გადაწყვეტილება №22219/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.04.2024
№ დოკუმენტი 22219/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22219/2/2024

16 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22219/2/2024).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის გამო დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №CB1564712 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №874 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა - 24 058.71 ლარი.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 24 058.71 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა ბიჟუტერიის იმპორტი და რეალიზაცია (საბითუმო, საცალო). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №CB1564712 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 24 058.71 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2024 წლის №874 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი 1

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1.საწყისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის ცვლილება ოქმის მიხედვით.

შეცვლილია კომპანიის მერ ინვენტარიზაციის დაწყებისას საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთები (პირვანდელი ღირებულებით) ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისად, რაც სრულიად გაუგებარი და აუხსნელია. კომპანიის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემების საფუძველზე გადაცემულია სმფ-ების ნაშთები, პირვანდელი ღირებულებით 282 922 ლარი, ხოლო საგადასახადო ორგანომ დააფიქსირა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთები, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანდელი ღირებულებით) 317 111,28 ლარის ოდენობით. ეს ციფრი არ შეესაბამება კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას და რეალურ მდგომარეობას. ითხოვს, ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას საგადასახადო ორგანო დაეყრდნოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით დაფიქსირებულ და კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემულ ნაშთებს, პირვანდელი ღირებულებით.

2.ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას გამოყენებული ფასნამატის სიდიდე.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი: პირვანდელი ღირებულებით - 40299,34 ლარი, საბაზრო ღირებულებით - 240587,04 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულია 597%-იანი ფასნამატი დღგ-ის ჩათვლით (240587,04 : 40299,34). ხოლო დღგ-ის გარეშე - ფასნამატი შეადგენს 506%-ს. (203887,32 : 40299,34). საბაზრო ფასის განსაზღვრისას 597%-იანი ფასნამატის გამოყენება მთელი დანაკლისის მიმართ იძლევა რეალობას მოწყვეტილ და სრულიად არა ადეკვატურ სურათს. ოქმის მიხედვით, გამოდის, რომ კომპანია ნივთს ყიდის 6 ჯერ მეტ ფასად. თანაც სრული ასორტიმენტით!!! ანუ ყველაფერს! რაც სრულიად არა რეალურია! ამ სიდიდის ფასნამატის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რადგან: ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, პირვანდელი ღირებულებით არსებულ ნაშთში ძირითადი ხვედრითი წილი უკავია 2018 და 2019 წლის იმპორტირებულ საქონელს. ინვენტარიზაციის დროს აღწერილ მასალებში თვალნათლივ ჩანს საწარმოს მიერ 2018, 2019, 2020, 2022 წლებში შეძენილი საქონლის თვითღირებულებები, სარეალიზაციო ფასები, შესაბამისი ფასნამატი (დანართები წარმოადგინა წლების მიხედვით ექსელის ფორმატით (ხუთ ფაილად)). პრინციპულად არასწორია საგადასახადო ორგანოს მიდგომა, რამოდენიმე საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე დაფიქსირებული ფასნამატით მოხდეს მთელი დანაკლისის მიმართ ფასნამატის გავრცელება. კერძოდ, იმ საქონლის ფასნამატი, რომელიც შესყიდულია ადგილობრივ ბაზარზე და საქონლისა, რომელიც შემოტანილია საზღვარგარეთიდან რადიკალურად განსხვავდება. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ფასნამატი არ აღემატება 12- 17%-ს. ეს ნათლად ჩანს წარდგენილი ცხრილებიდან. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისათვის უნდა შეიქმნას ცალკე ჯგუფი, იმდენად განსხვავებული თვითღირებულება აქვს ამ სახის საქონელს. კომპანია სხვადასხვა საქონლის ჯგუფების მიმართ სხვადასხვა ფასნამატს იყენებს, რაც ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ყალიბდება და საზოგადოების სურვილზე ნაკლებადაა დამოკიდებული. შესაბამისად, უნდა შეიქმნას საქონლის ჯგუფები, ერთგვაროვანი ფასნამატის და ასორტიმენტის გათვალისწინებით, რაზეც დიდ გავლენას ახდენს საქონლის შეძენის პერიოდიც, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ განსხვავებული ასორტიმენტის და შესაბამისად განსხვავებული თვითღირებულების საქონლის სარეალიზაციო ფასად აღებულია საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე დაფიქსირებული ფასი, რომელიც დაფიქსირდა - ერთი კონკრეტული პროდუქციის ფასის მიხედვით! საკონტროლო შესყიდვის მასალებში ბუნდოვანია გაყიდული საქონლის სახეობა. შესაბამისად, ამ ფასის გავრცელება საქონლის სრული ასორტიმენტის მიმართ არასწორია. ფასი, რომელიც აიღო საგადასახადო ორგანომ 3 საკონტროლო შესყიდვის მასალებიდან ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სრულიად გაუგებარია რა საქონელი შეიძინა პასუხისმგებელმა პირმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას, რადგან შესყიდვის აქტში მითითებული დასახელების უამრავი ასორტიმენტის, რადიკალურად განსხვავებული თვითღირებულების საქონელი აქვს საზოგადოებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი, გაანგარიშებულია ხისტად, საქმისათვის არსებითი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, ფასდაკლებების საკითხის გათვალისწინების გარეშე. საგადასახადო ორგანომ ფასნამატი გამოიყვანა საქონელზე რეგულარი ფასის (რაც საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირდა და გახდა ფასნამატის გაანგარიშების და საბოლოოდ დარიცხვის საფუძველი) შედარებით ამ საქონლის თვითღირებულებასთან. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ფაქტობრივი გარემოების უხეში უგულვებელყოფაა. კომპანია ყიდის საქონელს 30-40-50 %-იანი ფასდაკლებებით და შეიძლება გაყიდოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც, რადგან, როდესაც საქონელი აღარ არის აქტუალური, გადის მოდიდან - არის მოძველებული მოდელი და ასეთი საქონელი საკმაოდ ბევრია, საზოგადოების ინტერესია არ დარჩეს როგორც არალიკვიდური აქტივი. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყვანილი ფასნამატი ფაქტობრივ მდგომარეობას არ შეესაბამება და სრულიად აცდენილია რეალობას. რადგან, საქონლის ხარისხიდან, საქონელზე მოთხოვნის არსებობიდან, საქონლის სეზონურობიდან გამომდინარე, პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს:

