გადაწყვეტილება №26887/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.04.2026
№ დოკუმენტი 26887/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№26887/2/2026

06 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 10.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26887/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის №25571/2/2025 (რეგ. 17.09.2025 წელი; №03/66077) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 თებერვლის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 26 992.26 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 16 530

დღგ - 2 835

საშემოსავლო გადასახადი - 13 695

ჯარიმა - 8 094

საურავი - 2 368.26

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სამურნეო მასალებითა და საღებავებით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8584 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად.

საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია კრედიტორ-დებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14064 ბრძანება და №070-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 280.89 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23785/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 10.10.2024 წლის №23785/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის დასკვნა, 17.12.2024 წლის №26486 ბრძანება და №070-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 15.01.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და თუ დადასტურდა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის), განახორციელოს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნა, 7.07.2025 წლის №15304 ბრძანება და №070-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 6 668 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 26.699.58 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 3.08.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.09.2025 წლის №25571/2/2025 (რეგ. 17.09.2025 წელი; №03/66077) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის №25571/2/2025 (რეგ. 17.09.2025 წელი; №03/66077) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2026 წლის დასკვნა, 12.02.2026 წლის №3065 ბრძანება და №070-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს დარიცხული თანხების შემცირება 6 668 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 4 465 ლარი და ჯარიმა - 2 223 ლარი. ასევე, ითხოვს ბანკიდან მიზნობრივად გატანილი სესხის - 120 000 ლარის სესხად აღიარებას, რომელიც მხოლოდ ფერმის მშენებლობას მოხმარდა და რომელიც აუდიტის სამსახურმა ჩაუთვალა შემოსავლებში, ხოლო ფერმის მშენებლობისთვის ნაყიდი სამშენებლო მასალები - ხარჯებში. შესამოწმებელი პერიოდი 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ჩათვალეს. 2.11.2024 წელს კვლავ შეძენილი აქვს ზედნადებით (ელ-№---) 11 002.60 ლარის მასალები. შედგენილია დამოუკიდებელი მარწმუნებელი ანგარიში №02/01-155, 20.12.2024 წელს შპს „---ის“ მიერ, რითაც დასტურდება რომ ბანკიდან აღებული სესხი სრულად მოხმარდა ფერმის მშენებლობას, მ.შ 11 002.60 ლარის მასალებიც. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 11 002.60 ლარის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით შეამციროს დამატებით დარიცხული გადასახადი. შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ წარდგენილია დებიტორ-კრედიტორების სია 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სადაც კრედიტორული დავალიანება შეადგენს 309 421 ლარს. 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეალიზაციამ შედგინა 453 277 ლარი. 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით საწარმომ შეიძინა 201 062 ლარის სასაქონლომატერიალური მარაგები. კრედიტორული დავალიანება 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შეადგენს 0- ს. საწარმომ ამ პერიოდში სრულად გადაიხადა კრედიტორული დავალიანების თანხა ( 309421+201062=510483 ლარი), ე.ი. კომპანიამ (510483-453277=57206 ლარი) სხვაობა - 57 206 ლარი, რომელიც ჰქონდა დირექტორს, დააბრუნა უკან კრედიტორული დავალიანების დასაფარად. აღნიშნული 57 206 ლარით უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მოახდინოს დამატებით დარიცხული გადასახადის შემცირება 57 206 ლარის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 15 აპრილს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს სალაროს ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, ადგილზე სალაროში დაფიქსირდა 72 ლარი, რაზეც შედგა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის აქტი. თუმცა, მათ არ გაუთვალისწინებიათ და არ განუმარტავთ ქონდა თუ არა სხვა ნაღდი ფული სახლში ან სხვაგან. დირექტორი არ არის სპეციალისტი და ვერ ერკვევა საგადასახადო საქმეში. რეალურად, სახლში ინახავდა 120 000 ლარს, ვინაიდან სავაჭრო ობიექტი არ იყო საკმარისად დაცული. ეს თანხა სჭირდებოდა კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს თანხა უნდა ასახულიყო ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის აქტში. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში, სადაც კრედიტორული დავალიანების სრულად დასაფარად კომპანიას უკან დაბრუნებული აქვს 57 206 ლარი, ასევე ნოემბრის თვეში სესხის დასაფარად შეტანილი აქვს 10 000 ლარი და ა. შ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და თუ დადასტურდა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის), განახორციელოს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფერმის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯები (1.4.2024-1.11.2024). შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში (1.04.2024-1.11.2024) მომჩივნის მიერ ფერმის მშენებლობისთვის გაწეულია ხარჯი, რომლის ოდენობაც შეადგენს 82 706 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ აღნიშნული თანხა გაითვალისწინა ფულის მოძრაობაში ხარჯების ნაწილში. გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 6 668 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 4 445 ლარი და ჯარიმა - 2 223 ლარი. კომპანიის წარმომადგენელმა 2025 წლის 4 სექტემბერს საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად და გადაანგარიშების პროცესში სრულად არ არის გათვალისწინებული მომჩივნის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

საბჭოს სხდომაზე მხარეებს მიეცა წინადადება, ერთად განეხილათ სადავო საკითხი და შეეჯერებინათ პოზიციები. 2025 წლის 12 სექტემბერს, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები და დარიცხული თანხები ექვემდებარება დამატებით კორექტირებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. შესაბამისად, საბჭოს 12.09.2025 წლის №25571/2/2025 (რეგ. 17.09.2025 წელი; №03/66077) გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი პერიოდის (1.04.2024-1.09.2025) საბანკო ამონაწერები, დებიტორ-კრედიტორების ჩამონათვალი და მიღებული ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია. შედეგად, დარიცხული გადასახადი შემცირებას არ ექვემდებარება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის №25571/2/2025 (რეგ. 17.09.2025 წელი; №03/66077) გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. ამდენად, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა, მათ შორის, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის). აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს აღნიშნული ხარჯების (ფერმის მშენებლობისთვის ბანკიდან აღებული სესხის თანხა) გათვალისწინება შესამოწმებელი პერიოდის ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფერმის მშენებლობისთვის ბანკიდან აღებული სესხის თანხა სრულად გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და აღნიშნულის შესაბამისად მოახდინოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის №25571/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №25571/2/2025 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დავების განხილვის საბჭოს №25571/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს №25571/2/2025 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. ამდენად, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა, მათ შორის, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის). აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს აღნიშნული ხარჯების (ფერმის მშენებლობისთვის ბანკიდან აღებული სესხის თანხა) გათვალისწინება შესამოწმებელი პერიოდის ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).