გადაწყვეტილება №18293/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18293/2/2022
23.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 24.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18293/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა საგადასახადო შეთანხმების გაფორმების საფუძვლით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2022 წლის №11145 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28168 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.12.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2020 წლის №38274 ბრძანება და 23.12.2020 წლის №081-378 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14135 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14135 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 24.09.2021 წლის გადაწყვეტილებით (№13115/2/2021) საჩივარი, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გამო, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14135 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის დასკვნა და 2022 წლის 3 მაისის №11145 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28168 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 მაისის №11145 გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული თანხა 34 634.49 ლარი გადაიხადა. კერძოდ, საგადასახადო დავალების მიხედვით გადაიხადა 41 824.99 ლარი, საიდანაც 7 190.5 ლარი იყო დღგ-ის თანხა, ხოლო 34 634.49 ლარი საგადასახადო შეთანხმებით დადგენილი თანხა. საჩივარში აღნიშნავდა, რომ 2022 წლის 14 იანვარს შეცდომით მიმართა შემოსავლების სამსახურს, სადაც მიუთითა, რომ დათქმულ ვადაში ვერ ახერხებდა გადახდას.
2022 წლის 18 თებერვლის №4118 ბრძანების მიხედვით გაუქმდა საგადასახადო დავალიანების საფუძველზე დაწესებული შეზღუდვები და 34 634.49 ლარი პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა სხვა ჯარიმებში, ხოლო 2022 წლის 9 მარტის წერილით ეცნობა, რომ განხორციელდა პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის შესაბამისი კორექტირება. შემდეგ ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 მაისის №11145 ბრძანება, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
მომჩივანი ითხოვს ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობას და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა, გარდა იმ პირთან დაკავშირებული საგადასახადო პერიოდისა ან საკითხისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს მასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეერწყა.
დადგენილია, რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც მისი საჩივარი ყველა სადავო საკითხების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ხოლო, ხსენებული ბრძანების გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის დასკვნა და 2022 წლის 3 მაისის №11145 ბრძანება.
ასევე დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის 23.08.2021 წელს გაფორმებულია №ა1624-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით,განესაზღვრა 34 694.49 ლარით. საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბერი.
შეთანხმების აქტის განსაზღვრული ვალდებულება გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულდა სრულად.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, რომ ვინაიდან შესრულდა მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2021 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული №ა1624-21 საგადასახადო შეთანხმების პირობები, საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული თანხები შესწავლა/კორექტირებას აღარ დაექვემდებარა.
ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის ქმედება, რომელმაც გასაჩივრებული თანხები შესწავლა/კორექტირებას არ დაუქვემდებარა, მართლზომიერია.
ამრიგად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.