გადაწყვეტილება №25724/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25724/2/2025
13 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25724/2/2025).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025ლის №024-46 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18147 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 55 723.37 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 35 908.12
ჯარიმა - 17 954.10
საურავი - 1 861.15
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გზებისა და ავტობანების მშენებლობა, სამშენებლო მასალების (ქვიშა, ბალასტი და ა.შ) რეალიზაცია, ნარჩენების გატანის მომსახურება და სხვა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11555 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2025 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა არ მოიცავს ----- მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების (ქ. -----ი, ---- ქუჩაზე, ტროტუარების, მოაჯირების საყრდენი კედლების რეაბილიტაცია) აქტების თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. კერძოდ, საწარმოს 2025 წლის თებერვალში შედგენილი აქვს მიღება ჩაბარების სამი აქტი, რომელთა სრული ღირებულება შეადგენს 793 904.28 ლარს, აღნიშნულ ოპერაციებზე ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც (ეა---, ეა---, ეა---). შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №15401 ბრძანება და ამავე თარიღის №024-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18147 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაო დაბეგრილია 2025 წლის იანვრის თვეში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11555 ბრძანებით შემოწმდა 2025 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში, მიღებაჩაბარების აქტები შედგენილი იყო 2025 წლის თებერვალში, რაც გადამხდელის მიერ არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში და შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის თებერვლის თვეში შემოწმებით დაიბეგრა შესრულებული სამუშაო, რომელზეც ანგარიშფაქტურა გამოიწერა და დაიბეგრა 2025 წლის იანვრის თვეში. დარიცხული გადასახადი 35 908 ლარი წარმოადგენს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის ეა--- შესაბამის დღგ-ს, ხოლო აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და დაბეგრილია იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციით.
მართალია მიღაბა-ჩაბარების აქტს ხელი მოეწერა 2025 წლის თებერვლის თვეში, მაგრამ ინსპექტირების ანგარიშით (წარმოადგინა დანართი) შესრულებული სამუშაო დადასტურდა 2025 წლის 24 იანვარს. ამიტომ სამუშაოს შესრულებისა და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის პერიოდად მიიჩნიეს იანვრის თვე. ამასთან, დამკვეთმა დაადასტურა 2025 წლის იანვრის თვეში გაგზავნილი ანგარიშ-ფაქტურა.
ანგარიშ-ფაქტურაზეც და ინსპექტირების ანგარიშზე ზუსტად იგივე სახით ჰქონდა წვდომა აუდიტის დეპარტამენტს, როგორც მიღება-ჩაბარების აქტზე. გასაგებია, რომ შეუძლიათ იანვრის თვის დეკლარაციის დაზუსტება, მაგრამ ჯარიმა რჩება 17954 ლარის ოდენობით. ჯარიმის დარიცხვა რეალურად იმითაა გამოწვეული, რომ სამუშაო შესრულდა და ინსპექტირების ანგარიშით დადასტურდა იანვრის თვეში და არ უნდოდა დაგვიანებით დაებეგრა და გადაეხადა ბიუჯეტში გადასახადი. ასევე ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას, ვინაიდან დეკლარირება უფრო ადრე განხორციელდა და რეალურად ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებიათ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18147 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №11555 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2025 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა,რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა არ მოიცავს მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. კერძოდ, საწარმოს შედგენილი აქვს მიღება ჩაბარების სამი აქტი, რომელთა სრული ღირებულება შეადგენს 793 904.28 ლარს, აღნიშნულ ოპერაციებზე ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15401 ბრძანება და ამავე თარიღის №024-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №18147 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);