ბრძანება N 8108
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8108
17/03/2020
შპს -----
(მის: ქ. -------)
2020 წლის 6 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს №1036/21 საჩივარი და აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2019 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილი №32062/21 დაზუსტებული პოზიცია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №41211 და 2019 წლის 20 დეკემბრის №44824 ბრძანებების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 31 იანვარს და 2020 წლის 28 თებერვალს გამართულ სხდომებზე (№5 და №12 ოქმები).
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 31 ოქტომბრის №37949 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, შპს ----- ს მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19---/--- ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მის: ქ. ----- ). შემოწმდა, შესრულებული იყო თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ და მე-2 პუნქტით, 21-ემუხლის მე-2 პუნქტით, 27-ე მუხლით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ზ“, „ი“ („სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით), „კ“, „მ“და „ნ“ ქვეპუნქტებით, 32-ე მუხლის პირველი პუნქტით და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2019 წლის 4 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი №193, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ნებართვის მფლობელმა ვერ წარმოადგინა გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი. ასევე, ნებართვის მფლობელი სათამაშო აპარატების სალონში მართავდა თამაშობას: „-----”, რომელიც გათვალისწინებული არ იყო სათამასო აპარატების სალონის მოწყობის რეგლამენტით.
შპს ----- ს მიერ ორგანიზებული სათამაშო აპარატების სალონში 2019 წლის 24 აპრილის №12871 ბრძანების საფუძველზე 2019 წლის 24 აპრილს განხორციელებული სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნებართვის მფლობელმა ვერ წარმოადგინა გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი და 2019 წლის 8 მაისის №14470 ბრძანების მე-2 პუნქტით განესაზღვრა, ბრძანების ჩაბარებიდან, 15 კალენდარული დღის ვადა აღნიშნული სანებართვო პირობის შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც მის მიერ არ განხორციელებულა და რაზეც მეტყველებს 2019 წლის 4 ნოემბრის შემოწმების შედეგების აქტი.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელ თამაშობას, აღნიშნული სანებართვო პირობის პირველადი დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ემუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ზემოაღნიშნული, განმეორებით ჩადენილი დარღვევისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №44824 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2019 წლის 26 ნოემბრის N 41211 ბრძანებაში, კერძოდ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, შპს ----- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდეს 1000 (ათასი) ლარით, ხოლო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდეს 3000 (სამი ათასი) ლარით.“
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 26 ნოემბრის №41211 ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა 2019 წლის 3 დეკემბერს, ხოლო საქმეში არსებული მასალით დგინდება, რომ მომჩივანმა საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2020 წლის 3 იანვარს.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანამშრომლისთვის წარდგენილ იქნა გარე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტი, თუმცა შემმოწმებელმა არ მიიჩნია აქტი წარდგენილად, რადგან გაცემულია 2018 წლის 3 იანვარს, ხოლო ორგანიზატორის ნებართვის ლიცენზიის ნომრის გრაფაში მითითებულია №19-06/097, რომელიც წარმოადგენს შპს ----- ს ამავე მისამართზე მოწყობილი სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის წინა ნომერს, ამასთან აღნიშნავს, რომ გაუგებარია ერთი შემოწმების ფარგლებში 2 საჯარიმო სანქციის გამოყენება.
შპს ----- მიუთითებს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეთანხმებული და დადასტურებული აქვს გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი, კანონი არ განსაზღვრავს სპეციალურ ჩანაწერს, რომლის საფუძველზეც კომპანია ვალდებული იქნებოდა ყოველი ახალი ნებართვის აღების დროს თავიდან გაეკეთებინა მოთხოვნა ახალი აქტის აღების მიღებაზე. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ შეთანხმებული კამერების არც რაოდენობა და არც მახასიათებლები არ შეცვლილა და შემოწმების დროს დამონტაჟებული იყო იგივე ტექნიკა, რაც ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი №12021263592- ში არის მითითებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს მიაჩნია, რომ კომპანიის დაჯარიმების საფუძვლად შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის №41211 ბრძანებაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ კომპანიამ ვერ წარადგინა გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი.
შპს ----- წარმოდგენილი საჩივრით, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №41211 და 2019 წლის 20 დეკემბრის №44824 ბრძანებები გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის წარდგენის ნაწილში და ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საჯარიმო სანქციად განისაზღვროს 1 000 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომლის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის N611-N1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის მფლობელის შემოწმება ხორციელდება სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების გზით და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია, სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად,1. ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვებ ის მფლობელებ ის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისთვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 პრიმა მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ შპს ----- ს მიერ ორგანიზებული სათამაშო აპარატების სალონში 2019 წლის 24 აპრილის №12871 ბრძანების საფუძველზე 2019 წლის 24 აპრილს განხორციელებული სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნებართვის მფლობელმა ვერ წარმოადგინა გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი და 2019 წლის 8 მაისის №14470 ბრძანების მე-2 პუნქტით განესაზღვრა, ბრძანების ჩაბარებიდან, 15 კალენდარული დღის ვადა აღნიშნული სანებართვო პირობის შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, განხორციელდა შპს ----- სთვის დაკისრებული ჯარიმის გასამმაგება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი გაიცემა, ყოველ კონკრეტულ ნებართვაზე და ძალას კარგავს ახალი ნებართვის აღებისას, რასაც ადასტურებს, აქტის მე-9 გრაფა, რომელშიც მიეთითება, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ან სხვა ორგანიზაციის ნებართვის/ლიცენზიის ნომერი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ არსებობს მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №41211 და 2019 წლის 20 დეკემბრის №44824 ბრძანებების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე, მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1) შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2) გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64 ან ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება ერთი შემოწმების ფარგლებში 2 საჯარიმო სანქციის გამოყენებას.
არ ეთანხმება კომპანიის დაჯარიმებას და ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანებები გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის წარდგენის ნაწილში და ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საჯარიმო სანქციად განისაზღვროს
1 000 ლარი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ორგანიზებულ ობიექტში სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნებართვის მფლობელმა ვერ წარმოადგინა გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი. ასევე, ნებართვის მფლობელი სათამაშო აპარატების სალონში მართავდა თამაშობას, რომელიც გათვალისწინებული არ იყო სათამასო აპარატების სალონის მოწყობის რეგლამენტით.
გადამხდელს განესაზღვრა, ბრძანების ჩაბარებიდან, 15 კალენდარული დღის ვადა სანებართვო პირობის შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული სამართალდარღვევბისთვის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის და 3000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ არსებობს მომსახურების დეპარტამენტის ბრძანებების გაუქმების საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 276
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი