გადაწყვეტილება №27738/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27738/2/2026
23 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 07.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27738/2/2026).
დავის საგანი:
1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყებაზე;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 08.11.2016 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 09.11.2016 წლის N 31054 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 09.11.2016 წლის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 19.06.2026 წლის N 13590 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 488 611.46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 225 950 ლარი;
დღგ - 139 047 ლარი;
მოგების გადასახადი - 85 421 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 1 482 ლარი;
ჯარიმა - 113 368 ლარი;
საურავი - 149 293.46 ლარი:.
პროცედურული გარემოებები:
კომპანიის საქმიანობაა ხილ - ბოსტნეულის შეძენა (ადგილობრივი/იმპორტი) და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 01.11.2016 წლის N 30044 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის, 20.02.2013 წლიდან 01.01.2014 წლამდე საანგარიშო პერიოდების და წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 08.11.2016 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 09.11.2016 წლის N 31054 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 09.11.2016 წლის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნაზე და ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებაზე 21.05.2026 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 19.06.2026 წლის N 13590 ბრძანებით საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 09.11.2016 წლის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 19.06.2026 წლის N 13590 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყებაზე.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
მომჩივანმა 21.05.2026 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 01.11.2016 წლის N 30044 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებზე დავის დაწყება, რაზეც უარი ეთქვა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული და წარდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
კომპანიის მიმართ დარიცხული თანხა შეადგენს 488 611.46 ლარს. დარიცხვის საფუძველია არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის განმარტებით ვერ მოხერხდა კომპანიის პასუხისმგებელი პირის მოძიება. სადავო აქტები გამოქვეყნდა, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო პირდაპირი მეთოდით. ამასთან, აქტს სათანადო წესით უნდა გაცნობოდა მომჩივანი, რა უფლებაც საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულია, ასევე არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას გასაჩივრების ვადის ხანდაზმულობის ნაწილში და მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს უფლება დაიცვას პოზიცია სამართლებრივად კანონმდებლობით დადგენილი ნებით, მათ შორის ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს მიერ უფების დაცვის შესაძლებლობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადა მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული და უნდა მიეცეს უფლება ინტერესები დაიცვას ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების მეშვეობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მაშინ როდესაც შეეძლო და ვალდებულიც იყო განეხორციელებინა საგადასახადო აგენტისთვის გადასახადის დარიცხვა - პირდაპირი მეთოდით - საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით, მათ შორის მიეღო გადაწყვეტილება გადასახადის ადმინისტრირების მიზნით ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართულობით.
საგადასახადო აგენტი - პასუხიმგებელი პირი პროფესიით არის მეზღვაური და დროის დიდ ნაწილს, საქმიანობიდან გამომდინარე, ატარებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, შესაბამისად, იგი ვერ მიიღებდა დოკუმენტებს გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადებში და მას სრული უფლება აქვს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე დასახელებულ საკითხზე დადგენილი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად მოითხოვოს გასაჩივრების ვადის აღდგენა. ვინაიდან იგი ნამდვილად არ გასცნობია გამოქვეყნების მომენტისათვის დოკუმენტს და მას უნდა მიეცეს სასამართლოს წესით თავის დაცვის უფლება. შესაბამისად სადავო ბრძანებაში ფორმულირებას - მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილში არ ეთანხმება და ითხოვს საჩივრის დასაშვებობის და ვადის აღდგენას, ასევე სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 და მე-10 ნაწილების შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. დავის დაწყება ასევე დასაშვებია, თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს. ასეთ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მომჩივნისათვის. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2026 წლის N ----- -21-14 წერილიდან ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 08.11.2016 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტი, 09.11.2016 წლის N 31054 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა, მომჩივანს ჩაბარდა საჯაროდ გავრცელებით 29.12.2016 წელს და ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობით 21.05.2026 წელს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, ვინაიდან პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, აღნიშნული სადავო აქტების მომჩივნისთვის ჩაბარების თარიღია 29.12.2016 წელი.
ამდენად, აღნიშნულ სადავო აქტებზე გასაჩივრებისთვის დადგენილი 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით, ხოლო ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს და საბჭო იზიარებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრით წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
ასევე, დავის დაწყება დასაშვებია, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს ან თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
აუდიტის დეპარტამენტის 08.11.2016 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტზე, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 09.11.2016 წლის N 31054 ბრძანებაზე და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნაზე მომჩივანმა 21.05.2026 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 19.06.2026 წლის N 13590 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და განმარტავს, რომ კომპანიას მის მიმართ შედგენილი 08.11.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 09.11.2016 წლის N 31054 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2016 წლის 14 და 21 ნოემბერს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე (ქ. ----- ), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 09.12.2016 წელს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 29.12.2016 წელს.
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 09.11.2016 წლის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 21.05.2026 წელს და შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 21.05.2026 წელს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
შემოსავლების სამსახური იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ გადასახადის გადამხდელს, მის მიმართ შედგენილი 08.11.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 09.11.2016 წლის N 31054 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 09.11.2016 წლის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა. პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ. პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
შემოსავლების სამსახურის 10.07.2026 წლის N ----- -21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ შედგენილ აუდიტის დეპარტამენტის 08.11.2016 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 09.11.2016 წლის N 31054 ბრძანებას და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნას არ გაცნობია 30 დღის განმავლობაში ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, ვერც საფოსტო დაწესებულების მეშვეობით მოხდა მათი ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად 09.12.2016 წელს განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება. ჩაბარებულად ჩაითვალა 29.12.2016 წელს. ამასთან, მომჩივანი სადავო აქტებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 21.05.2026 წელს.
აუდიტს დეპარტამენტის 08.11.2016 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, 09.11.2016 წლის N 31054 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა, მომჩივანს, ორჯერ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე - -----, გზავნილი ორივეჯერ დაუბრუნდა გამგზავნს.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი სადავო აქტებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით).
ამგვარად, სადავო აქტების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების ჩაბარებულად ჩათვლის დღიდან (29.12.2016 წელი). შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 30.01.2027 წელი (30-ე დღე, 28.01.2017 წელი, ემთხვევა არასამუშაო დღეს (შაბათი)). საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 21.05.2026 წელს გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.06.2026 წლის N 13590 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყებაზე;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში კამერალური საგადასახადო შემოწმება. შედეგად, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება. მოგვიანებით კომპანიამ ახალი გარემოებების საფუძველზე დავა დაიწყო, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნის ნაწილი დარჩა განუხილველი. ამის შემდეგ გადაწყვეტილება გასაჭივრდა დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და ასევე მიაჩნია, რომ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ბრძანება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
299(10); 301(ე); 44(4);.