გადაწყვეტილება №19503/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.05.2023
№ დოკუმენტი 19503/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19503/2/2023

18.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19503/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის №3935 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის №031-6 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7628 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9 769 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 176

ჯარიმა - 9 589 (სსკ-ის 275 მუხლით - 209, (33); სსკ-ის 286 მუხლით – 9 413)

საურავი - 4

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობაა მეორადი ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და თეთრეულით ვაჭრობა. 16.01.2023 წლის №345 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების ობიექტებში ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ხოლო შემდგომი რეაგირების მიზნით ინვენტარიზაციის მასალები გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა კონკრეტული სახეობის საქონლის (მეორადი ფეხსაცმლის) სმფების დანაკლისი 3 087 კგ. რომლის საბაზრო ფასია 4 939.392 ლარი და ტანსაცმლისა და თეთრეულის სმფ-ების აღურიცხველობა საერთო წონით 2 511 კგ. საბაზრო ფასით 17 837 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №30404, 16.12.2023 წლის №31724 და 7.02.2023 წლის №2090 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 27.07.2021-1.12.2022 წლები ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 16.01.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების შედეგები აისახა 17.02.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის №3935 ბრძანება და ამავე თარიღის №031-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 9 769 ლარით, მათ შორის, გადასახადი 176 ლარი, ჯარიმა 9 589 ლარი, საურავი 4 ლარი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.04.2023 წლის №7628 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით და განმარტავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები, ასევე, სმფ-ების დანაკლისი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავდა ისეთ დოკუმენტაცია/მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი სმფ-ების ოდენობაზე და რაც იქნებოდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეალიზაციას (მათ შორის, ფიზიკურ პირებზეც) აფიქსირებს სასაქონლო ზედნადების გამოწერით, სადაც გასაყიდ საქონელს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი, კერძოდ: ტანსაცმელი იყიდება 1501 კოდით, ფეხსაცმელი - 1601 კოდით და შემდგომ გამოწერილი ზედნადებების საფუძველზე გამოიანგარიშება პროგრამული ნაშთი კომპანიაში. მოცემულ შემთხვევაში კოდები არის არასწორად გამოყენებული, კერძოდ, ტანსაცმელი გაყიდულია ფეხსაცმლის კოდით, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი. კომპანიაში ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ჯამში ფიქსირდება მხოლოდ 463 კგის ზედმეტობა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა 9 413 ლარი და დაანგარიშება მოხდეს მის მიერ აღწერილი არგუმენტების საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების შესაბამისად:

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის №----------21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №345 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების ობიექტებში ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ხოლო შემდგომი რეაგირების მიზნით ინვენტარიზაციის მასალები გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა კონკრეტული სახეობის საქონლის (მეორადი ფეხსაცმლის) სმფების დანაკლისი 3 087 კგ. რომლის საბაზრო ფასია 4 939.392 ლარი და ტანსაცმლისა და თეთრეულის სმფ-ების აღურიცხველობა საერთო წონით 2 511 კგ. საბაზრო ფასით 17 837 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით გაანგარიშებული ჯარიმა 10%-ის ოდენობით 493.9 ლარი და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გაანაგრიშებული ჯარიმა 50% ის ოდენობით - 8 919 ლარი, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა პირადი აღრიცხვის ბარათზე.

მომჩივნის განმარტებით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება სხვადასხვა კოდით. მოცემულ შემთხვევაში კოდები არის არასწორად გამოყენებული, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა 9 413 ლარი და დაანგარიშება მოხდეს მის მიერ აღწერილი არგუმენტების საფუძველზე.

მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმებით დადგენილ გარემოებებს შეცვლიდა და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №345 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების ობიექტებში ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ხოლო შემდგომი რეაგირების მიზნით ინვენტარიზაციის მასალები გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა კონკრეტული სახეობის საქონლის (მეორადი ფეხსაცმლის) სმფების დანაკლისი 3 087 კგ. რომლის საბაზრო ფასია 4 939.392 ლარი და ტანსაცმლისა და თეთრეულის სმფ-ების აღურიცხველობა საერთო წონით 2 511 კგ. საბაზრო ფასით 17 837 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით გაანგარიშებული ჯარიმა 10%-ის ოდენობით 493.9 ლარი და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გაანაგრიშებული ჯარიმა 50% ის ოდენობით - 8 919 ლარი, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა პირადი აღრიცხვის ბარათზე. მომჩივნის განმარტებით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება სხვადასხვა კოდით. მოცემულ შემთხვევაში კოდები არის არასწორად გამოყენებული, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა 9 413 ლარი და დაანგარიშება მოხდეს მის მიერ აღწერილი არგუმენტების საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4, 9).