ბრძანება N 15190

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2025
№ დოკუმენტი 15190
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15190

04 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----ს“ (ს/ნ ----) (მის.:------)

2025 წლის 10 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ ------) N 96131/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის N 094-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ გადახდილი თანხები სრულად არის დაბეგრილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მარტის N 4925 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 8 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 14 მაისის №9524 ბრძანება და ამავე თარიღის N 094-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 359 ლარი, მათ შორის გადასახადი 4 963 ლარი, ჯარიმა 852 ლარი და საურავი 2 544 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს, შესამოწმებელ პერიოდში, წარმოადგენს საწვავის პროდუქტების ადგილობრივი შეძენა და საბითუმო რეალიზაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი საწვავის შეძენას ახორციელებდა შპს „-----გან“ (ს/ნ -----). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს გარდა დაქირავებული ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხებისა, უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელთა ასახვაც არ განხორციელდა შესაბამისი პერიოდების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში. ვინაიდან საწარმო თანხებს უნაზღაურებდა ფიზიკურ პირებს მას წამოეშვება საგადასახადო აგენტის ფუნქცია. შესაბამისად, შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20, 154-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

2. საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების ანალიზისას დადგინდა, რომ საწარმოს დაქირავებული ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული თანხების გარდა, ასევე, უფიქსირდება სხვა ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ ასახა შესაბამისი პერიოდების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბანკო ამონაწერები, რომელთაგან რამდენიმე ტრანზაქციის დანიშნულების ველში მითითებულია, რომ აღნიშნული გადარიცხვა წარმოადგებს იჯარის თანხის ანაზღაურებას.

შესაბამისად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებით დასტურდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად, საიჯარო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ფაქტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები მართლზომიერია.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტები/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს, შესამოწმებელ პერიოდში, წარმოადგენს საწვავის პროდუქტების ადგილობრივი შეძენა და საბითუმო რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს გარდა დაქირავებული ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხებისა, უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელთა ასახვაც არ განხორციელდა შესაბამისი პერიოდების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში. ვინაიდან საწარმო თანხებს უნაზღაურებდა ფიზიკურ პირებს მას წამოეშვება საგადასახადო აგენტის ფუნქცია. შესაბამისად, შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154;