ბრძანება N 19896
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19896
11 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 28 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №82672/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №077-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ გადასახადის დარიცხვა მოხდა შეცდომით გამოწერილი, დაუდეკლარირებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამო. შეცდომით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ იქნა განცხადება შემოსავლების სამსახურში და ასევე საწარმოსთან, რომელსაც აღნიშნულზე რეაგირება არ მოუხდენია. ითხოვს არგუმენტების გათვალისწინებას და დარიცხული გადასახადის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10406 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის იანვრის, მარტის, ივნისის, აგვისტოს და 2022 წლის თებერვლისა და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 1 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 30 ივნისის №15500 ბრძანება და ამავე თარიღის №077-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 6 248 ლარი, მათ შორის გადასახადი 3 474 ლარი, ჯარიმა 2 167 ლარი და საურავი 607 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ პერიოდზე გამოუვლინდა სხვაობა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში, 34 191 ლარის ოდენობით. აქედან 2020 წლის საანგარიშგებო პერიოდებზე შემოწმებით განსაზღვრულ თვეებზე (იანვარი, მარტი, ივნისი და აგვისტო) შემოწმებით გამოვლენილი ბრუნვის სხვაობა შეადგენს 11 480 ლარს, ხოლო 2022 წლის ივნისის თვეში 21 186 ლარს. გადამხდელს 2022 წლის ივნისის თვეში მომსახურება გაწეული აქვს შპს „-------“- სათვის 25 000 ლარის ოდენობით და შპს „-------“-ზე 25 000 ლარის ოდენობით. ორივე კომპანიაზე გამოწერილია შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2020 და 2022 წლების შესამოწმებელი თვეების საანგარიშო პერიოდების დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში არასრულად აქვს ასახული დასაბეგრი ბრუნვა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, პირის მიერ საჩივარში მითითებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე დოკუმენტის მიმღებ მხარეს მიღებული აქვს ჩათვლა, შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტი გათვალისწინებულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ გადასახადის დარიცხვა მოხდა შეცდომით გამოწერილი, დაუდეკლარირებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამო. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ იქნა განცხადება შემოსავლების სამსახურში.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, პირის მიერ საჩივარში მითითებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე დოკუმენტის მიმღებ მხარეს მიღებული აქვს ჩათვლა, შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტი გათვალისწინებულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;