1. მაღალი ფასნამატით, ახალი მიღებული საქონელი იყიდება შედარებით მაღალი ფასნამატით, რაც დაფიქსირებულია კიდეც საკონტროლო შესყიდვის მასალებში;

2.მინიმალური ფასნამატით;

3.თვითღირებულებით;

4.თვითღირებულებაზე დაბალი ფასით, (იხ. დანართი).

საქონელი, მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე - იყიდება იმ ფასად რა ფასადაც შეიძლება მისი რეალიზაცია. მოდიდან გასული საქონლისათვის, ეს ხშირ შემთხვევაში, არის თვითღირებულებაზე დაბალი ფასი. საქმისათვის არსებითი ხასიათის ეს გარემოება ოქმის გამოცემისას არ შესწავლილა და, ბუნებრივია, ვერც იქნებოდა მისი გავლენა გათვალისწინებული ფასნამატის სიდიდის გამოყვანისას. საშუალო ფასნამატი არ აღემატება 45-48%-ს, (იხ. დანართი).

საკითხის ყოველმხრივ შესწავლის პირობებში, დადგენილი ეს ორი სიდიდე - კომპანიის მიერ დეკლარირებული ფასნამატი და საგადასახდო ორგანოს მიერ გაანგარიშებული ფასნამატი ერთმანეთს დაემთხვევა, რაც გამორიცხავს კომპანიის მიმართ გაუმართლებლად მაღალი ფასნამატის გამოყენების საჭიროებას. კომპანიას აქვს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონელი. ანუ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, რომელიც არ აღემატება 21%-ს (იხ. დანართი). დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი რადიკალურად განსხვავდება ოქმით განსაზღვრული ფასნამატისაგან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №CB1564712 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოიცა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 11.05.2023 წლის №44765-21-12 გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №21). ოქმი ისე იქნა გამოცემული, რომ არცერთ კითხვაზე, რაზეც საუბრობს გადასახადის გადამხდელი, პასუხი გაცემული არაა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი, შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №874 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №CB1564712 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

დადგენილია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 240 587.05 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა დანაკლისი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 24 058.71 ლარის ოდენობით. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემების საფუძველზე გადაცემულია სმფ-ების ნაშთები, პირვანდელი ღირებულებით 282 922 ლარი, ხოლო საგადასახადო ორგანომ დააფიქსირა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთები, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანდელი ღირებულებით) 317 111,28 ლარის ოდენობით. ეს ციფრი არ შეესაბამება კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას და რეალურ მდგომარეობას. კომპანიას აქვს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონელი, ანუ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, რომელიც არ აღემატება 21%-ს. დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი რადიკალურად განსხვავდება ოქმით განსაზღვრული ფასნამატისაგან.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სულ ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილ იქნა პროდუქციის 126 პოზიცია, რომელთაგან საკონტროლო შესყიდვა გახორციელდა პროდუქციის 10 სახეობაზე და გამოყვანილი საშუალო ფასნამატი გავრცელებულ იქნა სრულ პროდუქციაზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ საკოტროლო შესყიდვა განხორციელდა 10 სახეობის პროდუქციაზე, რომელთაგან 7 სახეობის პროდუქცია ძირითადად შეძენილია 2018 და 2019 წლებში და ასევე 2022 წლის დეკემბერში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მოიკვლიოს იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს ხსენებული ფასნამატით და განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №874 ბრძანება;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, მოიკვლიოს იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი და აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს ხსენებული ფასნამატით;

4. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, მოახდინოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის გამო დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №CB1564712 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 24 058.71 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2024 წლის №874 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (11); 286 (9).