ბრძანება N 5499
📄 სრული ტექსტი
N 5499
13 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2016 წლის 4 თებერვლის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/ბ-19-2022) განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2016 წლის 4 თებერვლის №12034/2/16 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას და 20-25%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი. შესაბამისად, კლიენტების მიერ მოგებული თანხები იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, რის საფუძველსაც აძლევდა იმ პერიოდისთვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა ყველა ის ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისთვის არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით. შესაბამისად კლიენტების მიერ მოგებული თანხების ანაზღაურება 2007 წლის 31 დეკემბრისათვის არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით, რის გამოც კომპანია კლიენტებზე გაცემულ მოგებას ბეგრავდა 12%-იანი განაკვეთით. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოში ყოველთვიურად წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 21-ე უჯრაში, სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები გამოყოფილი აქვს ცალკე.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდას დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით არ არის გათვალისწინებული კლიენტების მიერ ჟეტონების დაბრუნების შედეგად გადახდილი თანხები, რაც აზარტული თამაშობების ბიზნესში მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე დიდ დანახარჯს წარმოადგენს. აცხადებს, რომ მიღებული შემოსავლებიდან კლიენტებზე დაბრუნებული თანხები შეადგენს დაახლოებით 45-50%-ს. აღნიშნავს, რომ მუშაობა შეწყვიტა 2012 წელს იმაზე ადრე ვიდრე სამორინის ლიცენზიის და იჯარის ვადა გავიდოდა, რადგან საქმიანობა იყო არარენტაბელური.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოითხოვოს ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან, მათი მოგების მარჟის თაობაზე და გადამხდელისაგან გამოთხოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოახდინოს საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2015 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შპს „----''ს 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №12868 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №12868 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები შპს „----ის“ (ს/ნ ----) მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/568-17-21) შპს „----ს“ (ს/ნ ----) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/ბ-19-2022) მიხედვით:
„1. „----ის” (ს/ნ ----) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „---ის“ (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №12868 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება (საჩივრის №12034/2/16 და 13.012/2/16);
4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს შპს „----ის" საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 02 ივლისის №081-140 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და 2015 წლის 30 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივართან დაკავშირებით;
5. დანარჩენ ნაწილში შპს „---ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-1270(2კ22)) უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/ბ-19-2022).
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასთან დაკავშირებით, რომელმაც საშუალოდ 26% შეადგინა (მთლიანი შემოსავალის დაახლოებით 79,06% წარმოადგენს ჯამურად დაბრუნებული თანხები). გამოთხოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე თუ გადამხდელის განმარტებას დაყრდნობით, როგორც საჩივარშია აღნიშნული, რომ ერთობლივ შემოსავალში არა სხვაობა არამედ მთლიანი შემოსავალია დეკლარირებული მაშინ მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე გამოქვითვები გადააჭარბებს შემოსავალს (კაზინო გავა ზარალზე) და გადამხდელს იმის საშუალებაც არ ექნებოდა დეკლარირებული მოგების/ქონების გადასახადი გადაეხადა, რაც რეალობას არის მოკლებული, შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციით გამყარდა პოზიცია, რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/ბ-19-2022) მიხედვით, შემოსავლების სამსახურს დაევალა განიხილოს შპს „---ის" საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და 2015 წლის 30 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივართან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების თანახმად, არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა იმგვარად, რომ ცხადად აისახოს დასაბეგრი შემოსავალი (მოგება). გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად გამოიყენება საკასო ან დარიცხვის მეთოდი, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამასთან, აღრიცხვის პირველად დოკუმენტებში სრულად და გარკვევით უნდა იყოს ასახული სამეურნეო ოპერაციის შიანაარსი, საგანი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეების დასახელება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის173-ე მუხლის თანახმად:
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველად საგადასახადო დოკუმენტად მიიჩნევა წერილობითი საბუთი, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) დოკუმენტის დასახელება; ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღი; გ) დოკუმენტის ნომერი, რომლის განმეორება აკრძალულია; დ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა რეკვიზიტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება და მისი გაცემის თარიღი; სხვა პირის შემთხვევაში – პირის სრული დასახელება, მისი მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ე) სამეურნეო ოპერაციის შინაარსი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების მტკიცებას, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების აღსრულების პროცესში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) აძლევდა დავის განმხილველ ორგანოს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული იყო, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავდა, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, გადასახადის გადამხდელი საჩივრით არ ეთანხებოდა გადაანგარიშების შედეგებს და ამ შედეგების გათვალისწინებით მიღებულ აქტებს. კერძოდ, მიიჩნევდა, რომ №5650 ბრძანების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი და არ აძლევდა შემოსავლების სამსახურს საკითხის გადასაწყვეტად საკმარის ცნობებს.
მხარეთა ზემოთ აღნიშნული პოზიციების გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), საჩივრის განუხილველად დატოვებისთვის უნდა დადასტურდებულიყო, რომ სადავო აქტი წარმოადგენდა საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულ აქტს, რომლითაც სრულად იქნა გათვალისწინებული აღსასრულებელ აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართებლივი შეფასება.“
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია: „პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცნობებით ვერ ჩაითვლება, რომ შემოსავლების სამსახურმა №5650 ბრძანების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ცნობები გამოიკვლია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი ყველა შესაძლო სუბიექტისგან. მეტიც, სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელებისგან როგორც დამატებითი, ისე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის ნაცვლად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების საფუძველზე გამოცემული დასკვნის, კორექტირებული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებამდე, პალატის შეფასებით, საჩივრის განმხილველ ორგანოს უნდა გამოეკვლია, სათანადოდ აღსრულდა თუ არა №5650 ბრძანება.
დასახელებული ბრძანების ჯეროვნად აღსრულებისთვის კი უნდა შეფასებულიყო:
1. რა გარემოებების გამოკვლევა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს;
2. სრულყოფილად შეისწავლა თუ არა აუდიტის დეპარტამენტმა მიღებული ინფორმაცია და საჭირო იყო თუ არა დამატებითი ცნობები მოძიება;
3. წარდგენილი ინფორმაცია იძლეოდა თუ არა არამხოლოდ დარიცხული თანხის გადაანგარიშების, არამედ ზოგადად სადავო საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად: „პალატა ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ როცა დავის განმხილველ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია გადასახადის გადამხდელის საჩივარზე და სრულყოფილად არ გამოუკველია კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტები და გარემოებები, შეუძლებელია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე მსჯელობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 11.05.2016 წლის №12858 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე მითითებით გადასახადის გადამხდელისთვის საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ეწინაღმდეგება საგადასახადო კოდექსს, რის გამოც არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანება არ არის აღსრულებული და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას და 20-25%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდას დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები საწარმოს მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/568-17-21) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/ბ-19-2022) მიხედვით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-1270(2კ22)) უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/ბ-19-2022).
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304.