიანება აღიარებულად, რომ ჩაითვალოს), აღნიშნული გარემოების დადგომამდე მის მიმართ არ უნდა გამოცემულიყო დაყადაღების შესახებ ბრძანება.
მომჩივანი უთითებს, რომ ქონების უკანონოდ დაყადაღების გამო, ფინანსურ ზარალს განიცდის, რადგანაც ფერხდება ინდივიდუალური საწარმოს ფუნქციონირება. მომჩივანი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9896 ბრძანების გაუქმება/ბათილად ცნობას და 2023 წლის 5 აპრილის №011-1573 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეიძლება, რომ საგადასახადო დავალიანება აღიარებულად ჩაითვალოს, შესაბამისად აღნიშნული გარემოების დადგომამდე მის მიმართ არ უნდა გამოცემულიყო დაყადაღების შესახებ ბრძანება. მომჩივანი უთითებს, რომ ქონების უკანონოდ დაყადაღების გამო, ფინანსურ ზარალს განიცდის, რადგანაც ფერხდება ინდივიდუალური საწარმოს ფუნქციონირება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ თუ საგადასახადო მოთხოვნის ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დავის შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.
ვინაიდან, მომჩივანს გაშვებული აქვს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი 30 დღიანი ვადა, ხოლო 5.04.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია რომ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №011-1573 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9896 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ სამსახურში წარდგენილ იქნა №54475/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №007-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8054 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №011-1573 ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2023 წლის №9896 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 238 (1, გ); 241 (1); 8 (5, ბ).
,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანება.