ბრძანება N 1553
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1553
31 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------)
(მის.: -----------------------------------)
2024 წლის 15 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) 2024 წლის 15 იანვრის №86765/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №001-294 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ გაცემულია სესხი და არა ხელფასი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საწყისი კაპიტალის ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა ხანდაზმული პერიოდის ანალიზით სადაც შეუძლებელია რეალური ინფორმაციის მიღება და ეფუძნება მხოლოდ ელექტრონულად არსებულს ინფორმაციას. ამასთან, შინაარსიდან გამომდინარე ეს ოპერაცია არის ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი.
3. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ერთად მთლიანი თანხის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიცირებისას, გათვალისწინებული არაა 2008 წლიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი და ამ მოგების გადასახადის პროპორციული ნაწილის განხილვა დივიდენდად.
გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა სადავო საკითხებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები) სადაც ნათლად ჩანს კაპიტალის მოძრაობა და გაანგარიშების შედეგად კაპიტალის ნაშთის რეალური ნაშთის დადგენისათვის არსებობს ყველა საჭირო მტკიცებულება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 სექტემბრის №22002 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 სექტემბრის №22002 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 დეკემბრის №001-294 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებამდელ პერიოდზე წარმოადგინა ---ი ბანკისა და------ს ბანკის საბანკო ამონაწერები, სადაც გარკვეული შენატანების (გასაჩივრებული თანხის არასრულ რაოდენობაზე) დანიშნულებად განსაზღვრულია „დამფუძნებლის შენატანი“. თუმცა, რამდენადაც გადასახადის გადამხდელი ფლობს/ფლობდა ასევე სხვა საბანკო ანგარიშებს სხვადასხვა ბანკებში, ასევე მას კაპიტალის შემცირება შეეძლო სალაროდან ნაღდი ფულის გატანის გზით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ არ იქნა მიჩნეულ საკმარის მტკიცებულებად. შედეგად, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით შპს „-----ის“ მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ შესაბამისი პერიოდის საბანკო ამონაწერი, სადაც ზოგიერთი თანხის შეტანის (გასაჩივრებული თანხის არასრული რაოდენობის) დანიშნულებად მითითებულია დამფუძნებლის შენატანი და დამფუძნებლის მიერ თანხის გატანა, მათ შორის სხვაობა შეადგენს 78 260 ლარს (საწესდებო კაპიტალის ნაშთი შეადგენს 133 085 ლარს). თუმცა ხსენებული საბანკო ანგარიშებიდან ასევე ფიქსირდება თანხების გატანა როგორც საქვეანგარიშოდ, ასევე, სხვა მიზნებით (სესხის გაცემა, დეპოზიტზე გადატანა და ა.შ.) აღნიშნული თანხები აღემატება ზემოთაღნიშნულ დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანა/გატანას შორის სხვაობას - 78 260 ლარს, გადასახადის გადამხდელი ასევე ფლობს/ფლობდა სხვა საბანკო ანგარიშებს სხვადასხვა ბანკებში, ამასთან მას კაპიტალის შემცირება შეეძლო სალაროდან ნაღდი ფულის გატანის გზით. გადასახადის გადამხდელს შემოწმებამდელ პერიოდზე არ აქვს საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოები იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს პირის ანგარიშებზე შეტანილი და გატანილი თანხების მიზნობრიობის დადგენა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის და სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.განმარტავს, რომ ერთად მთლიანი თანხის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიცირებისას, გათვალისწინებული არაა 2008 წლიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი და ამ მოგების გადასახადის პროპორციული ნაწილის განხილვა დივიდენდად.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №22002 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის №22002 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №001-294 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101(1); 154(1 „ა“,);