ბრძანება N 11240
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11240
19.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(მის.----------, ----------)
2023 წლის 17 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 17 აპრილის №19434/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №056-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანს არ აქვს მითითებული კონკრეტული არგუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №18366 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №18366 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 16 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 58 338 ლარი, მათ შორის: გადასახადი 46 081 ლარი, ჯარიმა 12 257 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 მარტის №056-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა ფასნამატის გაანგარიშებების შესწავლა. გასწორდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ: შემოწმების ეტაპზე ფასნამატის გაანგარიშების დროს ცალკეული სახის საქონლის (ცალის) თვითღირებულება დაკავშირებული იყო აღნიშნული საქონლის შეკვრის სარეალიზაციო ღირებულებასთან. დეკლარირებული (ამავდროულად ინვენტარიზაციით დადასტურებული) სმფ-ს ნაშთების გათვალისწინებით დადგენილ რპთ-ზე გავრცელდა პროდუქციის ჯგუფების შესაბამისი ფასნამატები და დაზუსტდა დასაბეგრი შემოსავლები. ამასთან, განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია. მასალები გავლილ იქნა როგორც პირადი შეხვედრისას, ასევე გადაგზავნილ იქნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გადამხდელს მიეცა ვადა პოზიციის ან შენიშვნების წარმოსადგენად, რაც არ განხორციელებულა. გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა ფასნამატის გაანგარიშებების შესწავლა, გასწორდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №18366 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა ფასნამატის გაანგარიშებების შესწავლა, გასწორდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, გავრცელდა პროდუქციის ჯგუფების შესაბამისი ფასნამატები და დაზუსტდა დასაბეგრი შემოსავლები. გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 მარტის №056-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21)