გადაწყვეტილება №24844/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24844/2/2025
11 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ს 2.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24844/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას გამოვლენილი დანაკლისის
ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №086-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2413 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 927 570,96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 485 166
დღგ - 186 652
მოგების გადასახადი - (-5759)
საშემოსავლო გადასახადი - 304 273
ჯარიმა - 243 495
საურავი - 198 909,96
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.02.2021 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 2.02.2021 წელს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის 1.02.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე (ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 17.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის №26709 ბრძანება და 20.12.2024 წლის №086-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2413 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
საწარმო ახორციელებს იმპორტირებული ხახვის საცალო და საბითუმო რეალიზაციას. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 2 118 487 ლარს.
შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო ბუღალტერია“, ასევე საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 13%, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ფიქსირდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით, აღრიცხვის პროგრამის მიხედვით თვეების შესაბამისად საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 8-29%-ის ფარგლებში.
საგადასახადო ორგანომ მის ხელთ არსებული მონაცემებით შეუძლებლად მიიჩნია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება იყო არაარსებითი, შესაბამისად, შემოსავლის გაანგარიშება საცალო რეალიზაციის ნაწილში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი 2021 წელს 95%, ხოლო 2022, 2023 და 2024 წლებზე 64%, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
1 036 956 ლარით (დღგ-ის გარეშე), რაც დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი 1 223 608 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს უფლებამოსილმა პირმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო ბუღალტერია“, ასევე, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 13%-ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდება დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების მიხედვით, საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობს 8-29%-ის ფარგლებში. ამასთან, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება იყო არაარსებითი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამითა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საცალო რეალიზაციის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლის გაანგარიშება მართლზომიერია. ამასთან, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება (2021 წელს 95%, ხოლო 2022, 2023 და 2024 წლებზე 64%), რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების პროცესში დამატებით დადგენილი შემოსავალი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საზოგადოების საქმიანობის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მხოლოდ ხახვის ბოლქვების იმპორტი და რეალიზაცია, რაც დგინდება საზოგადოების, როგორც პირველადი დოკუმენტური მასალებით, ისე შემოსავლების სამსახურის ელ. პორტალზე არსებული ინფორმაციისა (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები თანდართულ დოკუმენტურ მასალებთან ერთად) და საბუღალტრო აღრიცხვის მასალებით.
საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საზოგადოების მიერ შემმოწმებლებისთვის სხვა წარდგენილ დოკუმენტურ მასალებთან ერთად წარდგენილი იქნა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ვერსია, რომელთან დაკავშირებითაც შემმოწმებელი აღნიშნავდა, რომ საზოგადოებას მოწესრიგებული და სრულყოფილი ბუღალტერია ჰქონდა, რომ ეს შემმოწმებლებს უიოლებდა ინფორმაციის დამუშავებას და აძლევდა შემოწმების ობიექტურად ჩატარების და საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად გაანგარიშების საშუალებას.
რაც შეეხება შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების იმ საფუძველს, რომ საზოგადოებას ინდივიდუალურად არა ჰქონდა აღრიცხული ყველა ოპერაცია და ის ვერ ახდენდა ამონაგებისა და რეალიზებული საქონლის იდენტიფიკაციას, ამ ნაწილში ყურადსაღებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საზოგადოება ვაჭრობს ერთი დასახელების საქონლით და ყველა ოპერაცია დაკავშირებულია ამ საქონელთან, ასე რომ საქონელი ჩამოიწერება ყველა ოპერაციაზე ინდივიდუალურად თუ ყოველთვიურად თვეში ერთხელ, შემოსავლის ნაწილში არსებითად არაფერს შეცვლის.
შემმოწმებლის მიერ გადამხდელის სპეციალისტთან ერთად შესწავლილი იქნა ყველა საბაჟო დეკლარაცია თანდართულ პირველად დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც დამოწმებული იყო აპოსტილით, შემოწმების პროცესში საბაჟო დეკლარაციებს, თანდართულ აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტურ მასალებსა და საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს შორის შეუსაბამობა არ გამოვლენილა, გამომდინარე აღნიშნულიდან საგადასახადო შემოწმების აქტში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ოდენობის არაარსებითობაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულზე აპელირება და მისი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად განხილვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ასევე, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებთან შესაბამისობაშია ინფორმაციები საბანკო ამონაწერებიდან და შემოსავლების სამსახურის ელ. პორტალზე არსებული ინფორმაციები (ინფორმაცია სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სალარო აპარატის ფისკალური მონაცემები და საბაჟო დეკლარაციები).
