გადაწყვეტილება №21584/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21584/2/2023
15 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 13.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21584/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №094-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №28753 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 81 546 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 52 461
ჯარიმა - 26 331
საურავი - 2 754
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18432 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №23722 ბრძანება და 28 სექტემბრის №094-67 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 81 546 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 22 ნოემბრის №28753 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ბუღალტრული აღრიცხვით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები სრულად არ აქვს დეკლარირებული 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით. კერძოდ, 2023 წლის მაისის თვეში კომპანიის მიერ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (--------- და --------) დღგ-ის ჩათვლით ბრუნვა შეადგენს 380 027 ლარს. აქედან ნაწილი ექვემდებარება განაშთვას წინა პერიოდში მიღებული ავანსის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. ასევე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოზე გამოწერილია 118 554 ლარის ღირებულების მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (-----------, -----------, ---------- და ----------), რომელიც არასრულადაა დაბეგრილი. ამ შემთხვევაშიც თანხის ნაწილი ხელშეკრულებების გათვალისწინებით დაექვემდებარა განაშთვას წინა პერიოდში მიღებული ავანსის საფუძველზე (ავანსი დაიბეგრა წინა შემოწმების აქტით). საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 291 460 ლარით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ აქვს ასახული შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შესაბამისად, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება დარიცხულ დღგ-ს, რადგან მათი დათვლით ძირითადი თანხა შეადგენს შედარებით მცირე რაოდენობას და საჭიროა გადაანგარიშება. მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს დარიცხული გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული შემოსავლები სრულად არ აქვს დეკლარირებული 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციით. კერძოდ, 2023 წლის მაისის თვეში საწარმოს მიერ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროზე და სსიპ „-----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლით ბრუნვა შეადგენს 380 027 ლარს და 118 554 ლარს, საიდანაც ნაწილი ექვემდებარება განაშთვას წინა პერიოდში მიღებული ავანსის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №094-67 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 81 546 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 52 461 ლარი, ჯარიმა - 26 331 ლარი და საურავი - 2 754 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 291-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საჩივარში მითითებული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით მომჩივანს არ აქვს წარდგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დაკისრებული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმა-საურავს, რომლის ოდენობა დიდი დარტყმაა კომპანიისთვის წარმოების განსავითარებლად. მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, მომჩივანმა დეკლარაციაში შეამცირა გადასახადის თანხა, რისთვისაც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ აქვს ასახული შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის, საწარმოს დაეკისრა შესაბამისი საურავი.
მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, მომჩივანმა დეკლარაციაში შეამცირა გადასახადის თანხა, რისთვისაც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ აქვს ასახული შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა. ასევე, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის, საწარმოს დაეკისრა შესაბამისი საურავი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275(2);291(1);272(1);269(7)