ბრძანება N 20304

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.09.2026
№ დოკუმენტი 20304
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20304

15 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 22 ივლისის და 13 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის და 10 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №69 და №82) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 22 ივლისის №103586/1/2026 და 13 აგვისტოს №141447/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 ივლისის №069-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელებულ შეფასებას, რომლის საფუძველზეც აპარტამენტების გაქირავებასთან დაკავშირებით კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხების სრული შესაბამისი ოდენობა მიჩნეულ იქნა კომპანიის მიერ განხორციელებულ დღგით დასაბეგრი ოპერაციების ბრუნვად. აღნიშნულ ნაწილში ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:

კომპანია არ წარმოადგენს აპარტამენტების მესაკუთრეს ან მოიჯარეს და მისთვის არ გადაცემულა ქონების საკუთარი ეკონომიკური ინტერესით დამოუკიდებლად გაქირავების უფლება. სადავო აპარტამენტები საკუთრების უფლებით ეკუთვნით შესაბამის ფიზიკურ პირებს. ასევე, ხელშეკრულებებში კონკრეტულად არის იდენტიფიცირებული შესაბამისი უძრავი ქონება და მისი მესაკუთრე.

ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების მიზანია დამკვეთის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავების ორგანიზება. ხელშეკრულებები პირდაპირ განსაზღვრავს კომპანიის მიერ მესაკუთრისთვის მომსახურების გაწევას. ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა ანაზღაურების სანაცვლოდ. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ფუნქციებში შედის შესაბამისი რეკლამის განთავსება ინტერნეტსივრცეში, ჯავშნების ადმინისტრირება და მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავების ორგანიზება.

ხელშეკრულება პირდაპირ განსაზღვრავს, რომ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული ქირის თანხა მიღებულია დამკვეთის სახელით. ასევე, სადავო ოპერაციების შეფასებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების 8.2 პუნქტს, რომლის თანახმად: ქირის თანხა ირიცხება შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე, როგორც დამკვეთის სახელით მიღებული თანხა. აღნიშნული პირობა პირდაპირ განსაზღვრავს მხარეთა შეთანხმებას კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ამავე ხელშეკრულების 9.1 პუნქტით დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული შემოსავლის დეკლარირებასა და შესაბამისი გადასახადების გადახდაზე, ხოლო 9.2 პუნქტით შემსრულებელი პასუხისმგებელია საკუთარ საკომისიო ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებებზე. შესაბამისად, ხელშეკრულებით ერთმანეთისგან გამიჯნულია მესაკუთრისთვის განკუთვნილი ეკონომიკური სარგებელი და კომპანიის მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული საკუთარი ანაზღაურება. მხოლოდ ის გარემოება, რომ სტუმრის მიერ გადახდილი თანხა ტექნიკურად ჩაირიცხა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, თავისთავად არ ნიშნავს, რომ თანხის სრული ოდენობა გახდა კომპანიის საკუთრება, მისი საბოლოო ეკონომიკური სარგებელი ან კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების სრული ანაზღაურება.

