ბრძანება N 23184
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23184
30 ოქტომბერი 2024
ბრძანება
შპს „------- -ის “ (ს/ნ "--------")
(ფაქტ. მის.:"--------")
2024 წლის 15 და 17 ოქტომბრის საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №115) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ "--------") 2024 წლის 15 ოქტომბრის №170518/01 და 17 ოქტომბრის №92423/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 27 დეკემბრის №007- 412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაიდენტიფიცირებულ პირებზე განხორციელებული განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მიღებული მომსახურება ეხება სამედიცინო ხალათების კერვის მომსახურებას, თუმცა მიმდინარე შემოწმების ეტაპზე, მათი იდენტიფიცირების მიზნით, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდა ხელშეკრულებების მოძიება და წარმოდგენა. აღნიშნავს, რომ ერთი ფიზიკური პირის შესახებ არსებობს მაიდენტიფიცირებელი გარემოებები, შესაბამისად, დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული ხელფასი, ჯამური თანხით 291 660 ლარი, უნდა შემცირდეს და ნაცვლად ოთხი არაიდენტიფიცირებული პირისა (ჯამში 72 917.32 ლარი) უნდა განისაზღვროს 3 არაიდენტიფიცირებული პირის ხელფასი 54 687,99 ლარი. შედეგად, შემცირებას ექვემდებარება თანხა სხვაობით 18 229.33 ლარი.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ 2023 წლის აპრილის თვეში სალაროში თანხა მცირდება 78 345 ლარამდე, დარჩენილი თანხა, რომელიც დაფიქსირდება 2023 წლის ბოლოსათვის გაიცემა ხელფასის და დივიდენდის სახით დირექტორზე და დამფუძნებლებზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დარიცხული თანხების გადაანგარიშების პროცესში, შემოწმებისთვის დადგენილ დროში წარდგენილ იქნა ყველა მტკიცებულება, თუმცა სათანადო გამოკვლევა/ანალიზი არ ჩატარებულა და გამოცემულ იქნა დასკვნა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ.
3. გადამხდელი ითხოვს ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
4. გადამხდელი ითხოვს მის მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური დანაკლისის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი აპრილის №7104 ბრძანებით შპს „-------- ის“ (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „------- -ის” (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი აპრილის №7104 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 25 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-246 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა არაიდენტიფიცირებული 4 პირიდან მხოლოდ ერთის შესახებ წარმოადგინა ინვოისები დანიშნულებით „სამედიცინო ხალათების დაჭრისა და კერვის მომსახურება“. ინვოისის მიხედვით განსაზღვრულია მომსახურების მიმღები და გამცემი პირების შესახებ ინფორმაცია და მომსახურების ღირებულება. სხვა რაიმე ტიპის ინფორმაცია აღნიშნული ინვოისის მიხედვით განსაზღვრული არ არის. გადასახადი გადამხდელის წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით, მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულით მომსახურების გამწევი პირის საქმიანობის ადგილზე იმ პერიოდებში, როცა დაქირავებული სამუშაო ძალის გამოყენებით შეუძლებელი იყო დამკვეთებისგან მიღებული შეკვეთების უზრუნველყოფა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შესწავლილ იქნა შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რის საფუძველზეც არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით, საწარმოში მზა საქონლის დაბრუნება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა შესაძლებლობას, სამუშაოს დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნაცვლად დაქირავებით მუშაობისა დაკვალიფიცირდეს მომსახურების გაწევად. შესაბამისად, მიუხედავად ერთი პირის იდენტიფიცირებისა, არ იცვლება გადასახადით დაბეგვრის განაკვეთი და შესაბამისად, ამ ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მათ შორის, 2023 წლის სამეურნეო ოპერაციების შესახებ გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2023 წლის დეკლარაციების მიხედვით, გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის დეკლარირება არ მომხდარა. საწარმოს საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებს. 2022 წლის ნოემბრიდან საწარმოს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რამაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 97 094 ლარი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, მათ შორის შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა არაიდენტიფიცირებული 4 პირიდან მხოლოდ ერთის შესახებ ინვოისები დანიშნულებით „სამედიცინო ხალათების დაჭრისა და კერვის მომსახურება“. ინვოისის მიხედვით განსაზღვრულია მომსახურების მიმღები და გამცემი პირების შესახებ ინფორმაცია და მომსახურების ღირებულება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შესწავლილ იქნა შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რის საფუძველზეც არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით, საწარმოში მზა საქონლის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ იძლევა შესაძლებლობას, სამუშაოს დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნაცვლად დაქირავებით მუშაობისა დაკვალიფიცირდეს მომსახურების გაწევად. შესაბამისად, მიუხედავად ერთი პირის იდენტიფიცირებისა, არ იცვლება გადასახადით დაბეგვრის განაკვეთი და შესაბამისად, ამ ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია, მათ შორის 2023 წლის სამეურნეო ოპერაციების შესახებ, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „------- - ის“ (ს/ნ "--------") მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის პირველ თებერვალს და 7 თებერვალს წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი აპრილის №7104 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „-------- -ის“ (ს/ნ "--------") 2024 წლის 15 და 17 ოქტომბრის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის“ (ს/ნ "--------") საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №007-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „------- -ის“ (ს/ნ "--------") საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაიდენტიფიცირებულ პირებზე განხორციელებული განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი ითხოვს ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
4. გადამხდელი ითხოვს მის მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური დანაკლისის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელმა არაიდენტიფიცირებული 4 პირიდან მხოლოდ ერთის შესახებ წარმოადგინა ინვოისები დანიშნულებით „სამედიცინო ხალათების დაჭრისა და კერვის მომსახურება“. ინვოისის მიხედვით განსაზღვრულია მომსახურების მიმღები და გამცემი პირების შესახებ ინფორმაცია და მომსახურების ღირებულება. სხვა რაიმე ტიპის ინფორმაცია აღნიშნული ინვოისის მიხედვით განსაზღვრული არ არის.გადამხდელის წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით, მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულით მომსახურების გამწევი პირის საქმიანობის ადგილზე იმ პერიოდებში, როცა დაქირავებული სამუშაო ძალის გამოყენებით შეუძლებელი იყო დამკვეთებისგან მიღებული შეკვეთების უზრუნველყოფა.შესწავლილ იქნა შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რის საფუძველზეც არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით, საწარმოში მზა საქონლის დაბრუნება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა შესაძლებლობას, სამუშაოს დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნაცვლად დაქირავებით მუშაობისა დაკვალიფიცირდეს მომსახურების გაწევად. შესაბამისად, მიუხედავად ერთი პირის იდენტიფიცირებისა, არ იცვლება გადასახადით დაბეგვრის განაკვეთი და შესაბამისად, ამ ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მათ შორის, 2023 წლის სამეურნეო ოპერაციების შესახებ გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2023 წლის დეკლარაციების მიხედვით, გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის დეკლარირება არ მომხდარა. საწარმოს საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებს. 2022 წლის ნოემბრიდან საწარმოს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რამაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 97 094 ლარი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, მათ შორის შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთის მიმართ. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივანის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
301(ზ).