გადაწყვეტილება №23921/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.12.2024
№ დოკუმენტი 23921/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23921/2/2024

09 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „----------“-ის 13.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23921/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №094-36 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19381 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 568 606 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 199 207

დღგ - (-37 851)

მოგების გადასახადი - 113 363

საშემოსავლო გადასახადი - 123 042

ქონების გადასახადი - 653

ჯარიმა - 101 714

საურავი - 267 685

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2015 წლიდან 1.07.2018 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილი აქვს საკუთრებაში არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, რომელთა ღირებულება დაბეგრილი აქვს დღგ-ით და არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 98-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმებით შედეგად გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

2. საწარმოს 1.01.2015 - 1.03.2015 წლების საანგარიშო პერიოდში ჩამოწერილი აქვს 44 095 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. საზოგადოებას სმფ-ების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინება არ გაუგზავნია. საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით კომპანიის მიერ ჩამოწერილი სმფ-ების ღირებულება შემოწმების მიერ ჩაითვალ მიწოდებად და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

3. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს სხვადასხვა სარესტორნო, სასტუმროს მომსახურებისა და სხვა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილით წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი. შემოწმების პროცესში იმ ხარჯებზე რომლებზეც ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები რაც დაადასტურებდა რომ აღნიშნული ხარჯები დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკვალიფიცირდა სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 2015 წელს 8 160 700 ლარს 2016 წელს 7 477 700 ლარს 2017 წელს 6 822 800 ლარს. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 31.12.2018 წლის №39645 ბრძანება და №094-333 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტური პირისგან გამოთხოვილი მტკიცებულება/ინფორმაცია, მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულების/ინფორმაციის შესწავლა/გაანალიზება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო დანაკარგის დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ჩამოწერილი სმფ-ების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან მიზნობრივად დაუკავშირებელი ხარჯის სარგებლად განხილვის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულება. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შეისწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

6. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 63 832 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 615 ლარით და ჯარიმა 36 217 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6.04.2023 წლის №7562 ბრძანება და №094-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21732 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 25.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20912/2/2023 გადაწყვეტილებით:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21732 ბრძანება;

3. საჩივარი, სადავო საკითხების 2 ეპიზოდში (1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით, 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება) მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, განახორციელოს ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.

შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 ივნისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 436 788 ლარით, მათ შორის, გადასახადი 430 266 ლარით და ჯარიმა 6 522 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15.07.2024 წლის №16705 ბრძანება და 16.07.2024 წლის №094-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19381 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ 2024 წლის 30 აპრილის №10006 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორ სადავო საკითხთან მიმართებით, კერძოდ, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით კორექტირების და საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ს შემცირების ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული სადავო საკითხების შესწავლის შედეგად შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 436 784 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 430 261 ლარით (დღგ - 31 094, ქონების გადასახადი - 399 167), ხოლო ჯარიმა - 6 522 ლარით.

შემოსავლების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №20912/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი შემოსავლების სამსახურში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სადავო საკითხების მხოლოდ ორ ეპიზოდში: 1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით; 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება. ამდენად, წარმოდგენილ საჩივარში მითითებული სხვა საკითხები აღარ წარმოადგენდა დავის საგანს და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზით დადგინდება, რომ აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად.

საკითხი 1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება, საბაზრო ფასის გათვალისწინებით და ქონების დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად

