გადაწყვეტილება №25476/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25476/2/2025
12 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 17.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25476/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2025 წლის №041-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15902 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 44 239,39 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 21 953,77
დღგ - 1 564,77
საშემოსავლო გადასახადი - 20 389
ჯარიმა - 11 029,20
საურავი - 11 256,42
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 22.12.2016 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 24.10.2017 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 2.04.2025 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები ჯამში 6 806 ლარის (დღგ-ის გარეშე) ოპერაციებზე, ასევე, შესამოწმებელ პერიოდში სალარო აპარატისა და პოს ტერმინალის გამოყენებით მიღებული შემოსავალი შეადგენდა 152 407 ლარს. შემოწმების პროცესში გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 159 214 ლარს, ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 151 462 ლარს. ასევე გაანგარიშდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ჩასათვლელი თანხები, რომელიც შემცირდა დეკლარირებულ ჩასათვლელ თანხასთან შედარებით გამოვლენილი სხვაობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2022 წლიდან ძირითადი საქმიანობა ჰქონდა შეწყვეტილი, შესაბამისად არ გააჩნდა სალაროს ნაშთი. შემოწმების პროცესში განხორციელდა ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობის ანალიზი, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შედარდა მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების და გადამხდელის მიერ გადახდილი იჯარის, მონაცემებთან. შედეგად შესამოწმებელ პერიოდში ფულის ნაშთი განისაზღვრა 81 556 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში გამოვლენილი თავისუფალი სახსრები 101 945 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად (სარგებელი) ბოლო ოპერაციის განხორციელების პერიოდში და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 და 205-ე მუხლის მე-10 ნაწილების თანახმად ეცნობებინა საგადასახადო ორგანოსთვის, დაშლის შესახებ და წარედგინა დეკლარაციები, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე 4.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11412 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №041-9 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.07.2025 წლის №15902 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს „-------“-ს 100 %-იანი წილის მფლობელი ერთადერთი პარტნიორი და დირექტორია ------- (პ/ნ -------), რომელსაც ჰყავს ორი მძიმე ქრონიკული დიაგნოზით დაავადებული შვილი, 27.01.1994 წელს დაბადებული ------- და 25.05.1988 წელს დაბადებული -------. ორივე მათგანი არის შრომისუუნარო და საჭიროებენ მომვლელს, რაც დასტურდება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“-ს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობებით (იხ. დანართი). ორივე მათგანის შემთხვევაში დაავადება არის უვადოდ დადგენილი ანუ ქრონიკული. აქედან გამომდინარე ------- საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს „-------“-ს დამფუძნებელი ------- დაინიშნა თავისი შვილების, ------- და ------- დროებით მხარდაჭერად. ------- და მისი მეუღლე ქალბატონი ------- არიან უმუშევრები, ისინი ერთად უვლიან ორ შრომისუუნარო შვილს და შესაბამისად, იმის გამო, რომ მათი შვილების მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, ------- ვეღარ უმკლავდებოდა ბიზნესის მართვას, ამიტომაც დაიწყო საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი.
გასათვალისწინებელია, რომ ------- იხდიდა გადასახადებს და კეთილსინდისიერი იყო სახელმწიფოს წინაშე, თუმცა ოჯახში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე საწარმოში დაშვებულ იქნა საბუღალტრო შეცდომები, რამაც გამოიწვია გადასახადის დარიცხვა. გადასახადის გადამხდელი არის კეთილსინდისიერი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი საწარმოს უფლებამოსილი პირის (დირექტორის) რთულ სოციალურ პრობლემებზე უთითებს და აღნშნულს ასახელებს საზოგადოების დაშლის პროცედურის მიზეზადაც. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით კი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)