შემმოწმებელი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთ-ერთ პირობად მიუთითებს თვეების ჭრილში მერყევ ფასნამატზე 8%-დან 29%-ს შორის, აღნიშნული არის იმის ფაქტობრივ გარემოება, რომ გადამხდელი რამე ფიქსირებულ ფასნამატს კი არ აფიქსირებს, არამედ ფაქტობრივ ფასნამატს, რადგან ის წარმოადგენს იმპორტიორს და მის ფასწარმოქმნასა და რეალიზაციიდან გამომდინარე ამონაგებზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ეროვნული კურსის ცვალებადობა და საქონლის წარმომავლობა (-------).
დოკუმენტურად დადასტურებული თვითღირებულების არსებითობასთან დაკავშირებით ყურადსაღებია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმებისას თანახმად შემმოწმებლის მოთხოვნისა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საქონლის შეძენის დამადასტურებელი აპოსტილით დამოწმებული პირველადი დოკუმენტები.
საყურადღებოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საბუღალტრო აღრიცხვის მასალებით სსკ-ის მე-18 მუხლის გათვალისწინებით შესაძლებელია ყველანაირი გართულების გარეშე განისაზღვროს იდენტიფიცირებულ და არაიდენტიფიცირებულ მყიდველებზე საქონლის რეალიზაციიდან ამონაგები ცალ-ცალკე; რეალიზებული საქონლის თვითღირებულება როგორც იდენტიფიცირებულ მყიდველებზე, ისე არაიდენტიფიცირებულ მყიდველებზე; ფასნამატი როგორც იდენტიფიცირებულ მიწოდებაზე, ისე არადიენტიფიცირებულ მიწოდებაზე;
ამონაგების დაზუსტება იდენტიფიცირებულ მყიდველებზე ფასნამატის გათვალისწინებით; იდენტიფიცირებულ და არაიდენტიფიცირებული მყიდველებზე საქონლის რეალიზაციიდან ამონაგები, აღნიშნულ ნაწილში მთლიანი ამონაგები გაყოფილია იდენტიფიცირებულ და არაიდენტიფიცირებულ მიწოდებად და განსაზღვრულია თვითოეულის ხვედრითი წილი საერთო ამონაგებში.
ასევე, იდენტიფიცირებადია რეალიზებულ საქონელზე მისაკუთვნებელი საქონლის თვითღირებულება როგორც იდენტიფიცირებად ისე არაიდენტიფიცირებად რეალიზაციაზე, რითაც შეეძლო ესარგებლა შემმოწმებელს და მოეხდინა იდენტიფიცირებად და არაიდენტიფიცირებად რეალიზაციაზე ფასნამატის დაზუსტება რაც შეადგენს.
და აუცილებლობის შემთხვევაში სამართლებრივად საფუძვლიანი იქნებოდა შემმოწმებლის მიერ არაიდენტიფიცირებადი საქონლის მიწოდებაზე ფასნამატის გაზრდა იდენტიფიცირებულ მყიდველებზე ფიქსირებული ფასნამატის გათვალისწინებით.
შემმოწმებელი მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 13%. საზოგადოების ბუღალტრული პროგრამის მიხედვით რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 15,27%-ს რაც წარმოდგენილია გაანგარიშებით, სადაც ფიქსირდება რომ იდენტიფიცირებულ მყიდველებზე რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი შეადგენს 16,89%-ს, ხოლო არაიდენტიფიცირებულ მყიდველებზე რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი 12,63%-ს
შემმოწმებელს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გადამხდელი არცერთხელ არ ყოფილა დაჯარიმებული არც საბაჟო ოპერაციების წარმოებაზე, არც ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებასა და არც სალაროს აპარატის გამოუყენებლობაზე, თუმცა ფაქტობრივად რამოდენიმეჯერ მოხდა საკონტროლო შესყიდვა, მაგრამ რადგან სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა ოქმი არ იქნა შედგენილი შემოსავლების სამსახურის სპეციალისტების მიერ და საკონტროლო შესყიდვის ოფიციალურად არ ფიქსირდება.
რაც შეეხება შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს, ,,საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი“.
