ბრძანება N 938

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.01.2023
№ დოკუმენტი 938
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 938

25.01.2023

შპს „-----“ (ს/ნ -----)

(მის.: “ ------ „ )

2022 წლის 25 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „----“ (ს/ნ ----- )№214018/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის № CB1409228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9, 19 და 28 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №117, N120 და №124).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებსა და განმარტავს, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის დროს გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.ამასთან,არასწორად იქნა გამოყვანილი შეწონილი საშუალო ფასნამატი.საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებისას კომპანიამ გადასცა არსებული ნაშთების შესახებ სრული ინფორმაცია,ასევე წარუდგინეს სასაქონლო მარაგების ნაშთი,არსებული შპალერების დეტალური და რაოდენობრივი ჩამონათვალი.აღნიშნავს,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაანგარიშებული დანაკლისის ფიზიკურად არსებობა შეუძლებელია.

კომპანიას გააჩნია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც ასახულია ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქონლის (იმპორტირებული შპალერი) შესყიდვა და იმპორტის ოპერაციები. ასევე სარეალიზაციო ოპერაციები. გააჩნიათ საქონლის დეტალური მოძრაობის ამსახველი ცხრილები. ამასთან, კომპანია არასდროს არის დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო. შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ საქონლის რეალიზაცია ხორციელედება მხოლოდ სალარო აპარატის გამოყენებით. ასევე უნაღდო ანგარიშსწორებითაც და კონსიგნაციითაც. ამდენად, არ არსებობს კომპანიის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების თუნდაც ერთი საფუძველი.

ორგანიზაცია 2019-2022 წლებში საქონლის რეალიზაციას ახდენდადა ამჟამად აცახდენს,როგორც იდენტიფიცირებულ,ასევე არაიდენტიფიცირებულ მყიდველებზე.იდენტიფიცირებულ მყიდველებზე განხორციელებული გაყიდვების 90% მოდის ორ მეწარმეზე, რომლიდანაც ერთ-ერთი ამჟამად გარდაცვლილია.

აღნიშნულ მყიდველებს კომპანიის მიერ იმპორტირებული შპალერი 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული მიაქვთ მხოლოდ და მხოლოდ შემოტანილი პარტიიდან ხარისხიანი და უნაკლო საქონლის სათითაოდ გადარჩევის გზით, ხოლო მათი მხრიდან საქონლის ღირებულების გადახდა უმეტეს შემთხვევაში ხდება კონსიგნაციით (ნაღდი და უნაღდო განგარიშწორებით). გარდა ამისა, აღნიშნულ მეწარმეებს, კომპანიის წინაშე, წინა პერიოდებში წამოყენებული აქვთ პრეტენზიები იმის გამო, რომ გაუხსნელ მდგომარეობაში წაღებული პარტიებიდან, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული ბევრი შპალერი აღმოჩნდა დეფექტიანი და წუნდებული. შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადარჩევის გზით რეალიზებული საქონლის ფასნამატი ყველა სხვა მყიდველის ფასნამატთან შედარებით მაღალია.

მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის საწყობში არსებული საქონლის უმეტესი ნაწილი იყო დეფექტური და ასევე ძველი კოლექციებიდან, რის გამოც მყიდველები ამ პროდუქციის (თუნდაც დაბალ ფასში) შეძენაზე უარს აცხადებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წელს კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მოეხდინა დეფექტური და ძველი კოლექციების შპალერის მაშტაბური ამოყიდვა-რეალიზაცია თვითღირებულებით და თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი რომ 2022 წლის 8 თვეში კომპანიის მიერ იმპორტირებული იქნა მხოლოდ 335.2 ათასი ლარის საქონელი, ხოლო რეალიზაციის მაჩვენებელმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 560.8 ათასი ლარი, საიდანაც უმეტესი წილი მოდის საწყობიდან თვითღირებულებით და თვითღირებულებაზე დაბალი ფასით გაყიდულ საქონელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 8 სექტემბრის N23208 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ------ ) სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „-----“ (ს/ნ ------) დირექტორმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული ჰქონდა შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი ჰქონდა გასავალში. ასევე შპს „-----“ (ს/ნ -----) დირექტორს ფაქტობრივი აღწერის შემდგომ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობებს ღებულობს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.

გადასახადის გადამხდელის 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის მოგების დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთმა შეადგინა 1434247.12 ლარი.

ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სულ შეძენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 335274.67 ლარი.

2022 წლის პირველი იანვრიდან 31 აგვისტომდე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ- ის დეკლარაციებით (შესაბამისი თვეების მონაცემებით), რომელმაც შეადგინა 636778 ლარი, ხოლო 2022 წლის 31 აგვისტოდან 2022 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით კი 250000 ლარი. სულ კი 661778 ლარი.

