ბრძანება N 23042

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 23042
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23042

20 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ს “ (ს/ნ "------" )

(მის.:"------")

2023 წლის 18 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „------ - -ს “ (ს/ნ "------" ) 2023 წლის 18 ივლისის №82402/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. განმარტავს, რომ კომპანიასა და სსიპ "------"-ს შორის დაიდო ორი ხელშკრულება, ერთ-ერთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხა აჭარბებდა 100 000 ლარს, თანხა უნდა ჩაერიცხათ პერიოდულად. პირველი ჩარიცხვა უნდა ყოფილიყო 122 596.42 ლარი, რის გამოც რამდენიმე დღით ადრე მოითხოვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისთანავე აცნობა დამკვეთს, რომელთაც ავანსის სახით ჩარიცხეს 122 596.42 ლარი, შემდეგ 17 875 ლარი, 2 707.20 ლარი და 29 480 ლარი. მიუთითებს, რომ თვის ბოლოს შეაჯამა შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაითვალისწინა 100 000 ლარიანი ზღვარი და სხვაობა დაბეგრა დღგ-ით. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10404 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- - ს “ (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 16 ივნისის №13710 ბრძანება და ამავე თარიღის №002- 114 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 24 563 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 253 ლარი, ჯარიმა 7 727 ლარი, საურავი 1 583 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტირებულია 2022 წლის 7 ოქტომბერს ნებაყოფლობითი წესით. 2022 წლის ოქტომბრის თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სსიპ "------"-ს მიაწოდა საქონელი და მომსახურება, რაზედაც თავის მხრივ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები:

1. ა/ფ სერია ეა-, №"------", ზედნადების №"------", საერთო თანხით 56 547,20 ლარი (მ.შ. დღგ 8 625,87 ლარი);

2. ა/ფ სერია ეა-, №"------", ზედნადების №"------". საერთო თანხით 140 461,52 ლარი (მ.შ. დღგ 21 426,33 ლარი).

აღნიშნული მიწოდებები განხორციელდა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ 2022 წლის 25 ოქტომბერს (გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით). ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შესაბამისი თანხის მიღება განხორციელდა 2022 წლის 27 ოქტომბერს ოთხი ტრანზაქციით 122 586,52 ლარი, 17 875 ლარი, 27 067,20 ლარი და 29 480 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 82 210,78 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საწარმო განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების დროს წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელ პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად. შედეგად, საწარმოს განხორციელებული ოპერაციებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რომელთა დაბეგვრის დროს წარმოადგენს 2022 წლის ოქტომბრის თვე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის ოქტომბრის თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სსიპ "------"-ს მიაწოდა საქონელი და მომსახურება. შემოწმებით დადგენილია, რომ აღნიშნული მიწოდებები განხორციელდა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს, დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და 2022 წლის ოქტომბის თვეში დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული თანხების 2022 წლის ოქტომბრის თვეში დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტირებულია 2022 წლის 7 ოქტომბერს ნებაყოფლობითი წესით. 2022 წლის ოქტომბრის თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სსიპ -ს მიაწოდა საქონელი და მომსახურება, რაზედაც თავის მხრივ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები.მიწოდებები განხორციელდა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ 2022 წლის 25 ოქტომბერს (გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით). საწარმოს განხორციელებული ოპერაციებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რომელთა დაბეგვრის დროს წარმოადგენს 2022 წლის ოქტომბრის თვე.საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული თანხების 2022 წლის ოქტომბრის თვეში დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

158,159,163,164,165,168,275,291.