ბრძანება N 2844
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2844
16.02.2023
ფ/პ "-------" (პ/ნ --------- )
(მის.:---------- )
2023 წლის 10 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა ფ/პ "--------" (პ/ნ --------- ) №77920/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №007-396 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. აცხადებს, რომ გადასახადისგან თავის არიდება არ ყოფილა მისი მიზანი. აღნიშნულს ადასტურებს წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაციები, რომელთა შევსების პრინციპი საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნის გამო არასწორია. აღნიშნავს, რომ სრულად ითანამშრომლა შემოწმებასთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და გადაიხადა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №27666 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ "--------" (პ/ნ --------- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33470 ბრძანება და ამავე თარიღის №007-396 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 44 478 ლარი, მათ შორის, გადასახადი 28 980 ლარი, ჯარიმა 9 131 ლარი, საურავი 6 367 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
ფ/პ "--------" (პ/ნ ----------- ) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 30 დეკემბერს. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საზღვარგარეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამოყვანის მომსახურების გაწევა, კერძოდ: ავტომობილის ევროპიდან (ძირითადად, გერმანიიდან) შეძენის მსურველი იურიდიული ან ფიზიკური პირი უკავშირდება ფ/პ "-------" , რათა წინასწარ შერჩეული კონკრეტული ავტომობილის გერმანიიდან ჩამოყვანის მომსახურება მიიღოს მისგან. კლიენტი ფ/პ "-------" ხელზე აძლევს ან საბანკო ანგარიშზე ურიცხავს ავტომობილის შესაძენ თანხას და ავტომობილის ჩამოყვანის მომსახურების საფასურს. ამის შემდეგ, გადამხდელი მიდის გერმანიაში და ყიდულობს დამკვეთის მიერ შერჩეულ ავტომობილს და თავად ახდენს საავტომობილო გზით ავტომობილის ჩამოყვანას საქართველოში. შეკვეთების აბსოლიტურ უმრავლესობაზე შეთანხმება ხდება ზეპირსიტყვიერად და რაიმე დოკუმენტის გაფორმება არ ხდება. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი. აღნიშნული ძიების ფარგლებში შემოწმებისათვის მოწოდებულია პროკურატურიდან ინფორმაცია-დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები და დაკითხვის ოქმები).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად, გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებით ჯამში დეკლარირებული აქვს შემოსავალი 4 905 654 ლარის ოდენობით, ხოლო შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები - 4 899 543 ლარის ოდენობით. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, აღნიშნული შემოსავალი და ხარჯი დეკლარირებული აქვს შეცდომით, დეკლარირებული ციფრები არ ასახავს მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს და გაწეულ ხარჯს. ნაცვლად მისი მომსახურებით მიღებული შემოსავლისა, დეკლარირებული შემოსავალი და ხარჯი შედგება ერთი და იგივე შინაარსის თანხისაგან, რაც წარმოადგენს მის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საზღვარგარეთ ავტომობილების სანაცვლოდ გადახდილ თანხებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ "-------" შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად არ უფიქსირდება არც შემოსავალი და არც ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებული იქნება მის ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და ხარჯი დაექვემდებარა გაუქმებას.
გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წარმოდგენილია ბანკის ცნობები და ამონაწერები, ასევე მომსახურების მიმღები პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები მიღებული მომსახურების ღირებულების თაობაზე. შემოწმების პროცესში ასევე დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია. შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: შესამოწმებელ პერიოდში 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ფ/პ "-------" შემოყვანილი ყავს ჯამში 67 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, კერძოდ, წლების მიხედვით, 2019 წელს - 13 ავტომობილი, 2020 წელს - 5 ავტომობილი, 2021 წელს - 18 ავტომობილი და 2022 წელს - 31 ავტომობილი. გადამხდელის განმარტებით, 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში ერთი ავტომობილის ჩამოყვანის მომსახურების ღირებულება 1 000-დან 1 500 ევრომდე ღირდა, ხოლო, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მომსახურების ფასი გაიზარდა და ერთი ავტომობილის ჩამოყვანაში 3 000 ევროს იღებდა. საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის (დაკითხვის ოქმები), შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებული მასალების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებების ანალიზით, ფ/პ "-------" მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2019 წელს - 25 826 ლარი, 2020 წელს - 11 900 ლარი, 2021 წელს - 61 198 ლარი და 2022 წელს - 286 646 ლარი.
ფ/პ "-------" (პ/ნ ---------) მიერ 2019, 2020 და 2021 წლებში მიღებული ერთობლივი შემოსავალი შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია 2022 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაადეკლარიროს 2023 წლის 1 მარტამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ნმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ფ/პ "-------" (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.