შემმოწმებლის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება (გაზრდა) და ქონების გადასახადის დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად. ამასთან, არც აქტით და არც მისი დანართით, არც აღნიშნული აქტის შემდგომ გამოცემული გადაანგარიშების დასკვნითა და არც შემოსავლების სამსახურის უკანასკნელი გადაწყვეტილებით არ დგინდება თუ რის საფუძველზე ან რა თანხით მოხდა დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა, მხოლოდ შემმოწმებელთან პირადი გასაუბრებით ირკვევა რომ შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 მუხლი, რომლის მიხედვითაც აფასდა გადამხდელი მიერ დეკლარირებული ქონება და დაბეგვრის მიხედვით გავრცელდა ქონების საბაზრო ფასი. ამასთან, აუდიტორთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ საბაზრო ფასად გამოყენებულ იქნა სს „----------“-ს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის შეფასებული მისი ქონება, რომელიც არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა არამედ წარმოადგენს ბანკის ხელშეკრულებას, სადაც ჩამოთვლილი დასაბეგრი ქონებები (მიწის ნაკვეთები შენობა ნაგებობასთან ერთად) და ბანკის მიერ განსაზღვრულია ქონების ღირებულებები სადაც კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 75 029 კვ.მ შენობა-ნაგებობით, (საკ. კოდი ----------), შეფასებულია 7 500 000 აშშ დოლარად. შემმოწმებელმა აღნიშნული თანხის მიმდინარე კურსით და არა შესაბამისი წლის ბოლოსთვის არსებული გაცვლითი კურსით, რომელიც გაცილებით ნაკლები იყო მიმდინარე კურსთან შედარებით, გაანგარიშების შედეგად მიიღო ქონების გადასახადით დასაბეგრი დაკორექტირებული თანხა. შემმოწმებლის მიერ არასწორი კურსის გამოყენებას, რომ თავი დაანებოს, მიწა, რომელიც დაბეგრილი ჰქონდა კომპანიას მიწის გადასახადით ფართობის შესაბამისად, შემმოწმებლების მიერ დაბეგრილი იქნა მეორედ მიწის საბაზრო ღირებულების ქონების საბაზრო ღირებულებაზე დამატების გზით რაც საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

სანამ დეტალურად წარმოადგენს არგუმენტაციას სურს მოკლედ წარმოადგინოს ის თანმიმდევრობა რა თანმიმდევრობითაც მოხდა მისი კომპანიისათვის თანხის დაკისრება და დარიცხული თანხის სისწორის საკითხის შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ დავის შემდგომ ეტაპზე და მოითხოვს იმ უმსგავსობისა და სრული განუკითხაობის შესახებ, რაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტსა და შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში ხდება.

როგორც ცნობილია კომპანიის მიერ დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) დაბეგრილი იქნა შემდეგი ღირებულებით:

• 2015 წელს - 4 962 300 ლარი

• 2016 წელს - 4 821 000 ლარი;

• 2017 წელს - 4 619 400 ლარი;

ვინაიდან შეფასება განხორციელდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების IVS-ის შესაბამისად, აღნიშნული აუდიტორი სრულიად უსაფუძვლო შენიშვნებით ცდილობს მის მიერ წარდგენილი შეფასების ანგარიშის კრიტიკას და თავიანთი არასამართლიანი გადაწყვეტილების მოტივაციის ახსნას ზემოაღნიშნული სტანდარტების მოშველიებით, კერძოდ:

1. შეფასების ნაწილში, აუდიტორი აღნიშნავს, რომ: "შეფასების საერთაშორისო სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მეთოდს: გაყიდვების შედარების, შემოსავლების კაპიტალიზაციის და დანახარჯების მეთოდს“.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტები IVS-ი აღიარებს არა სამ მეთოდს (Method), არამედ სამ მიდგომას (Approach). საშემფასებლო პროფესიულ დონეზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი განსხვავებაა მეთოდს და მიდგომას შორის. შეფასების მიდგომის შემავალ ელემენტებს წარმოადგენენ შეფასების მეთოდები, რომლებიც პროფესიაში გვხდება რამდენიმე ათეული.

რაც შეეხება შეფასების მიდგომას, არსებობს სამი ძირითადი მიდგომა, ესენია: საბაზრო მიდგომა (Market Approach), შემოსავლის მიდგომა (Income Approach) და დანახარჯების მიდგომა (Cost Approach) (წყარო: IVS, სტანდარტი IVS 105, პარაგრაფი 10.1). მაგალითად შეფასება დაფუძნებულია დანახარჯების მიდგომაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა ჩანაცვლების დანახარჯების (ღირებულების) მეთოდის გამოყენება (შეფასების ანგარიში, გვ. 15).

