გადაწყვეტილება №24387/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 24387/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24387/2/2024

24 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ს 3.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24387/2/2024).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2024 წლის №CB1661756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24043 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 36 647,79 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეორადი საბურავების იმპორტი, რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.06.2024 წლის №13422 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2024 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 627 778.45 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია და მოხდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება, კერძოდ, ფასნამატმა ნაცვლად 267.92% შეადგინა 151.39%, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისმა ნაცვლად 627 778.45 ლარისა შეადგინა 366 477.90 ლარი. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 36 647,79 ლარით, რაზეც შედგენილ იქნა №CB1661756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2024 წლის №24043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება დანაკლისს და დადგენილ ფასნამატს. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ფასნამატი დააფიქსირდა 151,39% რაც არარეალურია, რადგან ---ში მეორად საბურავებზე ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 43%. მეორად საბურავების შემთხვევაში, არ შეიძლება დადგინდეს ყველა საბურავზე ერთი და იგივე ფასნამატი, ასევე ბევრია ისეთი საბურავები რომლებიც ძალზე დაბალი ფასნამატით იყიდება და ხშირ შემთხვევაში ხდება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა. საბაჟო დეკლარაციებში თვითღირებულება მერყეობს 20 ლარის ფარგლებში, რაც შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა. სწორად გათვლის შემთხვევაშიც კი ფასნამატი საშუალოდ იქნებოდა 71%. ბუღალტერი გარდაიცვალა და 2023 წლის ბოლოს არსებული ნაშთი 2023 წლის დეკლარაციაში არის შეცდომით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური ნაშთისა და ფასნამატის დადგენით, საგრძნობლად შემცირდება გამოვლენილი დანაკლისი და შესაბამისად ჯარიმა. ამბობს, რომ არ ჩაბარებია შესაბამისი დანართები, თუ რის საფუძველზე მოხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა დანაკლისის განსაზღვრა და ფულადი ჯარიმის დარიცხვა. ითხოვს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლას, თვითღირებულების დადგენას საბაჟო დეკლარაციების მიხედვით და რეალური ნაშთის დადგენას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2024 წლის №CB1661756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24043 ბრძანებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დასკვნა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, მათ შორის გავრცელებული ფასნამატის ოდენობა, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24043 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეორადი საბურავების იმპორტი, რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 627 778.45 ლარი. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 36 647,79 ლარით, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2024 წლის №24043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, ბ.