ბრძანება N 22384

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2024
№ დოკუმენტი 22384
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22384

16 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ს (ს/ნ ------) (მის.:------)

2024 წლის 30 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს „-----“-ს (ს/ნ ------) 2024 წლის 30 სექტემბრის №161995/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 სექტემბრის №081-193 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ დასკვნით არ დგინდება გამოყენებული ფასნამატის სიდიდე, ხოლო გადაანგარიშებებზე დაყრდნობით, გამოყენებულ იქნა 46,1 %- იანი ფასნამატი, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს შემოწმების პერიოდის განმავლობაში მიღებულ დოკუმენტურად დადასტურებულ საშუალო ფასნამატს, თუმცა აღნიშნული მეთოდი უცნობია და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გადამხდელი აღნიშნავს, რომ თუ ჩატარებულ იქნა ინვენტარიზაცია და გამოვლინდა ფულადი დანაკლისი, აღნიშნული უნდა ასახულიყო შემოწმების აქტში, ამასთან, აუდიტორი დასკვნით არ განმარტავს რამ განაპირობა ცვლილებების შეტანა, ხოლო თუ საუბარია დანაკლისზე, შემოწმების მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი. ხოლო, ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი აცხადებს, რომ გაუგებარია აბსურდული ფასნამატით დამატებით განსაზღვრული ბრუნვის სალაროს ნაშთად აღიარების, ხელფასად მიღებულად ჩათვლის და შემდგომ ამ მაჩვენებლის აგროსვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ვინაიდან აღნიშნული გარემოებით, გადამხდელი იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებითაა განსაზღვრული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ქონე ყველა გარემოება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16090 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გაავრცელოს დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16090 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 43 338 ლარი, მათ შორის, გადასახადი 27 507 ლარი, ჯარიმა 15 831 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 სექტემბრის №081-193 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, შემოწმების მიერ შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა სულ 17 697 ლარი და საშემოსავლო გადასახადი სულ 25 642 ლარი, შესაბამისი სანქციით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გავრცელებული იქნა საშუალო დოკუმენტური ფასნამატი 46% პერიოდების მიხედვით, რის საფუძველზეც შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები, კერძოდ, დღგ სულ 17 697 ლარი და საშემოსავლო გადასახადი სულ 25 642 ლარი, ასევე ჯარიმა სულ 15 831 ლარი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ დასკვნით არ დგინდება გამოყენებული ფასნამატის სიდიდე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ელექტრო საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების იმპორტს/ადგილობრივ შეძენას და ახდენს ადგილობრივ ბაზარზე, იჯარით აღებულ ფართში რეალიზაციას. ასევე ახორციელებს აღნიშნული პროდუქციის დამონტაჟება/შეკეთებასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ინვენტარიზაციით დადგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობაზე გავრცელებული იქნა საშუალო დოკუმენტური ფასნამატი 46% პერიოდების მიხედვით, რის საფუძველზეც შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, შემოწმების მიერ შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა სულ 17 697 ლარი და საშემოსავლო გადასახადი სულ 25 642 ლარი, შესაბამისი სანქციით.

 

გადაწყვეტილება

განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21);