შეჯამებისთვის, აუდიტორი რომელიც მსგავსი მნიშვნელობის საპასუხისმგებლო საკითხის განხილვისას შენიშვნის სახით წერს, რომ სტანდარტი აღიარებს სამ მეთოდს (ნაცვლად მიდგომისა) და ამის პარალელურად აღნიშნული სამივე მიდგომის დასახელებას ახდენს არასწორად, ვიდრე ეს დადგენილია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების IVS-ის მიხედვით, საფუძვლიან ეჭვს ბადებს აუდიტორის არაკომპეტენტურობის თაობაზე.

2. შეფასების ნაწილში, აუდიტორი აღნიშნავს, რომ: სტანდარტი მიუთითებს, რომ შეფასება უნდა მოხდეს მინიმუმ ორი მეთოდით.

აუდიტორის აღნიშნული მითითება არ შეესაბამება სიმართლეს. შეფასების საერთაშორისო სტანდარტი არ ავალდებულებს შემფასებელს, რომ შეფასება უნდა განხორციელდეს მინიმუმ ორი მეთოდით. მეტიც, სტანდარტი პირდაპირ და გარკვევით ამბოს, რომ: „შემფასებლებს აქტივის შესაფასებლად არ მოეთხოვებათ ერთზე მეტი მეთოდის გამოყენება“ (წყარო: IVS, სტანდარტი IVS 105, პარაგრაფი 10.4).

3. შეფასების ნაწილში, აუდიტორი აღნიშნავს რომ: „იგივე სტანდარტი ამბობს, რომ როგორც წესი, საბაზრო ფასის დადგენისთვის არ გამოიყენება დანახარჯების მეთოდი და მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში“.

აუდიტორის აღნიშნული მითითება არ შეესაბამება სიმართლეს. შეფასების საერთაშორისო სტანდარტში არსად არ ხვდება მსგავს დებულებას. დანახარჯების მიდგომა ისევე გამოიყენება შესაფასებელი აქტივების საბაზრო ფასის დასადგენად, როგორც სხვა მიდგომები.

გარდა ამისა, აუდიტორი საკუთარ მსჯელობასთან მოდის წინააღმდეგობაში, კერძოდ, როდესაც აღნიშნავს, რომ: „მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში“. ამგვარად, წინადადების დასაწყისში ერთის მხრივ აუდიტორი აღნიშნავს, რომ შეფასების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დანახარჯების მიდგომის გამოყენებით როგორც წესი არ ხდება საბაზრო ღირებულების დასადგენად, ხოლო შემდგომ მეორეს მხრივ აღნიშნავს, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში. შეფასების საერთაშორისო სტანდარტი არსად არ ვხვდებით ისეთ ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც აქტივის შესაფასებლად დანახარჯების მიდგომის არჩევა და გამოყენება დამოკიდებული იყოს შემთხვევის „უკიდურესობაზე“. აუდიტორის მხრიდან საკითხის ამგვარი ფორმულირება გაუგებარია, არაზუსტია და არ შეესაბამება სიმართლეს.

აუდიტორის აღნიშნულ ნააზრევშიც ცხადად იკვეთება პროფესიული ტერმინოლოგიის და სტანდარტის არ ცოდნა. ასევე იკვეთება არასწორი და საკუთარ ნააზრევთან წინააღმდეგობაში მოსული მსჯელობა.

4. შეფასების ნაწილში, აუდიტორი აღნიშნავს, რომ: „აღნიშნული დასკვნა შედგენილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კონკრეტული მიზნისთვის (მაგალითად: გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის დადგენა ან/და სხვა), თუმცა წარმოდგენილ დასკვნას ვერ ჩავთვლით ნივთის, როგორც რეალური ღირებულების ოდენობის განმსაზღვრელს“.

სრულიად გაუგებარია აღნიშნული კომენტარის შინაარსი. მის მიერ გაცემულ შეფასების ანგარიშში „ანგარიშის მიზნობრიობის“ თავში (გვ. 8) ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ: „შეფასება განხორციელდა შესაფასებელი ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით“, რის საფუძველზეც საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შენობა-ნაგებობებისთვის განსაზღვრული საბაზრო ფასის მიხედვით წარმოეშვება საგადასახადო ბაზა.

