გადაწყვეტილება №18910/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 18910/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18910/2/2023

10.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ს 17.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18910/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33786 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №225-15 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2633 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 163 647 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 78 567

დღგ - 25 836

საშემოსავლო გადასახადი - 52 731

ჯარიმა - 41 759

საურავი - 43 321

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის № 33786 ბრძანება და 30.12.2022 წლის №225-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 09.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2633 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, დარჩა განუხილველი, რაც გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილებით, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებით, ასევე 301-ე მუხლის „ე" ქვეპუნქტით და აღნიშნავს, რომ მომჩივანი 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №22786 ბრძანებას და 30.12.2022 წლის №225-15 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 9.01.2023 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი 30.12.2022 წლის №225-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 9.02.2023 წელს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს მიეცეს გასაჩივრების საშუალება და მოხდეს საჩივრის განხილვა, ვინაიდან, განსაზღვრული გასაჩივრების ვადის ერთდღიანი დარღვევა გამოწვეულია დირექტორის საზღვარგარეთ ყოფნით, რის გამოც ვერ მოხერხდა საჩივრის დროულად ატვირთვა. ამასთან, მომჩივანს გასაჩივრებისთვის დადგენილი 30 კალენდარული დღის ნაცვლად, ეგონა სამუშაო დღე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის აქტი, 29.12.2022 წლის №33786 ბრძანება და 30.12.2022 წლის №225-15 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანს გაეგზავნა 30.12.2022 წელს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც გაეცნო 9.01.2023 წელს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 8.02.2023 წელი (ოთხშაბათი). საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 9.02.2023 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივნის მის მიერ მითითებულ არგუმენტებს საბჭო ვერ მიიჩნევს სადავო აქტების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის აღდგენის საფუძვლად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2633 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.