აღნიშნული ეფუძნება ზოგად განმარტებას. აღნიშნულში არ არის მითითებული კონკრეტული მეწარმეები, არ იკვეთება ეს მეწარმეები არიან იმპორტიორები თუ საქონლის ადგილზე გადამყიდველები, მუშაობენ მარტო ხახვის ბოლქვებზე თუ ზოგადად ბოსტნეულზე, არ იკვეთება შემმოწმებლის მიერ შერჩეული გადამხდელები რამდენად იდენტურ, მსგავსი მახასიათებლების საქონელს ეზიდებიან (საქონლის წარმოშობა-ადგილობრივია თუ იმპორტირებული საქონელი და რომელი ქვეყნიდანაა შემოტანილი, საქონელი ქარხნული დამუშავებისაა თუ ფერმერებისაგან შეძენილი დაუხარისხებელი), საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გადამხდელი საქონელს ეზიდება არა მხოლოდ -------- არამედ -------- და ---------შემმოწმებელს უნდა აეღო არა ამა თუ იმ გადამხდელის ფასნამატი (პრინციპი თუ ერთი მეწარმე იგებს რაღაც თანხას იგივეს მოიგებს მეორე მეწარმეც არალოგიკურად მიგვაჩნია) არამედ საქონლის მსგავსება და/ან იდენტურობა და სარეალიზაციო ფასები.
აღნიშნული მეთოდით ფასნამატის გაანგარიშებისას ძირითადად შესაბამისობაში უნდა იყოს ანალოგი კომპანიების მიერ საქონლის შეძენის ფასები, შესამოწმებელი გადასახადის გადამხდელის ფასებთან (ფინანსთა მინისტრის 2019 წლის რეკომენდაციები არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით).
განსახილველ შემთხვევაში რამდენადაც გადამხდელი ეწევა მხოლოდ ერთი დასახელების საქონლის შეძენა რეალიზაციას და უფიქსირდება იდენტიფიცირებული მიწოდება, რომ საქონელბრუნვიდან გამომდინარე გადამხდელი ფაქტობრივად ეწევა საბითუმო ვაჭრობას (სულ რეალიზებულია
3 881 630 კგ ხახვის ბოლქვი, საშუალო დღიური მიწოდება 3 985,24კგ. მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში საშუალოდ 186,8კგ) ფასნამატი განისაზღვროს იდენტიფიცირებული მიწოდებიდან გამომდინარე სსკ-ის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.
ფაქტობრივ გარემოებასთან შეუსაბამოა გაანგარიშებული ფასნამატი: 2021 წელს 95%, ხოლო 2022 2023 და 2024 წლებზე 64%, (დღევანდელი ბაზარზე არსებული პირობებიდან გამომდინარე 64-95 %-იანი ფასნამატი რეალობაზე საერთოდ აცდენილად მიაჩნია და ბოლოს გადამხდელს რომ არ ჰქონოდა საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და საერთოდ არ ჰქონოდა საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოები, სიტუაციური სახელმძღვანელოდან გამომდინარე რენტაბელობა განესაზღვრებოდა 25%-ით).
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს უსაფუძვლოდ მიაჩნია შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და 64-95 %-იანი ფასნამატის გათვალისწინებით დასაბეგრი თანხების განსაზღვრა და ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება მოხდეს გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების გათვალისწინებით.
საზოგადოება მზად არის აღიაროს მის მიერ იდენტიფიცირებულ მიწოდებაზე ფიქსირებული ფასნამატიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებები.
სულ რეალიზაცია დღგ-ს გარეშე იდენტიფიცირებულ მიწოდებაზე ფასნამატის გათვალისწინებით შეადგენს 2 193 331,41 ლარს დეკლარირებული დღგ-თი დასაბეგრი თანხა შეადგენს 2 118 487 ლარს; დღგით დასაბეგრი თანხა ფასნამატის კორექტირების საფუძველზე არის 74 844,41 ლარი აღნიშნულიდან გამომდინარე კუთვნილი გადასახადებია:
დღგ - 13 471.99 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 22 079.00 ლარი
სულ გადასახადი - 35 550,99 ლარი
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №4241 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის მასალები (სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთების რაოდენობა, რის შედეგადაც გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულებამაც შეადგინა 7 603 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 760 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
უნდა მოხდეს საქონელბრუნვიდან შესაძლო დანაკარგების გათვალისწინება, რამდენადაც საკითხი ეხება მალფუჭებად საქონელს და აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
მხარეთა არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2413 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 13%, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ფიქსირდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით, აღრიცხვის პროგრამის მიხედვით თვეების შესაბამისად საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 8-29%-ის ფარგლებში. დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება იყო არაარსებითი, შესაბამისად, შემოსავლის გაანგარიშება საცალო რეალიზაციის ნაწილში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი 2021 წელს 95%, ხოლო 2022, 2023 და 2024 წლებზე 64%, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 036 956 ლარით (დღგ-ის გარეშე), რაც დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი 1 223 608 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);8(11);286(9);