ბრძანება N 16950
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16950
17 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------)
(მის.: ქ. -----------------------------------)
2024 წლის 11 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 11 ივლისის №90662/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივნისის №001-102 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ კომპანიას შპს „-------სგან“ 2021 წლის ივლისის თვეში ჩაერიცხა შესაძენი საქონლის ავანსი, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა დაგვიანებით, ამავე წლის სექტემბრის თვეში, გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. განმარტავს, რომ შპს „-----ის“ მიერ ჩარიცხული ავანსის თანხა განაშთული და სრულად დაბეგრილია 2021 წლის აგვისტოს თვეში. აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოება შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა, შესაბამისად, მიაჩნია, რომ ერთი და იგივე თანხა დაიბეგრა ორჯერ, პირველად გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მეორედ შემოწმების მიერ 2021 წლის ივლისის თვეში. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 მაისის №12950 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 12 ივნისის №13776 ბრძანება და ამავე თარიღის №001-102 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 30 159 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 132 ლარი, ჯარიმა 7 566 ლარი, საურავი 7 461 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს თევზის და ხორცეულის რეალიზაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით კომპანიის 2023 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 718 519 ლარს, ხოლო აღნიშნულიდან ოთხი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (დასაბეგრი ბრუნვა 337 320 ლარი) განაშთულია წინა საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დასაბეგრ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობა შეადგენს 86 446 ლარს. აღნიშნული სხვაობა განპირობებულია შესამოწმებელ თვეს გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურით (ავ---------), რომელიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს. შემოწმების შედეგად დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, სასაქონლო ზედნადებების და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით კომპანიის 2023 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 718 519 ლარს, ხოლო აღნიშნულიდან ოთხი ელექრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განაშთულია წინა საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დასაბეგრ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობა შეადგენს 86 446 ლარს, რომელიც განპირობებულია შესამოწმებელ თვეს გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ ჰქონდა. შემოწმების შედეგად დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ ჰქონდა დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიაჩნია, რომ ერთი და იგივე თანხა დაიბეგრა ორჯერ, პირველად გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მეორედ შემოწმების მიერ 2021 წლის ივლისის თვეში. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12950 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №13776 ბრძანება და №001-102 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 30 159 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმებით დადგინდა, რომ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით კომპანიის 2023 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 718 519 ლარს, ხოლო აღნიშნულიდან ოთხი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (დასაბეგრი ბრუნვა 337 320 ლარი) განაშთულია წინა საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დასაბეგრ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობა შეადგენს 86 446 ლარს. აღნიშნული სხვაობა განპირობებულია შესამოწმებელ თვეს გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურით , რომელიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს. შემოწმების შედეგად დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ ჰქონდა დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(1); 159(1 ,,ა“ და ,,ბ“); 163(1.2); 164(1); 180(1);