გადაწყვეტილება №20556/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20556/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20556/2/2023

12 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 11.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20556/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4406 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №048-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17232 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 206 882 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 100 695

დღგ - 32 032

მოგების გადასახადი - (-249)

საშემოსავლო გადასახადი - 68 912 .

ჯარიმა - 50 471

საურავი - 55 716

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 8 ივლისის №18569 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 26 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 1 სექტემბრის №25963 ბრძანება და №048-14 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 182 269 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 10 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 18 თებერვლის №3962 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 თებერვლის №3962 ბრძანება 9.03.2021 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 23.04.2021 წლის №12473/2/2021 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 თებერვლის №3962 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 9.11.2021 წლის №34954 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: კომპანიის გაწეული ხარჯების ოდენობა განისაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ამასთან, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნა გაფრთხილება.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.11.2021 წლის №34954 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2022 წლის დასკვნა, 29.08.2022 წლის №22455 ბრძანება და №048-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა 5 400 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 204 525 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.03.2023 წლის №4406 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4406 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2023 წლის დასკვნა, 9.06.2023 წლის №12926 ბრძანება და №048-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 206 882 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 20 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 17 ივლისის №17232 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ/გამოკვლეულ იქნა აღნიშნული საკითხი. კერძოდ, კომპანიის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულებების შესახებ. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოძიებული ინფორმაცია არ არის შესაბამისობაში ან/და საკმარისი კომპანიის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბუნდოვანია აუდიტის დეპარტამენტის პასუხი, თუ რატომ იყო მოძიებული ინფორმაცია არასაკმარისი გადაანგარიშებისთვის ან რა ანალიზი ჩატარდა ფასების დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ მიცემული დავალების შესასრულებლად. კატეგორიულად არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და გადასახადის გადამხდელის პოზიცია რჩება უცვლელი. კერძოდ:

- მხედველობაში იქნას მიღებული №0256 მეთოდური სახელმძღვანელო - „ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა ითვალისწინებს შემდეგს: როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით“. შესაბამისად, №0256 მანუალი გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოს მიმართ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დარიცხვის ნაწილში როგორც 2017, ასევე 2018 და 2019 წლებში.

- ნებისმიერ მატერიალურ თუ არამატერიალურ აქტივზე ფასის დადგენა შესაძლებელია. ამისთვის არსებობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელიც პერიოდებისა და რეგიონების მიხედვით სრულ ინფორმაციას იძლევა კონკრეტული საქონლის საცალო საბაზრო ფასების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ სანდო წყაროს ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის. - გადასახადის გადამხდელს მოძიებული აქვს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი არა აუდირებული კომპანიებისთვის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები ყველა იმ საქონელზე, რომელთა იდენტური საქონლის შეძენას ახორციელებს მომჩივანი და აღნიშნული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილია აუდიტორთან. მომჩივნის პოზიციაა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდება მანუალის შესაბამისად ანდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დარიცხული თანხის კორექტირება, მოხდეს გადაანგარიშება გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი ზედნადებების მიხედვით.

აუდიტორმა განუმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის ბოლო გადაწყვეტილება წინა გადაწყვეტილების ჩარჩოში აქცევდა და ეს გახდა მიზეზი არ გადაანგარიშების. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, ნათლად ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილების შინაარსი, არ შეიცავდეს არანაირ ბუნდოვანებას, რათა აღსრულების პროცესი ერთი და იგივე სტრუქტურულ ერთეულებს შორის დროულად და ჯეროვნად შესრულდეს. გადასახადის გადამხდელი თვალს ადევნებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ერთი და იგივე შინაარსის გადაწყვეტილებებს, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება მიმდინარე პროცესების დროში გაჭიანურება, რაც გადასახადების ადმინისტრირებაში ხელს უშლის როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე გადასახადის გადამხდელს საბოლოო ინფორმაცია მიიღოს კუთვნილი გადასახადების შესახებ. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და განხორციელდეს პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 9.11.2021 წლის №34954 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: კომპანიის გაწეული ხარჯების ოდენობა განისაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4406 ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა/გამოიკვლია აღნიშნული საკითხი. კერძოდ, საწარმოს გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულებების შესახებ. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოძიებული ინფორმაცია არ არის შესაბამისობაში ან/და საკმარისი საწარმოს გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის. შესაბამისად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც არ იყო დაკმაყოფილებული შემოსავლების სამსახურის მიერ და არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის აღსასრულებლად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4406 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის №4406 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2023 წლის დასკვნა, 9.06.2023 წლის №12926 ბრძანება და №048-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 206 882 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 20 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 17 ივლისის №17232 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).