გადაწყვეტილება №19959/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19959/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 14.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19959/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №070-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.05.2023 წლის №11539 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 45 701.7 ლარი (286,9)
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №20670 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. მომჩივნის კუთვნილ ობიექტში 2022 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 80 375.5 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო –მატერიალური ფასეულობები.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 362 357.5 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით კი 568 901.25 ლარი. ასევე გამოვლინდა 3 157.5 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები.
აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე და დანაკლისზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №CB1427583 და №CB1427595 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.
აღნიშნული ოქმები მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის 2934 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (მათ შორის ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2934 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის NGB1427583 ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა 1 578,75 ლარი დარჩა უცვლელი, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევის NGB1427595 ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკისრებულმა ჯარიმის თანხამ, ნაცვლად 56 890,13 ლარისა, შეადგინა 45 701,7 ლარი, რაზეც გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის N6188 ბრძანება და 2023 წლის 29 მარტის №070-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
2023 წლის 29 მარტის №070-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.05.2023 წლის №11539 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონელი ძირითადად დაჰქონდა ბაზრობებზე, არ არის გათვალისწინებული ფერმერების დებიტორული დავალიანებები. ასევე არ მომხდარა რაიმე გადასახადის დამალვა ვინაიდან დღგ-სგან განთავისუფლებულია აღნიშნული საქონელი, ი/მ-ის სტატუსიდან გამომდინარე არ ეხება ფულის მოძრაობა და არც ამ კუთხით დაუმალია რამე. არ იყო წლიური დეკლარაციის ჩაბარების ვადა დამდგარი რომ, რეალიზებული პროდუქციის თანხა ასახულიყო. 1 აპრილს ჩვეულებრივ ჩააბარეს წლიური დეკლარაცია სადაც ასახულია კორექტირებული ფასნამატით 26%-ით, და გათვალისწინებულია ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთი. უბრალოდ შეიძლება ნაშთი ყოფილიყო ცოტათი განსხვავებული მის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ჩვეულებრივ სიტუაციაში წარდგენის შემთხვევაში. ანუ ის დანაკლისი რაც დაადგინეს იმიტომ რომ ჩეკში არ იყო ასახული, ჯერ ერთი რომ კონსიგნაცია იყო და მეორეც წლიურ დეკლარაციაში აუცილებლად მაინც მოხვდებოდა ფასნამატით და დამალვა არ იყო მიზანი ვინაიდან არც ფულის ნაშთის გამო დაუმალია რეალიზაცია და არც დღგ-ს მიზნებისთვის. ვინაიდან განთავისუფლებულია აღნიშნული პროდუქცია, წარმოადგენს მოვალეების რეესტრს ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის პირადობის, ტელეფონის ნომრებით და ხელმოწერებით, თავისი ხელით დაწერილი თანხებით.
აგვისტოს პერიოდი არის ის პერიოდი რა დროსაც თითქმის რეალიზაციის პიკი გადავლილია და სექტემბერიც არ არის დამდგარი, (მოსავლის აღების მომენტი (რთველი)) რა დროსაც შემოდის თანხები ძირითადად, სექტემბერ ოქტომბერში. აღნიშნული თანხების ჯამი შეადგეს 436 505 ლარს.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება სანქციის ფარგლებში, ვინაიდან თვლის რომ დაჯარიმებული არის იმ თანხებზე რაც მერე დეკლარირებულია მის მიერ 1 აპრილისთვის, მოეხსნას ჯარიმები ვინაიდან არ აქვს საშუალება აღნიშნული თანხების გადახდის.
ახლახანს სოფელ გავაზში მოხდა სტიქია და ძალიან დაზარალდა, დაიტბორა სახლები და დაისეტყვა ვენახები, დეკლარირებული თანხაც ბოლომდე ვერ გადაიხადა ჯერჯერობით, დარჩენილი აქვს 13 000 ლარამდე ძირი გადასახადი, რასაც იხდის ნელ ნელა რის საშუალებაც აქვს. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მოვალეების თანხები და განთავისუფლდეს ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების საფუძველზე წარდგენილია დოკუმენტები, რომელიც შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადაანგარიშების შედეგად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით გამოვლინდა 3 157,5 ლარის ოდენობით. ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით გამოვლინდა 457 017 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო სამართალდარღვევის NGB1427583 ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა 1 578,75 ლარი დარჩა უცვლელი, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევის NGB1427595 ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკისრებულმა ჯარიმის თანხამ, ნაცვლად 56 890,13 ლარისა, შეადგინა 45 701,7 ლარი.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების დანაკლისი და აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები.
აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე და დანაკლისზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.
აღნიშნული ოქმები მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის 2934 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის N6188 ბრძანება და 2023 წლის 29 მარტის №070-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
2023 წლის 29 მარტის №070-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.05.2023 წლის №11539 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4, 9); 302(6); 304(21)