გადაწყვეტილება №17398/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17398/2/2022
25.11.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------------“-ის 3.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17398/2/2022).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის შემცირება;
4. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2018 წლის №094-241 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 20.12 2018 წლის №094-247 საგადასახადო მოთხოვნა;
3. „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2018 წლის №37048 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 26.11.2020 წლის №34914 ბრძანება;
5. შემოსავლების სამსახურის 26.11.2020 წლის №34915 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 564 950 ლარი (18.12.2018 წლის №094-241 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის: გადასახადი - 691 739
დღგ - 122 657
მოგების გადასახადი - 245 763
საშემოსავლო გადასახადი -321 983
ქონების გადასახადი - 1 336
ჯარიმა - 365 257
საურავი - 507 954
დარიცხული თანხა: 4 791 076 ლარი (20.12 2018 წლის №094-247 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის: გადასახადი - 2 407 228
დღგ - 592 526
მოგების გადასახადი - 1 458 873
საშემოსავლო გადასახადი -355 829
ჯარიმა - 1 239 904
საურავი - 1 143 944
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება: - 2014 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2017 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2017 წლის №33084 ბრძანება და №094-339 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 16.02.3018 წლის №3431 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2018 წლის №3431 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 728 677 ლარის ოდენობით, რაზეც შედგა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2018 წლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 18.12.2018 წლის №36657 ბრძანება და №094-241 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.12.2019 წლის №43264 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 15.07.2020 წლის გადაწყვეტილებით (10544/2/2020) საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
დავების განხილვის საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 26.11.2020 წლის №34914 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა;
- 1.01.2015 წლიდან 1.01.2017 წლამდე პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2018 წლის №37048 ბრძანება და №094-247 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2019 წლის №43265 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 15.07.2020 წლის გადაწყვეტილებით (10543/2/2020) საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახლა განიხილა საჩივარი და 26.11.2020 წლის №34915 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 2022 წლის 3 აგვისტოს დარეგისტრირდა (რეგ.:№140782/01) გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის იოსებ ნანობაშვილის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, გასაჩივრებულ დოკუმენტებად დაფიქსირებულია და საჩივარს თან ერთვის აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2018 წლის №094-241 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2018 წლის №37048 ბრძანება და №094-247 საგადასახადო მოთხოვნა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა.
ვინაიდან, წარმოდგენილი საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი, საჩივარში მითითებულ ტელეფონზე შედგა კომუნიკაცია წარმომადგენელთან (მინდობილ პირთან) და მოწვეული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, თუმცა მომჩივანი შეთანხმებულ დღეს არ გამოცხადდა და არც დაკავშირება არ უცდია. ამდენად, საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მომჩივანს ეთხოვა მოთხოვნის არსის დაზუსტება, კერძოდ მითითება შემოსავლების სამსახურის რომელი გადაწყვეტილებები (ბრძანებები) საჩივრდებოდა, არგუმენტების წარმოდგენა, ასევე გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე გამოცემული შემოწმების აქტების და გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების (ბრძანებების) წარმოდგენა, რაზეც ეცნობა 5.08.2022 წლის №03/72891 წერილით.
ხსენებულ წერილის გაცნობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა, ხოლო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რომელიც წარმოადგენს წარმომადგენლის ნომერს, დაკავშირება შეუძლებელი გახდა (აღსანიშნავია, რომ იგივე ნომერია მითითებული გადასახადის გადამხდელის გვერდზეც და სხვა ნომერი არ არის დაფიქსირებული). 2022 წლის 11 ოქტომბერს შედგა კომუნიკაცია საჩივარში დაფიქსირებულ ტელეფონზე და მინდობილმა პირმა აღნიშნა, რომ იყო საზღვარგარეთ (------------), ეხლა ჩამოვიდა და რომ უახლოეს დროში გამოასწორებდა ხარვეზს, ამასთან ითხოვა ხარვეზის წერილის ხელზე ჩაბარება, რაზეც თანხმობა მიიღო მაგრამ, დათქმულ დღეს კვლავ არ გამოცხადდა. მომჩივნის წარმომადგენელი გამოცხადდა 9.11.2022 წელს და ხელზე ჩაიბარა ხარვეზის წერილი.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2022 წლის 17 ნოემბერს, წარმოდგენილი იქნა განცხადება (რეგ.: №--------/01), რომელზეც თანდართულია იგივე დოკუმენტები, რაც მანამდე იყო წარმოდგენილი საჩივართან ერთად, დამატებით წარმოადგენს 7.12.2018 წლის შემოწმების აქტს, მაგრამ არ წარმოადგენს და არ აზუსტებს შემოსავლების სამსახურის რომელ ბრძანებებს (გადაწყვეტილებებს) ასაჩივრებს, რაზეც სატელეფონო კომუნიკაციისას და შემდგომ ხარვეზის წერილის ხელზე ჩაბარებისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს მიეწოდა ზეპირი ინფორმაცია.
დავების განხილვის
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში გასაჩივრებულ დოკუმენტებად მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2018 წლის №094-241 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, 20.12.2018 წლის №37048 ბრძანებას და №094-247 საგადასახადო მოთხოვნას, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მიეცათ საშუალება რათა წარმომადგენელს მიეღო მონაწილეობა შემოწმებაში, რაც გულისხმობს საბუღალტრო დოკუმენტაციის წარდგენას, რთა მოეხდინა კომპანიის ინტერესების დაცვა, რითაც მოესპო კანონიერი უფლება.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2018 წლის №094-241 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, 20.12.2018 წლის №094-247 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულია.
შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 26.11.2020 წლის №34914 და №34915 ბრძანებებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 24.11.2022 წლის №117601-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 26.11.2020 წლის №34914 და №34915 ბრძანებები გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2-ჯერ წერილობითი ფორმით (26.11.2020 წელს და 3.02.2021 წელს) მისამართზე: -------------- (რაც წარმოადგენს იურიდიულ მისამართს) მაგრამ, მისი ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა (მისამართი არასწორია, გამოკითხვით ადრესატი არ მოიძებნა). ამასთან, გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გაცნობია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 26.11.2020 წლის №34914 და №34915 ბრძანებების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) 2021 წლის 22 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის 26.11.2020 წლის №34914 და №34915 ბრძანებები საჯაროდ გავრცელდა 22.02.2021 წელს, ჩაბარებულად ითვლება 14.03.2021 წელს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 5.04.2021 წელი (მე-20 დღე 3 აპრილი არის შაბათი), საჩივარი წარმოდგენილია 3.08.2022 წელს, სადავო ბრძანებების გასაჩივრების 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი, მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციისას და ხარვეზის წერილის ჩაბარებისას მიეწოდა ინფორმაცია სადავო საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრების საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის ბრძანებების (გადაწყვეტილებების) გადამხდელის გვერდზე განთავსების და მათი გასაჩივრების ვადის გაშვების შესახებ, ხარვეზის გამოსწორების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებაში არ აფიქსირებს და შესაბამისად, არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს სადავო საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების (ბრძანებების) გასაჩივრების ვადის დარღვევის, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, გამოწვევასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურის 26.11.2020 წლის №34914 და №34915 ბრძანებების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებას/დოკუმენტს, გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.