გადაწყვეტილება №21458/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21458/2/2023
02 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ს 30.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21458/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №081-225 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2023 წლის №27658 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 111 123 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 61 270
დღგ - 29 985
საშემოსავლო გადასახადი - 31 285
ჯარიმა - 31 828
საურავი - 18 025
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა გემების აგენტირება და ტვირთების ექსპედირება "-------"-ის პორტში. რიგ შემთხვევაში აქვს ტვირთების გადმოტვირთვის მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან და 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს მომსახურების გაწევის მიხედვით გამოწერილი აქვს ინვოისები.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის საფუძველზე, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოწერილი ინვოისების და მომსახურებაზე მიღებული შემოსავლის (საბანკო ჩარიცხვების) მიხედვით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის (უმეტესად ფოლადის) გადმოტვირთვისთვის მიღებული შემოსავლის მიხედვით. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა დეკლარირებულზე მეტი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 6.10.2023 წლის №24712 ბრძანება და №081-225 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2023 წლის №27658 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ, 2019 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია (პაკეტის N-------) წარდგენილია 2022 წლის 14 ნოემბერს, შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება და 2019 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმება კანონშესაბამისია.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, მოწოდებულია დამატებითი დოკუმენტაცია დანართების სახით, სადაც არგუმენტირებულად და ნათლად ჩანს სხვაობა დღგ-ის ბრუნვაში. ასევე შეეცადა გაემყარებინა პოზიცია დებიტორი კომპანიის შედარების აქტის მიმაგრებით. მოითხოვს, კიდევ ერთხელ გადაიხედოს გადაწყვეტილება, გათვალისწინებულ იქნას მექანიკური შეცდომით გამოწვეული უზუსტობა და შემცირდეს, როგორც გადასახადი, ასევე ამ ნაწილში არსებული ჯარიმა და საურავი. ასევე, მის მიერ მოთხოვნილი საშემოსავლო გადასახადის შემოწმების პერიოდის გათვალისწინება ხანდაზმულ პერიოდად, დაკავშირებულია მექანიკურ შეცდომასთან, რომელიც უკავშირდება დეკლარაციის დაზუსტების მცდელობას. ითხოვს გათვალისწინდეს აღნიშნული გარემოება და 2019 წელი აღიარდეს ხანდაზმულ პერიოდად.
ამასთან, წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას, შედარების აქტს და აღრიცხვის ბარათს შპს „------“-თან, აუდიტის მიერ გამოგზავნილი შემაჯამებელ ფორმას, სადაც შეტანილია კორექტირებები. დამატებით გარემოებებად, ასევე 2022 წლის იანვრის თვეში მოხდა ერთი და იგივე ნომრით ინვოისის გამოწერა, კერძოდ, ინვ. 19/2022, მექანიკური შეცდომით აღნიშნული ინვოისი ორივე გატარდა შპს „------ -ზე “, ნაცვლად შპს „-------“ -სა. აღნიშნული ინვოისის თანხა არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას. ითხოვს გათვალისწინდეს, კორექტირებული ექსელის ფაილი და დამატებითი ინფორმაცია და დაკორექტირდეს აქტით დარიცხული დღგ, შესაბამის სანქციებთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ მომსახურების გაწევაზე გამოწერილი ინვოისების და აღნიშნულ მომსახურებაზე (იმპორტირებული საქონლის (უმეტესად ფოლადის) გადმოტვირთვა) მიღებული შემოსავლების (საბანკო ჩარიცხვების) მიხედვით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაუფიქსირდა დეკლარირებულზე მეტი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა შესაბამისი დღგ.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივნის მიერ, 2019 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია (პაკეტის №"------") წარდგენილია 2022 წლის 14 ნოემბერს. უსაფუძვლოა მომჩივნის არგუმენტი საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, 2019 წლის საანგარიშო პერიოდის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს გამოწერილი ინვოისების და მომსახურებაზე მიღებული შემოსავლის (საბანკო ჩარიცხვების) მიხედვით, უფიქსირდებოდა დეკლარირებულზე მეტი ოდენობით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ში დამატებითი თანხების დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გათვალისწინდეს, კორექტირებული ექსელის ფაილი და დამატებითი ინფორმაცია და დაკორექტირდეს აქტით დარიცხული დღგ, შესაბამის სანქციებთან.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელს მომსახურების გაწევის მიხედვით გამოწერილი აქვს ინვოისები.საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის საფუძველზე, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოწერილი ინვოისების და მომსახურებაზე მიღებული შემოსავლის მიხედვით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის გადმოტვირთვისთვის მიღებული შემოსავლის მიხედვით. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს დაუფიქსირდა დეკლარირებულზე მეტი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ში დამატებითი თანხების დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
160,161,163
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი.