ბრძანება N 19643

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19643
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19643

09 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 27 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №82633/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №070-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს მიერ აღებული გრძელვადიანი სესხით შეძენილი ქონება შეცდომით/არცოდნით დარეგისტრირდა დამფუძნებლის/დირექტორის სახელზე, ხოლო შემდგომ (შეცდომის გამოსწორების მიზნით) თანხის დირექტორზე გაცემა დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა შესაბამისად, ხოლო რაც შეეხება სესხით შეძენილ ქონებას, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმდა საწარმოზე. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №5264 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 15 თებერვლიდან 2023 წლის 15 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 28 ივნისის №15145 ბრძანება და ამავე თარიღის №070-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 44 336 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 966 ლარი, ჯარიმა 14 696 ლარი, საურავი 4 674 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

შპს "-------" (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 15 თებერვალს, საწარმო ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანიას აქვს აგრო მაღაზია -------, საიდანაც ახორციელებს საბითუმო და საცალო ვაჭრობას სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სანტექნიკური მოწყობილობებითა და რკინა-კავეულით. საწარმოს 2021 წლის მარტში აღებული აქვს გრძელვადიანი სესხი (სს საქართველოს ბანკი) მიწისა და მასზე არსებული შენობანაგებობის შეძენის მიზნით. აღნიშნული სესხის თანხა საწარმოდან გატანილი აქვს ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს -------, რის შემდეგაც მიწა და მასზე დამაგრებული შენობა შეიძინა დამფუძნებელ ------- ერთად (ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მესაკუთრეები -------, -------). 2022 წლის სექტემბერში ------- და ------- მიწა და მასზე არსებული შენობა შეიძინა შპს "-------“ (ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში). კომპანიის ბუღალტრის ახსნა-განმარტებით, საწარმოს დირექტორმა თავდაპირველად შეცდომით/არ ცოდნით აღნიშნული ფართები გაიფორმა თავის სახელზე, ხოლო შემდეგ აღნიშნულის გამოსწორების მიზნით გადმოაფორმა შპს ,,-------“.

გადამხდელის ახსნა-განმარტებით, ბანკიდან აღებული სესხის თანხის დირექტორზე გაცემა დააკვალიფიცირა უპროცენტო სესხად და დაბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიწისა და შენობის საწარმოზე გადაფორმებისას მოახდინა მოგების გადასახადის თანხის სრულად ჩათვლა. შემოწმებამ შეისწავლა ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ქონების ღირებულება, რის შედეგადაც საწარმოდან გატანილი თანხასა და ქონების ღირებულებას (ექვივალენტი ლარში) შორის აღმოჩნდა სხვაობა. კერძოდ, გადამხდელის მიერ სესხად დაკვალიფიცირებული თანხა აღემატება ქონების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეკლარირებული მოგების ჩასათვლელი თანხა დაექვემდებარა დაკორექტირებას, ამასთან მოხდა დარჩენილი მოგების გადასახადის შემდეგ პერიოდებში ჩათვლა (საწარმოში დირექტორის შენატანების გათვალისწინებით). შედეგად, ჯამში მოგების გადასახადი დარჩა უცვლელი. ხოლო, უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე გაანგარიშებულ სარგებელზე პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს “-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს მიერ აღებული გრძელვადიანი სესხით შეძენილი ქონება შეცდომით/არცოდნით დარეგისტრირდა დამფუძნებლის/დირექტორის სახელზე, ხოლო შემდგომ (შეცდომის გამოსწორების მიზნით) თანხის დირექტორზე გაცემა დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა შესაბამისად, ხოლო რაც შეეხება სესხით შეძენილ ქონებას, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმდა საწარმოზე. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს ჯარიმის მოხსნას.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 101; 275;