გადაწყვეტილება №27143/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27143/2/2026
08 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 15.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27143/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის №024-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6408 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 18 453,32 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 12 049,17
ჯარიმა - 6 024,60
საურავი - 379,55
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რემონტი. კერძოდ, სახურავების რეაბილიტაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.02.2025 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.11.2025 წლიდან 1.12.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
შემოწმების შედეგები აისახა 12.02.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს სარეალიზაციო საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული ან/და მისაღები ანაზღაურების თანხა სრულად არ ჰქონდა ასახული დღგ-ის დეკლარაციაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 16.02.2026 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №3310 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №024-8 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.03.2026 წლის №6408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ორგანიზაციამ 2025 წლიდან დაიწყო საქმიანობა, ნელ-ნელა იკრებს ძალებს და ცდილობენ გაზარდონ საქმიანობის მოცულობა და ხარისხი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღმოჩენილი დარღვევა (საგადასახადო ანგარის-ფაქტურის არ ასახვა დღგ-ს დეკლარაციაში) არის ბუღალტრის დაუკვირვებლობით გამოწვეული და გადამოწმების გარეშე გადაგზავნილი დეკლარაციის შედეგი, არანაირი განზრახვა არ იყო დღგ-ს თანხის დამალვის (რაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო), გამოწერილი და გადაგზავნილი იყო ფაქტურა, მომჩივანი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, განმარტავს, რომ სამართალდარღვევა განაპირობა ბუღალტრის შეცდომამ. კომპანია ახალდაფუძნებულია და განვითარების საწყის ეტაპზეა. აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ გადასახადების დაუდეკლარირებლობა გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, კერძოდ ბუღალტრის მიზეზით, არ წარმოადგენს კომპანიისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. შესაბამისად, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.11.2025 წლიდან 1.12.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს სარეალიზაციო საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული ან/და მისაღები ანაზღაურების თანხა სრულად არ ჰქონდა ასახული დღგ-ის დეკლარაციაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №3310 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა №024-8 საგადასახადო მოთხოვნა.აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №6408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);