ბრძანება N 50
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 50
08 იანვარი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ----- (პ/ნ -----) (მის: -----)
2025 წლის 13 დეკემბრის
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N 106) განიხილა ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) 2025 წლის 13 დეკემბრის N 99354/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის N 005-218 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დიდი ხანია ცხოვრობს -----, არის ----- მოქალაქე. საქართველოში გააჩნია უძრავი ქონება, რომელსაც აქირავებს. კუთვნილ გადასახადებს იხდის პატიოსნად, როგორც საქართველოში, ასევე -----. ----- საგადასახადო ორგანოებში ყოველწლიურად აბარებს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, სადაც უთითებს საქართველოში მიღებულ შემოსავალს და გადასახადებს. საქართველოში გადახდილი გადასახადები ----- ნაწილობრივ ეთვლება და მათ გადასამოწმებლად პერიოდულად სთხოვენ დამადასტურებელ საბუთებს. ვინაიდან, საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას ყოველ წელს აბარებდა არ იცოდა, რომ ახალი რეგულაციებით ქირის საშემოსავლო გადასახადს იხდის დამქირავებელი და აღარ ჰქონდა ვალდებულება დეკლარაციის წარდგენის. შესაბამისად აღმოჩნდა, რომ დეკლარაცია შეავსო არასწორად, რის შედეგად გაუჩნდა ზედმეტობა. ამის თაობაზე არც იცოდა, აღნიშნული გამოწვეულია შეცდომით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის N 22902 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 და 2024 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N 43) შემცირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 21 ნოემბრის N 25649 ბრძანება და ამავე თარიღის N 005-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 640 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 977 ლარი, ჯარიმა 12 488 ლარი, საურავი 175 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა ფ/პ ----- 2023 და 2024 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N 43) შემცირების სისწორე და გამოვლინდა, რომ ფ/პ ----- გაცემული აქვს კომერციული ფართები იჯარით იურიდიულ პირებზე (----- ), კერძოდ:
1. კომერციული ფართი, მდებარე -----;
2. კომერციული ფართი, მდებარე -----;
ამასთან, პირი წარმოადგენს შპს "-----"-ს (ს/ნ -----) თანადამფუძნებელს და იღებს შემოსავალს დივიდენდების სახით. მიღებული შემოსავლები დაბეგრილია წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით და გადახდილია შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი. 2023 და 2024 წლების შესამოწმებელ პერიოდებში ფ/პ ----- (ს/ნ ----- ) წარდგენილი აქვს ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ტექნიკური ხარვეზით, რადგან გამორჩენილი აქვს 43-ე გრაფის შევსება, რამაც გამოიწვია მოთხოვნა ბიუჯეტის მიმართ 24 977 ლარის ოდენობით, ნაცვლად 0 ლარისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც არ იცოდა, რომ არ ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. დეკლარაცია შეავსო არასწორად, რის შედეგად გაუჩნდა ზედმეტობა. ამასთან, შემოწმების აქტში მითითებულ ინფორმაციის თანახმად, მიღებული შემოსავლები დაბეგრილია წყაროსთან და გადახდილია შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი. 2023 და 2024 წლების შესამოწმებელ პერიოდებში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ტექნიკური ხარვეზით, რადგან გამორჩენილი აქვს 43-ე გრაფის შევსება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ფ/პ ----- (ს/ნ ----- ), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის N 005-218 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ფ/პ ----- (ს/ნ ----- ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის N 005- 218 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან; 3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ შემცირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახდელი თანხა, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 269 (7); 275;.