ბრძანება N 8999
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8999
26.04.2023
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 13 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 13 მარტის №79637/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №261-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ დასკვნაში მითითებული პოზიცია გადამხდელის მხრიდან მტკიცებულებების წარუდგენლობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ელექტრონული ფოსტის საშუალებით, თუმცა გადაანგარიშების პროცესში შემმოწმებლის ცვლილების და არასაკმარისი კომუნიკაციის გამო, არ მოხდა წარდგენილი მტკიცებულებების გაცნობა და გათვალისწინება. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. არ ეთანხმება არაეკონომიკური ხარჯის მოტივით შემოწმების მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას და მოგების გადასახადის დარიცხვას.
3. არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16260 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 26 და 27 იანვრის საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16260 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 9 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 თებერვლის №261-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას;
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, შესწავლილ იქნა სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და ვინაიდან გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო აღნიშნული მეთოდური მითითება გამოსაყენებლად სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება საკასო შემოსავალი ან/და ხარჯი, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2022 წლის 27 ივნისის №16260 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, მიუხედავად გადაანგარიშების პროცესში შემმოწმებლის ცვლილებისა, გადამხდელთან რამდენჯერმე, მათ შორის, ბრძანებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომაც მოხდა დაკავშირება სატელეფონო კომუნიკაციის გზით, თუმცა გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან მტკიცებულებები არ წარმოდგენილა.
ამასთან, არც საგადასახადო დავის ეტაპზე იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ან/და მათი წარდგენის დამადასტურებელი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. არ ეთანხმება არაეკონომიკური ხარჯის მოტივით შემოწმების მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას და მოგების გადასახადის დარიცხვას.
3. არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16260 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 9 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 თებერვლის №261-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 21.