დღგ-ის ჩათვლა ძირითადი საშუალებების მიხედვით N 1187
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის ჩათვლა ძირითადი საშუალებების მიხედვით N 1187
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოში რეგისტრირებულმა საწარმომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შეიძინა უძრავი ქონება, შემდგომი რეალიზაციის მიზნით და ბალანსზე აიყვანა, როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. საწარმო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა უძრავი ქონების შეძენის ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდში და უძრავი ქონების შეძენის ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. საწარმომ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლო საქონლის რეალიზაცია და პარტნიორთა გადაწყვეტილებით აღნიშნული უძრავი ქონება გაუმჯობესდა (გარემონტდა) და ექსპლუატაციაში შევიდა, როგორც ძირითადი საშუალება, კერძოდ, გაიხსნა სასურსათო მაღაზია. აღნიშნული ძირითადი საშუალება გამოიყენება ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია. საწარმო სსკ-ის 174-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად ახორციელებს ძირითადი საშუალებების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშებას.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა VI კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელ თანხას წარმოადგენს დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას, ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობის ნაშთზე. "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შევლის მომენტისათვის არსებულ ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება.
· იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის უძრავი ქონება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად ჰქონდა აღრიცხული და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მის თავდაპირველ მიზანს არ წარმოადგენდა უძრავი ქონების ძირითად საშუალებად გამოყენება, ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და ოპერაციის ერთ საგადასახადო პერიოდში განხორიციელების ფაქტი, წარმოშობს დღგ-ის ჩათვლის საფუძველს. რადგან ძირითადი საშუალება გამოიყენება ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, ჩათვლა უნდა განხორციელდეს სსკ-ის 174-ე მუხლის მე-7-მე-9 ნაწილების გათვალისწინებით.
ღონისძიებები
· მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, პირის ქმედება არ განიხილება საგადასახადო სამართალდარღვევად და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
ძირითადი საშუალებების მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სახით ხარჯების გამოქვითვის დაწყება მომდევნო საგადასახადო წლიდან, თანმდევი/სასურველი (თუმცა არა სავალდებულო) გარემოებაა ჩათვლის მისაღებად
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით