გადაწყვეტილება №24755/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 24755/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24755/2/2025

10 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, -------- 27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------13.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24755/2/2025).

 

დავის საგანი:

საქონლის სეს ესნ კოდის შეცვლა და შედეგად დარიცხული დღგ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 19.12.2024 წლის №34357146 შეტყობინება;

2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2025 წლის №621 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

დღგ - 6 151.39 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

19.12.2024 წელს კომპანიის კუთვნილი საქონელი (ქიმიური ნივთიერებათა ნარევი: „---------“ და „---------“) №---------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

აღნიშნული საქონელი წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად, კლასიფიცირდა „3824 99 960 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. ვინაიდან „3824“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და №-------- საბაჟო დეკლარაციით კომპანიას მითითებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ 6 151.39 ლარის ოდენობით.

19.12.2024 წლის №-------- შეტყობინებით დეკლარანტს წერილობით ეცნობა №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის შესაბამის სახაზინო კოდზე გადახდის ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს მითითებული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული თანხის გადახდა.

საბაჟო დეპარტამენტის 19.12.2024 წლის №------- შეტყობინება, 19.12.2024 წლის №-------- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის სისწორე და დარიცხულ დღგ 30.12.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.01.2025 წლის №621 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლზე, 35-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლზე.

„წესი I: კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით“, 38 ჯგუფი მოიცავს ქიმიური პროდუქტებს. 3824 სასაქონლო პოზიციაში ჩართულია მზა შემკვრელი ნივთიერებები, სამსხმელო ფორმებისა ან ღერძების წარმოებისათვის; ქიმიური პროდუქტები და პრეპარატები, ქიმიური ან მისი მომიჯნავე მრეწველობის დარგების მიერ წარმოებული (ბუნებრივი პროდუქტების ნარევისაგან შედგენილი პრეპარატების ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი.

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების (წესი I) გათვალისწინებით, „სინჯარები“ შესაძლებელია კლასიფიცირდეს 39-ე ჯგუფში (პლასტმასები და მათი ნაწარმი), 70-ე ჯგუფსა (მინა და მისი ნაწარმი) და 90-ე ჯგუფში (ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები) თავისი შემადგენლობის, ფუნქციის და დანიშნულების შესაბამისად. მათი კლასიფიციკაციისთვის რელევანტური სასაქონლო კოდებია:

პლასტმასის ლაბორატორიული ჭურჭელი (მათ შორის სინჯარა) კლასიფიცირდება 3926 (პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი და 3901–3914 სასაქონლო პოზიციების დანარჩენი მასალების ნაწარმი) სასაქონლო პოზიციაში;

მინის ლაბორატორიული ჭურჭელი (მათ შორის სინჯარა) კლასიფიცირდება 7017 (მინის ჭურჭელი ლაბორატორიული, ჰიგიენური ან ფარმაცევტული მიზნებისათვის, გრადუირებული და არაგრადუირებული, დაკალიბრებული და დაუკალიბრებელი) სასაქონლო პოზიციაში;

სისხლის აღებისთვის და ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი პლასტმასის/მინის სტერილური, ჰერმეტულად დალუქული ვაკუუმური სინჯარები, რომლებშიც შესაძლოა იყოს ანტიკუაგულანტები კლასიფიცირდება 9018 (ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები) სასაქონლო პოზიციაში.

დადგენილია, რომ დეკლარირებული საქონელი ------- არის ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებული ჰიალურონის მჟავისა და „სეპარაციის სითხის“ ქიმიური ნარევი, საქონლის ხასიათს არსებითად განსაზღვრავს სინჯარაში განთავსებული საინექციო - „ქიმიური ნარევი“ და ჰარმონიზებული სისტემის „ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“, პროდუქტის შემადგენლობის, ფუნქციის, დანიშნულებისა და გამოყენების გათვალისწინებით მისი კლასიფიცირება 3824 99 960 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე, რომ მომჩივნის მიერ მითითებულ 9018 სასაქონლო პოზიციაში 19.12.2024 წლის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირება ვერ განხორციელდება, ვინაიდან 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები. მაგალითად სამედიცინო დანიშნულების ელექტროგრაფები, ულტრაბგერითი სკანირების აპარატები, მაგნიტურრეზონანსული გამოსახულების აპარატები, შპრიცები, ნემსები კათეტერები, კანულები და ანალოგიური ინსტრუმენტები. 9018 სასაქონლო პოზიციაში ასევე, კლასიფიცირდება სისხლის აღებისთვის და შენახვისთვის განკუთვნილი პლასტმასის სტერილური, ჰერმეტულად დალუქული ვაკუუმური კონტეინერები, რომლებშიც შესაძლოა იყოს ანტიკუაგულანტები.

საგულისხმოა ასევე, რომ აღნიშნული კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქიმიურ ნივთიერებათა ნარევის - -------- კლასიფიკაციის მიზნით, 19.12.2023 წელს განხორციელდა სასაქონლო ექსპერტიზა და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------- დასკვნის მიხედვით, საქონლის შემადგენლობის საფუძველზე სეს ესნ კოდად განისაზღვრა „3824 99 960 09“.

მომჩივნის არგუმენტებთან, კერძოდ საქონლის „9018 30“ კოდში კლასიფიცირებასთან დაკავშირებით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი წარმოებულია -------- კომპანია „-------“-ის მიერ, აღნიშნული კომპანია აწარმოებს ინოვაციური პროდუქტებს - ------- - თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა), რომლებიც გამოიყენება პლაზმოთერაპიისთვის (ჰემატოლოგიური თერაპია) დერმატოლოგიაში, სტომატოლოგიასა და ორთოპედიაში. მათი მიზანია ქსოვილების აღდგენა და მიკროელემენტების რეგენერაცია. მითითებული თერაპია მოიცავს პაციენტისთვის საკუთარი სისხლის პლაზმით ინექციას.

მომჩივნის მოთხოვნაზე 19.12.2024 წლის №------- შეტყობინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე სახაზინო კოდი, სადაც ხდება ამ თანხის გადახდა და ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს თანხის გადახდა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 19.12.2024 წლის №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 19.12.2024 წლის №------ შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული საქონელი არის ------- წარმოშობის, მისი სასაქონლო კოდი არის 90183900, რაც დასტურდება ------- შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, ------- შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და ევრო-1 სერტიფიკატით, რომელიც ახლავს დანართად საჩივარს თარგმნილს და ნოტარიულად დამოწმებულს, ხოლო რატომ მოხდა ახალი სასაქონლო კოდის განსაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაურკვეველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და განხორციელდეს 19.12.2024 წლის №------- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, საქონლის კოდად განისაზღვროს 90183900 კოდი და მოეხსნას უკანონოდ დარიცხული დღგ 6 151.39 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.

4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

2. წესი I: კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად.

აღნიშნული ნომენკლატურის მიხედვით:

ჯგუფი 90 ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები: 9018 ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები:

9018 39 000 00 – – დანარჩენი.

ჯგუფი 38 დანარჩენი ქიმიური პროდუქტები:

3824 მზა შემკვრელი ნივთიერებები, სამსხმელო ფორმებისა ან ღერძების წარმოებისათვის; ქიმიური პროდუქტები და პრეპარატები, ქიმიური ან მისი მომიჯნავე მრეწველობის დარგების მიერ წარმოებული (ბუნებრივი პროდუქტების ნარევისაგან შედგენილი პრეპარატების ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი:

3824 99 – – დანარჩენი:

3824 99 960 00 – – – – – დანარჩენი.

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ისგან გათავისუფლებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნის 9018-9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტსისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი.

მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის სასაქონლო კოდი არის 90183900, რაც დასტურდება ------- შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, თურქეთის შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და ევრო-1 სერტიფიკატით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და განხორციელდეს 19.12.2024 წლის №--------- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, საქონლის კოდად განისაზღვროს 90183900 კოდი და მოეხსნას უკანონოდ დარიცხული დღგ 6 151.39 ლარის ოდენობით.

მოპასუხე ორგანოს 19.02.2025 წლის №--------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან, ირკვევა, რომ მომჩივანს იგივე საქონელი შემოტანილი აქვს 2023 წელს, რომელმაც საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის შესახებ მიმართა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს. აღნიშნული სამმართველოს 19.12.2023 წლის №--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წარდგენილი საქონლის - ქიმიურ ნივთიერებათა ნაკრები ------- გამოიყენება მუხლში სახსარში და ინექციების მოსამზადებლად, სახსრების ტკივილის სიმპტომური მკურნალობის გასაუმჯობესებლად და ასევე, გამოიყენება ინტრადერმული ინექციების მოსამზადებლად, დეჰიდრატირებული და დანაოჭებული კანის ქსოვილების დასატენიანებლად - სეს ესნ კოდია 38249996009. ამდენად, მომჩივნისთვის ცნობილი იყო აღნიშნული საქონლის სეს ესნ კოდი.

