ბრძანება N 28974
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28974
30 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2025 წლის 2 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N 103) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 2 დეკემბრის N 99152/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის N 068-17 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საქონლის ნაშთის ოდენობას და მიუთითებს, რომ შემოწმებამ საქონლის ნაშთი დაადგინა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე და არ განუხორციელებია საქონლის აწონვა. ამასთან, აცხადებს, რომ გაუგებარია თუ რატომ განისაზღვრა მზესუმზირის კოპტონის საბაზრო ფასი ექსპერტიზის დასკვნით, მაშინ როდესაც, სხვა საქონელზე შემოწმებამ გამოიყენა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი. მიაჩნია, რომ ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა მეთოდის გამოყენება არასამართლიანია. ასევე, განმარტავს, რომ მისთვის უცნობია თუ რომელი დოკუმენტური ფასი გამოიყენა აუდიტორმა გადაანგარიშებისას. მიაჩნია, რომ გადაანგარიშების შედეგად მეტად უნდა შემცირებულიყო დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის N 16560 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივრები.
აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მზესუმზირის კოპტონზე გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის N 16560 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 13 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 72 416 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 48 436 ლარით და ჯარიმა 23 980 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 23 ოქტომბრის N 068-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, განხორციელდა მზესუმზირის კოპტონზე დოკუმენტური ფასის გამოყენება, რომლის შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ისა და გადახდის წყაროსთან დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, შემოწმების მიერ საქონლის ნაშთის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოწმების მიერ გადამხდელისთვის უცნობი დოკუმენტური ფასის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ, გადაანგარიშების ეტაპზე, მზესუმზირის კოპტონზე გამოიყენა დოკუმენტური ფასი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასი (0,69 თეთრი), ნაცვლად ექსპერტიზის მიერ განსაზღვრულისა (0,84 თეთრი). ამასთან, აღნიშნული ფასი (0,69 თეთრი) შესაბამისობაშია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ფასთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საქონლის ნაშთის ოდენობას და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივრები. აუდიტის დეპარტამენტმა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 72 416 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 304 (21);.