მესაკუთრისთვის წინასწარ განსაზღვრული თანხის გადახდის წესი თავისთავად არ ცვლის მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივ ბუნებას, შემოწმებისას მნიშვნელობა მიენიჭა იმ გარემოებას, რომ ცალკეული ხელშეკრულებებით მესაკუთრისთვის გადასაცემი თანხა წინასწარ იყო განსაზღვრული. მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორების აღნიშნული მექანიზმი უნდა შეფასდეს ხელშეკრულების ყველა სხვა პირობასთან და მხარეთა ფაქტობრივ ურთიერთობასთან ერთობლიობაში და არა იზოლირებულად. მესაკუთრისთვის გადასაცემი თანხის წინასწარ განსაზღვრა თავისთავად არ ნიშნავს, რომ მესაკუთრემ კომპანიას გადასცა უძრავი ქონება იჯარით ან რომ კომპანია გახდა ქონების დამოუკიდებელი გამქირავებელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის №11040 და 25 ივნისის №14004 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან, ასევე, მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 9 ივლისის №15450 ბრძანება და 10 ივლისის №069-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 084 ლარი, მათ შორის გადასახადი 45 650 ლარი, ჯარიმა 20 475 ლარი და საურავი 7 959 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,----" (ს/ნ ----) საქმიანობს საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავებით. დამატებული ღირებულების გადამხდელად რეგისტრაცია უფიქსირდება 2024 წლის 25 მარტიდან, მაგრამ შემოსავლებით დამატებული ღირებულების გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია უდგინდება - 2023 წლის 23 დეკემბერს. გადამხდელი განმარტავს, რომ ის ეწევა საშუამავლო მომსახურეობას და წარმოდგენილი აქვს საშუამავლო ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეებთან. სწორედ ამ ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს ,,-----" (ს/ნ -----) თავად ეძებს დამქირავებლებს, რეკლამას ათავსებს ინტერნეტ სივრცეში, საკუთარი ხარჯითაა პასუხისმგებელი მესაკუთრის წინაშე ქონების გაქირავებისთვის ყველა საჭირო სამუშაოს შესრულებაზე. ქონების გაქირავებით მიღებული თანხები შპს ,,-----" საბანკო ანგარიშზე ირიცხება, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწარებიდან. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშუამავლო ხელშეკრულებებით, მან უნდა გადაუხადოს ფიქსირებული თანხა ბინის მესაკუთრეებს.

შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,-----" ასრულებს თავისი სახელითა და მესაკუთრეების დავალებით, მესაკუთრეთა ქონების გაქირავებას. ის თვითონ ეძებს დამქირავებლებს და მომსახურეობის საფასურსაც თავად იღებს მათგან. ხარჯსაც თვითონ სწევს, რაც გასაქირავებელ ბინას დასჭირდება. გარდა ამისა, საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადებაა. შესაბამისად, შპს დამაკავშირებელ რგოლს არ წარმოადგენს მესაკუთრესა და დამქირავებელს შორის, პირიქით, ის თავად შედის ურთიერთობაში დამქირავებლებთან. გარდა ამისა, საშუამავლო საქმიანობის დროს შუამავალს არ დაეკისრება პასუხიმგებლობა, თუ ვერ მოიძიებს მესამე პირს. განსახილველ შემთხვევაში კი - შპს ვალდებულია ფიქსირებული გადასახადი გადაუხადოს ბინის მესაკუთრეებს ყველა შემთხვევაში, რაც მის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და მიიჩნევს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: შპს ,,-----” და მესაკუთრეებს შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად, საწარმო თავად ეძებს დამქირავებლებს, რეკლამას ათავსებს ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე, შეისწავლის ბაზარს სასტუმროს მომსახურეობის ფასის განსაზღვრისთვის. ჩართულია მთლიან პროცესში. თავად განსაზღვრავს სასტუმროს მომსახურების შემთხვევაში მის ფასს, საწარმო არის პასუხისმგებელი დამკვეთის ქონების გაქირავებისთვის ყველა საჭირო სამუშაო შესრულებაზე თავისი ხარჯით, საწარმო ბინის მესაკუთრეებს უხდის ხელშეკრულებით განსაზღრულ ფიქსირებულ თანხას შეთანხმებულ ვადებში. ამასთან, ფიქსირდება შემთხვევა, როცა მესაკუთრეებთან ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვა ხდება იმ შემთვევაშიც, თუ საწარმოს შემოსავალი იმ პერიოდში ნაკლებია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი საქმიანობს საცხოვრებელი შენობების გაქირავებით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია დაფიქსირდა 2024 წლის 25 მარტს, თუმცა შემოსავლების მიხედვით სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება დადგინდა 2023 წლის 23 დეკემბერს.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი თავად ეძებს დამქირავებლებს, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გაქირავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს და მიღებული თანხები მის საბანკო ანგარიშზე ირიცხება. ხელშეკრულებით ის ვალდებულია ბინის მესაკუთრეებს გადაუხადოს ფიქსირებული თანხა დამქირავებლის მოძიების შედეგისგან დამოუკიდებლად. ამის საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელი თავად შედის ურთიერთობაში დამქირავებლებთან და არ წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს მესაკუთრესა და დამქირავებელს შორის, რაც გამორიცხავს საქმიანობის საშუამავლოდ კვალიფიკაციას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;165;1601164;