საშუალო შეწონილ ფასნამატად აღებულ იქნა 14.6 პროცენტი (დღგ-ის ჩათვლით).

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1280142.37 ლარი.

2022 წლის 26 სექტემბერს შპს „-----“ (ს/ნ ------) დირექტორს "------" -ს ჩაბარდა შეტყობინება მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროექტი, რაც გასაჩივრდა მედიაციის საბჭოზე.

მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „-----“ (ს/ნ -----) წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 772503.15 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღებულ იქნა ფასნამატი (14.6% დღგ-ის ჩათვლით), რომელიც გამოყვანილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ნაშთის საფუძველზე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასით (დღგ-ის ჩათვლით) შეადგინა 1044640.6 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ოქტომბერს შედგა №CB1409228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 104464.06 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს:

არაპირდაპირი მეთოდით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის განსაზღვრასთან დაკავშირებით, თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი მიიჩნევდა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა სწორად აქვს ნაწარმოები და ასევე კეთილსინდისიერად ეწევა ეკონომიკურ სამიქნობას (კერძოდ, რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის წესების სრული დაცვით), მაშინ მის მიერ მოწოდებულ საბუღალტრო მონაცემებზე (რაოდენობრივი ბუღალტრული ნაშთი სახეობების მიხედვით) დაყრდნობით არ უნდა არსებობდეს დაახლოებით 450 000 ლარის დანაკლისი, რაც სახეზე იქნებოდა თუ იხელმძღვანელებენ საზოგადოების „ორისში“ არსებული მონაცემებით. აქედან გამომდინარე ინვენტარიზაციის სრულყოფილად ჩატარების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ იქნა თანხობრივი ბუღალტრული ნაშთი.

ფასნამატთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქცია, რომელსაც გააჩნია თავისი ხვედრითი წილი სრულ რეალიზაციაში, მონაწილეობას უნდა იღებდეს ფასნამატის გაანგარიშებაში. ასევე წებოს ფასნამატის უგულვებელყოფის შემთხვევაში ფასნამატი ნაცვლად 14.6%-ისა, შეადგენს

13.7% და არა 11%-12%, როგორც გადამხდელი აცხადებს. მხოლოდ ერთ პოზიციაზე ფიქსირდება 10.3%- იანი ფასნამატი, ხოლო დანარჩენ პროდუქციაზე ფასნამატი მერყეობს 26%-66% შორის. შესაბამისად საშუალო ფასნამატმა შეადგინა 14.6%.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტი განმარტავს,რომ ინვენტარიზაციის პერიოდში შესწავლილ იქნა 2022 წლის მონაცემები.მათი ხელმძღვანელეს 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არსებული წლის ბოლოს ნაშთით და 2022 წლის შეძენა-რეალიზაციებით. 2022 წელს არანაირი დეფექტური სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია არ ფიქსირდება (გადამხდელს ამის შესახებ არ განუცხადებია ინვენტარიზაციის განხორციელების დროს).

თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აღნიშნავს, რომ ვისზე ხდებოდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის რეალიზება გაურკვეველია. ამის მტკიცებულებად გადამხდელმა წარმოადგინა ორი მეწარმის განცხადება. განცხადებების თანახმად აღნიშნული მყიდველები გადარჩევით იძენდნენ საქონელს, ხოლო დაზიანებული საქონელი რჩებოდა კომპანიის საწყობში. ამ ორ მყიდველზე არსებული რეალიზაცია, როგორც საწარმოს დირექტორი აცხადებს შეადგენს სრული რეალიზაციის 90 პროცენტს, შესაბამისად აღნიშნულ პიროვნებებზე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ წარმოადგენდა დეფექტურს და თვითრირებულებაზე დაბალ ფასად არ გაიყიდებოდა რაც ასევე დასტურდება 2022 წლის ზედნადებებით. წუნდებული პროდუქცია რჩება დანარჩენ 10 პროცენტში, რომლის რეალიაზაციაც დოკუმენტურად არსად ფიქსირდება. ამასთან, ინვენტარიზაციის პროცესში არ გამოვლენილა რაიმე სახის წუნდებული ან დეფექტური სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შპალერი და წებო) დანაკლისზე ფასნამატის გაანგარიშება განახორციელოს სახეობების მიხედვით (თითოეულზე ცალ-ცალკე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს საგადასახადო მონიტორინის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შპალერი და წებო) დანაკლისზე ფასნამატის გაანგარიშება განახორციელოს სახეობების მიხედვით (თითოეულზე ცალ-ცალკე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

3.ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებსა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 772503.15 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღებულ იქნა ფასნამატი (14.6% დღგ-ის ჩათვლით), რომელიც გამოყვანილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ნაშთის საფუძველზე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასით (დღგ-ის ჩათვლით) შეადგინა 1044640.6 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: