გადაწყვეტილება №19945/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.07.2023
№ დოკუმენტი 19945/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19945/2/2023

19 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-----" (ს/ნ "-----")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 12.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19945/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 7.07.2022 წლის №16203/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №047-15 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 86 925 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 48 358

დღგ - 20 383

საშემოსავლო გადასახადი - 27 975

ჯარიმა - 18 385

საურავი - 20 182

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16593 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39440 ბრძანება და №047-64 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 77 163 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 29 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 14 მარტის №6094 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.04.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 7.07.2022 წლის№16203/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნა, 11.05.2023 წლის №10614 ბრძანება და №047-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი შეამოწმოს არა მარტო სამართლებრივი საფუძვლებით, არამედ ფაქტების არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორი ანალიზის გაკეთების თვალსაზრისითაც და უზრუნველყოს იმ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება, რომ სამართალდარღვევა სახეზეა და მისი ჩამდენიც სწორედ ეს შესამოწმებელი ობიექტია.

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებითა და შედეგად მიღებული სამართლებრივი აქტით დაირღვა მომჩივნის კანონიერი უფლება და კანონიერი ინტერესი.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია მოსმენილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოზე, რომელთაგანაც საბჭომ არ გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და დაავალა ამავე დეპარტამენტს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტი დასკვნაში მიუთითებს, რომ „საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოხდა სადაო საკითხის დამატებით შესწავლა“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება გადამხდელის მონაწილეობით მოეხდინა საკითხის შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების აქტის მომზადების დროს უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ის ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ „გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა“, რადგანაც მომჩივნის მხრიდან ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ისედაც იყო წარდგენილი შემოწმების პროცესში. რადგან შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა გადამხდელის მოთხოვნა, მომჩივანი მოკლებული იყო დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მეწარმეს შეეზღუდა დავების განხილვის საბჭოს მიერ 2022 წლის 7 ივლისს მიღებული №16203/2/2022 გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლება, დაიცვას თავისი უფლებები მისივე მონაწილეობით საკითხის განხილვისას, რაც მისცემდა საშუალებას გაემყარებინა პოზიცია არგუმენტების წარდგენის გზით.

მომჩივანი ითხოვს მოხდეს დავების განხილვის საბჭოს მიერ 2022 წლის 7 ივლისს მიღებული №16203/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება, მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს ზემოაღნიშნული საკითხის განხილვა, მის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის ცვლილება, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნას მისი არგუმენტაციისა და წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის საფუძველზე და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.

ასევე, გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საბოლოო ნაშთის დადგენისას, ვინაიდან თუნდაც 2020 წლის საბოლოო ნაშთის დეკლარირებამ გამოიწვია წლის საშუალო ფასნამატის 3%-ით განსაზღვრა. გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული იყო სწორი საბოლოო ნაშთები, რომელიც პერიოდულად ინვენტარიზაციის შედეგად იყო განსაზღვრული. მომჩივანი ითხოვს მისი მონაწილეობით აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლას და შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას შემცირების გზით.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელებას გადასახადისა და სანქციების (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 7.07.2022 წლის №16203/2/2022 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოხდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ გამოვლენილა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მოეხდინა საკითხის დამატებით შესწავლა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე საკითხის შესწავლა არ მომხდარა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან, საბჭო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ უკვე იყო განხილული დავების განხილვის საბჭოს მიერ და საბჭოს 7.07.2022 წლის №16203/2/2022 გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1.საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელებას გადასახადისა და სანქციების სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც არ დაკმაყოფილდა,შემდეგ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 7.07.2022 წლის№16203/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,აუდიტის დეპარტამენტს დაევალა,გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნა, 11.05.2023 წლის №10614 ბრძანება და №047-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დავების განხილვის საბჭოს მიერ და საბჭოს 7.07.2022 წლის №16203/2/2022 გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7)