ასევე გაუგებარია ტერმინი „ნივთი“. შეფასდა უძრავი ქონება და არა რაიმე ნივთი. ასევე შეფასების ანგარიშის ფარგლებში დადგინდა საბაზრო ფასი და არა „რეალური ღირებულება“, როგორც აუდიტორი აღნიშნავს. „რეალური ღირებულება“ ღირებულების საფუძვლად გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც შეფასება ხორციელდებოდა ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის და არა საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის.

აღნიშნულზე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან მსგავსი მნიშვნელობის საკითხის განხილვისას, განსაკუთრებით სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის მხრიდან, აუცილებელია გამოყენებულ იქნას რელევანტური ტერმინოლოგია და არ იკვეთებოდეს საკითხისადმი გულგრილი მიდგომის ან არაკომპეტენტურობის ნიშნები.

5. შეფასების ნაწილში, აუდიტორი ახსენებს, რომ: „გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიშში აღნიშნული საბაზრო ფასი შედარდა ანალოგიური შენობების საბაზრო ფასს (ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების და სიდიდის შენობა), შედარების შედეგად დგინდება, რომ წარმოდგენილი შეფასებით განსაზღვრული საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) მსგავსი შენობის საბაზრო ფასზე“.

სრულიად უსაფუძვლოდ ჟღერს აღნიშნული კომენტარი. აუდიტორის განცხადებაში არსად არ იკვეთება თუ, რომელი სამუშაო ჩარჩო გამოიყენა შედარების პროცესში და რა კონკრეტული სამუშაოები ჩაატარა მან, რათა მოეკვლია უძრავი ქონების ბაზარი და განესაზღვრა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების საბაზრო ფასები 2015, 2016, 2017 და 2018 წლების მდგომარეობით. ასევე უცნობია თუ რა წყაროებს ეყრდნობა მის მიერ აღნიშნულ შედარების პროცესში.

აუდიტორის ეს კომენტარი კიდევ უფრო არადამაჯერებელად და უსაფუძვლოდ ჟღერს მის მიერ გაცემული შეფასების ანგარიშის ფონზე, სადაც ანგარიშის ფარგლებში მკაფიოდ არის განსაზღვრული თუ რომელ სტანდარტს, მიდგომას, მეთოდს და ინფორმაციის წყაროებს დაეყრდნო შემფასებელი უძრავი ქონების შეფასების პროცესში და ანგარიშის მომხმარებელთათვის ნათლად არის ნაჩვენები საბაზრო ფასების კალკულაციის პროცედურები თითოეული შეფასების ობიექტის შესაბამისად.

თავი რომ დაანებოს შემმოწმებლის მიერ შემოწმების დასკვნაში გამოთქმულ მოსაზრებებს ქონების შეფასების სტანდარტებთან მიმართებაში შემმოწმებლების მხრიდან დაშვებულია აშკარა შეცდომა და შენობის საბაზრო ღირებულებაზე დამატებულია მიწის ღირებულება რაც გაოცებას იწვევს. კერძოდ, აუდიტორების მიერ დაბეგრილი ქონების საბაზრო ღირებულება მოიცავს მიწის საბაზრო ღირებულებასაც, მაშინ როდესაც მიწის დაბეგვრა ხდება ფართობის მიხედვით (რაც უკვე დაბეგრილია) და არა მისი საბაზრო ღირებულებით.

მოითხოვს გამომდინარე, ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან და გამომდინარე იქედან, რომ შემმოწმებლის მიერ გადამხდელისათვის ქონების გადასახადის გაანგარიშება და დარიცხვა მოხდა კანონის უხეში დარღვევით, მოითხოვს, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული ქონების გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება და რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს ქონების შეფასების დოკუმენტისა და შემფასებლის დასაბუთებული არგუმენტაციის გათვალისწინება და შესაბამისად შემცირდეს აქტით დარიცხული ქონების გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირება.

