გადაწყვეტილება № 27169/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.05.2026
№ დოკუმენტი 27169/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27169/2/2026

07 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 19.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27169/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2026 წლის №006-34 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7259 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 065,21 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 12 107,21

ჯარიმა - 2 611,30

საურავი - 346,20

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო/ სარემონტო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.06.2024 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.08.2025 წლიდან 1.12.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის აგვისტოს, ოქტომბრისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

შემოწმების შედეგები აისახა 13.02.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს, გაწერილი საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, არასწორად ჰქონდა დეკლარირებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები.

საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, კორექტირებული იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზეც 17.02.2026 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №3467 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-34 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.03.2026 წლის №7259 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მიაჩნია, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რაც წარმოდგენილი არგუმენტებით და დოკუმენტური მტკიცებულებებით, ასევე აუდიტის პროცესში მაქსიმალური თანამშრომლობით გამოვლინდა. სამწუხაროდ დავების საბჭომ არ ჩათვალა საჭიროდ გადასახადის გადამხდელის დაბარება და თხოვნა/საჩივარი არ დააკმაყოფილა, არგუმენტად მითითებულია რომ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები. ფაქტობრივი გარემოებებიდან ნათლად ჩანს კომპანიის ბუღალტრის მიერ დაშვებული იყო მხოლოდ მექანიკური შეცდომა, რასაც დროის მოკლე პერიოდში თვითონვე გამოავლენდა და დააკორექტირებდა.

კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, დამკვეთებთან ხელშეკრულების შესაბამისად, თანხის გადახდა არ ხდება მანამდე, სანამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გაეგზავნებათ და დამკვეთი არ დაადასტურებს. როდესაც მათი მხრიდან იგზავნება ფაქტურა, დამკვეთი მხარე ამის შემდეგ იწყებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების და ღირებულებების შემოწმებას, რა დროსაც ხდება ოპერაციის კორექტირებები. შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამკვეთის დადასტურება. ამ საოპერაციო მოდელიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდიში გამოვლინდა 2 ხარვეზი:

1. 2025 წლის ნოემბრის თვის დეკლარაცია პირველადად გაიგზავნა იმ დღგ-ით დასაბეგრ თანხებზე, რის შესახებაც ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, ხოლო ერთი რეალიზაცია დამკვეთმა დაუდასტურა 2026 წლის 15 იანვარს, რის შესახებაც 2026 წლის 15 იანვარსვე მომზადდა კორექტირებული დეკლარაცია და სრულად გადამოწმების შემდეგ 2026 წლის იანვარშივე გაიგზავნა კორექტირებული დეკლარაცია, სადაც გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარს ერთვის დოკუმენტები დანართების სახით, სადაც ჩანს ფაქტურის გამოწერის თარიღი და დადასტურების თარიღი, ასევე კორექტირებული საგადასახადო დეკლარაციის შექმნის თარიღი და გადაგზავნის თარიღი. მათ მიერვე კორექტირებული დეკლარაცია არ იქნა დადასტურებული, რადგან იგეგმებოდა შემოწმება.

2. რაც შეეხება 2025 წლის აგვისტოს თვეში არსებულ გადასახადის შემცირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ დამკვეთთან ხდებოდა 2 დამოუკიდებელი ტიპის მომსახურების გაწევა, ხოლო ჩარიცხვები არ იშიფრებოდა კონკრეტული სერვისის მიხედვით. 2025 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაციის მომზადებისას, ბუღალტერიის მიერ განხორციელდა მიღება-ჩაბარების შესაბამისად რეალიზაციის სრული აღიარება, ხოლო ჩარიცხულ თანხასა და მიღება ჩაბარებას შორის არსებული დადებითი სხვაობა განხილულ იქნა მიღებულ ავანსად, რომელიც აისახა დეკლარაციის შესაბამის უჯრაში და მოხდა დღგ-ით დაბეგვრა. 2025 წლის ოქტომბრის თვეში დამკვეთთან მოხდა შეთანხმება, რომ აგვისტოს თვეში ჩარიცხული თანხები სრულად განხილულიყო ავანსად და აგვისტოს თვის შესრულებას ცალკე გადაგვიხდიდნენ. შესაბამისად მოხდა ავანსის ფაქტურის სრულ თანხაზე გამოწერა. სამწუხაროდ აგვისტოს თვის დეკლარაციაში დაბეგრილ ავანსთან არ მოხდა შედარება და მოხდა შეცდომის დაშვება. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარს ეთვის დანართები: 2025 წლის დღგ-ს დეკლარაცია, სადაც ავანსი დაბეგრილია ზედმეტად მიღებული თანხების შესაბამისად, ასევე 2025 წლის აგვისტოს თვეზე გამოწერილი ავანსის ანგარიშ ფაქტურა, რომელიც მომზადებულია ოქტომბრის თვეში. კომპანიას აქვს ასობით ტრანზაქცია და შემოწმების შედეგად სხვა სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. ორივე ხარვეზიან საკითხთან დაკავშირებით ელექტრონულად ხდებოდა საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების გამოწერა, შესაბამისად მათი მხრიდან შეუძლებელი იყო გადასახადებისგან თავის არიდებაზე ჰქონოდათ განზრახვა. ასევე, წლის დახურვის შემდეგ, კომპანია ახორციელებს შიდა აუდიტს, რომლის ფარგლებშიც აუცილებლად გასწორდებოდა ნებისმიერი მსგავსი ხარვეზი, რადგან კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას სრულად და დროულად აწარმოებს და შესაბამისად ავანსის ანგარიშებზე სხვაობა მარტივად დაიდენტიფიცირდებოდა. შემოსავლების სამსახურის აუდიტთან მათი ურთიერთობა იყო მაქსიმალურად კოლეგიალური და ოპერატიული. ასევე აქტით დარიცხული დღგ-ს თანხა გადახდილ იქნა დაუყოვნებლივ. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „-----“, როგორც გადასახადის გადამხდელი პირნათლად აღრიცხავს მის ოპერაციებს, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით ახდენს კუთვნილი გადასახადების გადახდას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. იმის გათვალისწინებით, რომ არ აპირებდა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, თვლის, რომ მათი მხრიდან მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, რომელიც გამოწვეულია მის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომით, ისინი მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და თავს არ აარიდებდნენ კუთვნილი გადასახადებს, მათი მოტივაცია იყო ბიუჯეტისთვის არ მიეყენებინათ ზარალი. მათი გააზრებით გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად გადაიხადოს გადასახადები, რაც დასტურდება მათ ქმედებებში.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად ახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას და ყველა ოპერაცია აქვს ბუღალტრულად აღრიცხული, ასევე გამოვლენილ სამართალდარღვევაში არ იკვეთებოდა გადასახადებისგან თავის არიდების მოტივაცია მომჩივანი ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი სსკ 269 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმისგან 2 611 ლარის ოდენობით და დარიცხული საურავისგან 346.20 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი განმარტავს, რომ შეცდომა განაპირობა არცოდნამ/შეცდომამ და ის არ ატარებდა მიზანმიმართულ ხასიათს, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო/ სარემონტო მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.08.2025 წლიდან 1.12.2025 წლამდე პერიოდზე. შემოწმდა 2025 წლის აგვისტოს, ოქტომბრისა და ნოემბრის დღგ-ის დეკლარაციებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებებისა და საბაჟო დეკლარაციების ასახვის სისწორე. 13.02.2026 წლის შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელს გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით არასწორად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ის დეკლარაციები. შესაბამისად, კორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;272(1);275(2)