გადაწყვეტილება №18252/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18252/2/2022
15.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 18.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18252/2/2022).
დავის საგანი:
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2015 წლის №007-91 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი ლითონის ჯართის ექსპორტი (--------).
1.01.2012 წლიდან 1.01.2013 წლამდე პერიოდში განხორციელებული საქონლის ექსპორტიდან გამომდინარე წლიური მოგების გადასახადის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 3.06.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2014 წლის №29032 ბრძანება და 6.06.2014 წლის №7-278 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც 9.10.2014 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.03.2015 წლის №8960/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანება, მომჩივანს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისივე არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2015 წლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხა არ გადაანგარიშდა და დარჩა უცვლელი, ვინაიდან მომჩივანს გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2015 წლის №17728 ბრძანება და ამავე თარიღის №007-91 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 18.11.2022 წელს (შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 17.11.2022 წელს) შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებასთან ერთად, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივნის მიერ სადავოა შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2015 წლის №007-91 საგადასახადო მოთხოვნა. საჩივარში მითითებულია, რომ დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს და ჰქონდა მოლოდინი, რომ თანხები გადაანგარიშდებოდა. გამომდინარე იქედან, რომ შემოწმების პროცესიდან 8 წელია გასული, საჭიროა პერიოდი, რომ ეს ინფორმაცია, რასაც შემოსავლები სამსახური ხდის სადავოს, ამოღებული იქნას შესაბამისი ბაზებიდან ან/და არქივიდან. საგადასახადო ტვირთის დაკისრების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 21.10.2022 წელს. 2013 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შეზღუდული ჰქონდა წვდომა კომპანიის ფინანსურ და სხვა დოკუმენტებთან. ხოლო 2017 წლიდან 2022 წლის 21 ოქტომბრამდე მისთვის არც ერთ უწყებას არ უცნობებია მისი კომპანიის მიმართ მიმდინარე ვალდებულებებისა და მისი შესრულების თაობაზე.
სადავო შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებასთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ მომჩივანმა 9.10.2014 წელს აღნიშნულ ბრძანებაზე საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომელზეც მიღებულია 26.03.2015 წლის №8960/2/14 გადაწყვეტილება. ამდენად, სადავო აქტზე არსებობს იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება, აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2015 წლის №007-91 საგადასახადო მოთხოვნას, დადგენილია, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანი სადავო აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2015 წლის დასკვნას, 22.05.2015 წლის №17728 ბრძანებას და 22.05.2015 წლის №007-91 საგადასახადო მოთხოვნას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 3.03.2016 წელს. აღნიშნული აქტის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 4.04.2016 წელი (მე-30 დღე, 2.04.2016 წელი, ემთხვევა არასამუშაო დღეს (შაბათი)). საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 18.11.2022 წელს (შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 17.11.2022 წელს), მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 4.08.2014 წლის №35935 ბრძანებაზე არსებობს დავების განხილვის საბჭოს 26.03.2015 წლის №8960/2/14 გადაწყვეტილება, ასევე გასულია აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2015 წლის №007-91 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.