ბრძანება N 2843

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 2843
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2843

16.02.2023

შპს „------“ (ს/ნ ---------)

(მის.:--------- )

2022 წლის 8 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „-------- “ (ს/ნ ---------- ) №222734/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №081-210 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სრულყოფილად არ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯი.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის №13889 ბრძანებით შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „--------“ (ს/ნ -------- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის №13889 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 26 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 15 790 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 526 ლარი და ჯარიმა 5 264 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 9 ნოემბრის №081-210 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისთვის საბანკო-საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულებები. გადაანგარიშებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, პირის საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

 გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია "-------" მუნიციპალიტეტთან დადებული შეთანხმების აქტი და ბანკის საგადახდო დავალებები. დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ პირს უფრო ნაკლები თანხები აქვს მიღებული, ვიდრე ეს შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვაობით შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.

 გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამფუძნებელთა კრების ოქმი და ინვოისი თურქეთიდან ბეტონის დამამზადებელი ქარხნის შესყიდვაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პირისგან დამატებით მოთხოვნილი იქნა დოკუმენტაცია/მტკიცებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ხარჯის გაწევის ნამდვილობის დადასტურება, თუმცა შესაბამისი მასალა გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. გადაანგარიშებით, აღნიშნულ საკითხში პირის საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირება/შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით განახორციელა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოწმებისთვის ბეტონის დამამზადებელი ქარხნის შესყიდვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ხარჯის გაწევის ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების და არც დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.