საკითხი 2. დანაკარგის დანაკლისად მიჩნევა და გადასახადების დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად

საწარმოს 1.01.2017-30.06.2016 წლების საანგარიშო პერიოდებში ჩამოწერილი აქვს საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც შემოწმებამ განიხილა როგორც დანაკლისი და დაბეგრა მოგების გადასახადით, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით. საქმე ეხება ცქრიალა ღვინის წარმოების მასალების ჩამოწერას წარმოების სხვადასხვა ეტაპზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებით გამოვლენილ ნაკლებობას, ეს გახლავთ წარმოების პროცესის თანმდევი/ტექნოლოგიური დანაკარგი. „ღვინისა და ვაზის შესახებ კანონის“ 336-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია უფლებამოსილი ორგანო, ვისაც ამავე კანონით დაევალა ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრა. ის ფაქტი, რომ უფლებამოსილმა ორგანომ დღემდე ვერ მოახერხა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, დაედგინა დანაკარგის ნორმა, არ უნდა იწვევდეს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთის ამძიმებს, შემსუბუქების ნაცლად. ამასთან, საწარმოს მიერ დანაკარგის სახით ჩამოწერილი პროდუქცია შეადგენს წარმოებული პროდუქციის მთლიანი რაოდენობის 0,42%, რაც გაცილებით ნაკლებია მეზობელ ქვეყნებში მოქმედი ღვინო მასალების წარმოების პროცესში დადგენილი სტანდარტისა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებმა შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და შედეგად შეამცირეს დარიცხული მოგების გადასახადი და სანქციის თანხები. თუმცა, როგორც აქტში კითხულობს, ჩამოწერილი სმფ-ები გადამხდელის მიერ შეცდომით არის დაბეგრილი დღგ-ის გადასახადით, შემმოწმებლების მიერ გადაანგარიშების შედეგად კი მოხდა მხოლოდ მოგების გადასახადის შემცირება, ხოლო დღგ-ის შემცირება არ მომხდარა.

შესაბამისად, მოითხოვს, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

საკითხი 3. დამხმარე ხასიათის მასალების ჩამოწერის ოპერაციაზე დღგ-ის დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად.

საწარმოს 2015 საანგარიშო წლის განმავლობაში ჩამოწერილი აქვს საკუთრებაში არსებული 44 095 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე. აღნიშნული ჩამოწერა შემოწმებამ განიხილა როგორც დანაკლისი და დაბეგრა მოგებისა და დღგის გადასახადებით. თუმცა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტაციის საფუძველზე, იმის შესახებ, რომ არ მომხდარა ვადაგასული სმფ-ების ჩამოწერა, არამედ ჩამოიწერა დამოუკიდებელი სამომხმარებლო ხასიათის არმქონე და არა სარეალიზაციო, უვარგისი დამხმარე ხასიათის მასალების ჩამოწერა, გადაანგარიშების აქტში შემმოწმებლების მიერ გაუქმდა აღნიშნულ ჩამოწერაზე დარიცხული დღგ-ის გადასახადისა და სანქციის თანხები. თუმცა იგივე საკითხზე დარიცხული მოგების გადასახადისა და სანქციის თანხები არ არის შესაბამისად კორექტირებული/შემცირებული.

შესაბამისად, მოითხოვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებს დაევალოს საკითხის სიღრმისეული შესწავლა და მოცემულ საკითხზე დარიცხული მოგების გადასახადის გარდა, დღგ-ისა და სანქციის თანხების შემცირებაც.

საკითხი 4. წარმომადგენლობითი ხარჯის სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს სხვადასხვა სარესტორნო, სასტუმრო მომსახურების, აეროპორტში დახვედრის, სატრანსპორტო, სუვენირების შეძენისა და სხვა ხარჯები, რაც საწარმოსთვის წარმოადგენს წარმომადგენლობით ხარჯს, ხოლო შემმოწმებლის მიერ მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირის სარგებლად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;

გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:

დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;

დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;

დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;

დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;

დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.

არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას, იმის შესახებ, რომ კომპანიის მიერ გაწეული აღნიშნული ხარჯი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრულ წარმომადგენლობითი ხარჯის განმარტებას. ვინაიდან, მის მიერ წარმომადგენლობით ხარჯებში ასახული თითოეული სამეურნეო ოპერაცია აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის ქვეპუნქტების შესაბამის მოთხოვნებს. მის მიერ წარმომადგენლობითს ხარჯებში ასახული თითოეული ოპერაცია დადასტურებულია დოკუმენტურად - არსებობს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი, გადახდის ქვითარი და წარმომადგენლობითი ხარჯის ბრძანება, რომელიც არ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული აუდიტორის მიერ. ისეთი შემთხვევები, რომელიც არ იყო დოკუმენტურად დადასტურებული, საწარმოს მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება და არ ბეგრავდა მხოლოდ ისეთ ხარჯებს, რომელიც გამყარებული იყო დოკუმენტით და აკმაყოფილებდა წარმომადგენლობითი ხარჯის განმარტებას.

აქვე აღნიშნავს, რომ აუდიტორს არ გაუთვალისწინებია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რომლის შედეგად დასაბეგრი თანხა უნდა შემცირებულიყო წლების მიხედვით:

2015 წელი - 17 194 ლარი;

2016 წელი - 5 156 ლარი;

2017 წელი - 15 590 ლარი;

2018 წელი - 5 831 ლარი;

შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა არ მოახდინეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად შესწავლა და სრულიად დაუსაბუთებლად არ შეამცირეს დარიცხული თანხები შესაბამისი მოცულობით. მისი მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებებით აშკარა იყო, რომ აქტით თანხების დარიცხვა მოხდა არასწორად თუმცა აღნიშნულის მიუხედავად თანხის შემცირება მოხდა მხოლო მცირე ნაწილზე და წარდგენილი დოკუმენტების სრულად გათვალისწინება არ მოხდა, მისთვის დაუდგენელი გარემოებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მოითხოვს, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხის ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება და რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად იქნეს გათვალისწინებული და შესაბამისად შემცირდეს აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირება.

საკითხი 5. ჯარიმები

გამომდინარე იქიდან რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. არ მოხდა ჯარიმის შემსუბუქების გამო ჯარიმის საკითხის სრულფასოვანი შესწავლა, რის გამოც არ იქნა შემცირებული ჯარიმის ოდენობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20912/2/2023 გადაწყვეტილებით:

1.საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2.ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21732 ბრძანება;

3.საჩივარი, სადავო საკითხების 2 ეპიზოდში (1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით, 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება) მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, განახორციელოს ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.

შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 ივნისის დასკვნის მიხედვით:

1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დაკორექტირდა ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, რის შედეგადაც შემცირდა ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგების გადასახადის ნაწილში 2015- 2016 წლებში დაკორექტირდა (შემცირდა) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები.

2. შემცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 436 788 ლარით, მათ შორის, გადასახადი 430 266 ლარით და ჯარიმა 6 522 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, წარმოადგენს იმავე საჩივარს და არგუმენტებს, რაც თავის დროზე 25.09.2024 წელს №20912/2/2023 საჩივარში ჰქონდა დაფიქსირებული, ასევე, მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რაზეც მომჩივანი არ აპელირებს და სადავოდ არ ხდის. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 ივნისის დასკვნის მიხედვით: 1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დაკორექტირდა ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, რის შედეგადაც შემცირდა ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგების გადასახადის ნაწილში 2015- 2016 წლებში დაკორექტირდა (შემცირდა) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. 2. შემცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 436 788 ლარით, მათ შორის, გადასახადი 430 266 ლარით და ჯარიმა 6 522 ლარით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, წარმოადგენს იმავე საჩივარს და არგუმენტებს, რაც თავის დროზე 25.09.2024 წელს №20912/2/2023 საჩივარში ჰქონდა დაფიქსირებული, ასევე, მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რაზეც მომჩივანი არ აპელირებს და სადავოდ არ ხდის. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10006 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).