საქმეში წარმოდგენილია (საბაჟო დეპარტამენტის ზემოთ მითითებულ წერილს ახლავს) საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 20.01.2025 წლის №------- წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ №--------- 19.12.2024წ. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი წარმოებულია ------- კომპანია „--------“-ის მიერ, აღნიშნული კომპანია აწარმოებს ინოვაციური პროდუქტებს - PRP (---------- თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა), რომლებიც გამოიყენება პლაზმოთერაპიისთვის (ჰემატოლოგიური თერაპია) დერმატოლოგიაში, სტომატოლოგიასა და ორთოპედიაში. მათი მიზანია ქსოვილების აღდგენა და მიკროელემენტების რეგენერაცია. მითითებული თერაპია მოიცავს პაციენტისთვის საკუთარი სისხლის პლაზმით ინექციას. პროდუქტები: ---------- წარმოადგენს ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებულ ქიმიურ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება პლაზმოლიფტინგის პროცედურებისთვის. კერძოდ, სინჯარაში მოთავსებულია ჰიალურონის მჟავა და „სეპარაციული სითხის“ (რომელებიც ძირითადად დამზადებულია სილიკონის ან პოლიმერის ფუძეზე) ნარევი. მითითებული სინჯარით ხდება სისხლის აღება და ცენტრიფუგის საშუალებით სისხლიდან პლაზმის გამოყოფა. გამოყოფილი პლაზმა ერევა სინჯარაში უკვე არსებულ ჰიალურონის მჟავასთან. მზა ნარევი გამოიყენება საინექციოდ და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, გაჯანსაღებასა და სხეულის ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების გაძლიერებას. აღნიშნული პროდუქტები გამოიყენება ესთეტიკური მიზნებისთვის, ხოლო ------- არის ჰერმეტულად დალუქული სინჯარა, რომელშიც ძირითადად მოთავსებულია მხოლოდ „სეპარაციულ სითხე“ ან/და ანტიკოაგულანტები. აღნიშნული სინჯარის მეშვეობით ხდება სისხლის აღება შემდგომი ანალიზისთვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება მისი ფუნქციის, დანიშნულებისა და შემადგენლობის მიხედვით და კლასიფიკაციისთვის გამოიყენება მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“. „წესი I: კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით“, აღნიშნულის გათვალისწინებით „სინჯარები“ შესაძლებელია კლასიფიცირდეს 39 -ე ჯგუფში (პლასტმასები და მათი ნაწარმი), 70-ე ჯგუფსა (მინა და მისი ნაწარმი) და 90-ე ჯგუფში (ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები) თავისი შემადგენლობის, ფუნქციის და დანიშნულების შესაბამისად. მათი კლასიფიციკაციისთვის რელევანტური სასაქონლო კოდებია:

პლასტმასის ლაბორატორიული ჭურჭელი (მათ შორის სინჯარა) კლასიფიცირდება 3926 (პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი და 3901–3914 სასაქონლო პოზიციების დანარჩენი მასალების ნაწარმი) სასაქონლო პოზიციაში;

- მინის ლაბორატორიული ჭურჭელი (მათ შორის სინჯარა) კლასიფიცირდება 7017 (მინის ჭურჭელი ლაბორატორიული, ჰიგიენური ან ფარმაცევტული მიზნებისათვის, გრადუირებული და არაგრადუირებული, დაკალიბრებული და დაუკალიბრებელი) სასაქონლო პოზიციაში;

სისხლის აღებისთვის და ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი პლასტმასის/მინის სტერილური, ჰერმეტულად დალუქული ვაკუუმური სინჯარები, რომლებშიც შესაძლოა იყოს ანტიკუაგულანტები კლასიფიცირდება 9018 (ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები) სასაქონლო პოზიციაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროდუქტები--------არის ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებული ჰიალუროონის მჟავისა და „სეპარაციის სითხის“- ქიმიური ნარევი, საქონლის ხასიათს არსებითად განსაზღვრავს სინჯარაში განთავსებული საინექციო - „ქიმიური ნარევი“ და ჰარმონიზებული სისტემის „ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“, პროდუქტის შემადგენლობის, ფუნქციის, დანიშნულებისა და გამოყენების გათვალისწინებით მათი კლასიფიკაცია უნდა განხორციელდეს 3824 99 960 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულის შესაბამისად, 19.12.2024 წლის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირება ვერ განხორციელდება. ხოლო, 19.12.2024 წლის №------- შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე სახაზინო კოდი, სადაც ხდება ამ თანხის გადახდა და ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს თანხის გადახდა.

ამგვარად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო აღნიშნული კოდის განსაზღვრის სისწორეს ადასტურებს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის სეს ესნ კოდის შეცვლა და შედეგად დარიცხული დღგ

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს კუთვნილი საქონელი საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. ვინაიდან „3824“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და საბაჟო დეკლარაციით შპს-ს მითითებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

საბაჟო:35;საგადასახდო:173"გ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით: