გადაწყვეტილება №19406/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19406/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------- 12.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19406/2/2023)
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №006-41 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 16 მარტის №7365 ბრძანების საფუძველზე, მომჩივანთან ჩატარებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 2 777.34 ლარის აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და 396 033.5 ლარის დანაკლისი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.02.2022 წლის №CB1270917 და №CB1270905 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები - ჯარიმა 1 388,67 (2 777.34*50%) ლარის და 39 605,35 (396 033.5*10%) ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებების დამატებით შესწავლის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად დაკისრებული სანქციის/სანქციების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №5671 ბრძანება, 7.02.2022 წლის №CB1270905 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის საფუძველზე 7.02.2022 წლის №CB1270905 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას (გაუქმებას). აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №006-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ 2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 16 მარტამდე განხორციელებულ იქნა 182 050.42 ლარის რეალიზაცია, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების განმახორციელებელი პირები ინფორმირებულები იყვნენ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2021 წლის 13 დეკემბრის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 1.03.2021-16.03.2021 განხორციელებული რეალიზაციის ოდენობად განსაზღვრულ იქნა 108 872 ლარი, ანუ მხოლოდ ის ბრუნვა, რაზეც საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი იყო დაფიქსირებული. გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვები ყოველთვის განსხვავდება საკონტროლო სალარო აპარატებში დაფიქსირებული ჩეკებისგან და მის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნებისმიერ წინა საანგარიშო პერიოდებში ყოველთვის აღემატება საკონტროლო სალარო აპარატებში დაფიქსირებულ ბრუნვას. ამასთანავე წარდგენილი იყო კონსიგნაციით რეალიზებული საქონლის გაშიფვრა მეწარმეების მიხედვით, რითაც უნდა ეხელმძღვანელა მონიტორინგის დეპარტამენტს დანაკლისის ღირებულების დადგენისას. მოითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა.
აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მონიტორინგის დეპარტამენტს დაავალა საკითხის შესწავლა გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სწორად აღსრულების შემთხვევაში, დადგენილი დანაკლისი უნდა შემცირებულიყო 182 050,42-108 872=73 178,42 ლარის საბაზრო ღირებულებით, რაც გამოიწვევდა №CB1270905 სამართალდარღვევის ოქმის კორექტირებას და მის შემცირებას 7 317,84 ლარით და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გამოვლენილი დანაკლისის თანხა უნდა დადგენილიყო 322 855.08, რაც მისი აღმოჩენის მომენტში გამოიწვევდა პირის დამატებით დაჯარიმებას ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით - 32 285,51 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადამხდელი ვალდებულია გამოვლენილი დანაკლისი ასახოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგისა და მოგების გადასახადის დეკლარაციაში.
მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშების პროცესში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, ვინაიდან საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილების სწორად აღსრულების შემთხვევაში გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულება ვერ გაუტოლდებოდა ნულს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის,ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭომ 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებები საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამ მიზნით დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად დაკისრებული სანქციის/სანქციების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკითხების შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.02.2022 წლის №CB1270905 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა (39 603,35 ლარი) დაექვემდებარა შემცირებას (გაუქმებას).
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №47575-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბჭოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №16673/2/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთის გადაანგარიშება.
2021 წლის 1 იანვრისთვის საწარმოს საწყის ნაშთად ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი 373 672,4 ლარის ნაცვლად აღებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 96 844 ლარი. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის შესწავლის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, 2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებამ შეადგინა 90 762,5 ლარის ნაცვლად 139 932 ლარი. გადაანგარიშების შედეგად შედგენილ ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთებს შორის შედარებისას დანაკლისი არ გამოვლინდა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველ საქონელთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დამატებითი დოკუმენტი არ წარუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დარჩა უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეტანილ იქნა ცვლილება, საწარმოს მიმართ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 2 თებერვალს შედგენილ №GB1270905 საგადსახადო სამართალდარღვევის ოქმში, კერძოდ: გაუქმდა, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გამოვლენილი დანაკლისის თანხა (განულდა).
ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის შემდგომ მოხდა ინვენტარიზაციის დასრულება და დანაკლისის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს უკვე დარიცხული ჰქონდა სანქცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №16673/2/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთის გადაანგარიშება.
მომჩივანს მიაჩნია, რომ საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად არ მომხდარა მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, ვინაიდან სწორად აღსრულების შემთხვევაში დადგენილი დანაკლისი უნდა შემცირებულიყო 182 050,42-108 872=73 178,42 ლარის საბაზრო ღირებულებით, რომელიც გამოიწვევდა №CB1270905 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კორექტირებას და მის შემცირებას 7 317,84 ლარით და ვერ გაუტოლდებოდა ნულს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მომჩივნის მონაწილეობით მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის ~პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უზრუნველყოს საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომჩივანთან ჩატარებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და დანაკლისი.გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა.აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 20.10.2022 წლის №16673/2/2022 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მომჩივნის მონაწილეობით მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
8(11);286(9);