ბრძანება N 4080
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4080
26 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2023 წლის 9 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „----------“ (ს/ნ-----------) 2023 წლის 9 ივნისის №98725/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №094-36 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას. კერძოდ, არ ეთანხმება 2012 წელს გასხვისებული ქონების სარეალიზაციო ფასის მიჩნევას ქონების საბაზრო ფასად და 2009-2012 წლებში აღნიშნულის ქონების გადასახადით დაბეგვრას საბაზრო ღირებულებით. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს მიეთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევას და შესწავლას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმისთვის. კერძოდ, შემოსავლების სამსახურს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვის დროს და გადაწყვეტილების მიღებისას დაესაბუთებინა კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ დაევალა 2009 წლის ქონების საბაზრო ფასის დადგენა. ასევე, საბაზრო ფასის დადგენის განხორციელების მიზნით, შემოსავლების სამსახურს მიეთითა, რომ დაყრდნობოდა პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპს. სასამართლოს აღნიშნული მითითებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა ისე განიხილა და გადაიანგარიშა საგადასახადო შემოწმების შედეგები, რომ სასამართლოს არცერთი მითითება არ გაითვალისწინა, მათ შორის არ გაითვალისწინა 2009 წლის ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასების დასკვნა.
ამასთან, გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ოდენობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, არასწორად განხორციელდა საურავის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24155 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. სს „----------“ (ს/ნ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მასში აღნიშნული მითითებების შესაბამისად ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობის და შემდეგ 2009-2010-2011-2012 წლის ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საურავის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24155 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 5 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 მაისის №094-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 10 ოქტომბრის №25004 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 26 იანვრის №21215/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №25004 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 იანვრის №21215/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შედეგები დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი, შემოსავლების სამსახურში საჩივარი განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად, შესაბამისად, არ იქნა მოსმენილი სადავო ქონებასთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის განმარტებები და პოზიციები.
ამასთან, საბჭო მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულზე, რომ „საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა და შემდეგ უნდა დაადგინოს 2009 წლის ქონების საბაზრო ფასი, განსაზღვროს იგი პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპებზე დაყრდნობით და იმ პირობებში, როდესაც საქმეში მოიპოვება განსხვავებული შედეგის შემცველი აუდიტორის დასკვნები, მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება“, რაზეც ამყარებს თავის არგუმენტებს მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში და საბჭოზე საჩივრის განხილვისას.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების 14 სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიმდინარე დავის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შემფასებელ ----------- მიერ შესრულებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა №---------, რომელის მიხედვითაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 840 000 ლარს. იგივე ქონებაზე აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა რეალიზებული ქონების შეფასება სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ, რაზეც შედგა „დასკვნა ---------- საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“. აღნიშნული დასკვნის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 258 000 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა დაყრდნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოდან მოწოდებულ ინფორმაციას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას მაღალი სტანდარტის საიმედოობის მქონე ინფორმაციად, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესწავლით დადგინდა, რომ წარმოდგენილი დასკვნა შედგენილია გაყიდვების შედარების მეთოდით, რომლის ინფორმაციის წყაროს საფუძვლადაც მითითებულია გაზეთ „-----------“ განცხადებები. ამასთან, შედარების კომპონენტად გამოყენებული ქონებების მდებარეობების ტერიტორიული არეალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაფასებელი ქონების მდებარეობისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი/მტკიცებულება, რის მიხედვითაც 2014 წლის 21 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით სს „----------“ დარიცხული თანხები დაექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, საურავის დარიცხვის მართლზომიერების დამატებით შესწავლით დადგინდა, რომ ქონების გადასახადში დარიცხვა განხორციელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საურავის შემცირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. თუ დადგინდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებულია გადაიხადოს მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი; ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე პერიოდზე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. ამასთანავე, აღიარების შედეგად წარმოშობილი სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.
2012 წლის 15 მაისის №6211 საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს. ხოლო, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა და შემდეგ უნდა დაადგინოს 2009 წლის ქონების საბაზრო ფასი, განსაზღვროს იგი პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპებზე დაყრდნობით და იმ პირობებში, როდესაც საქმეში მოიპოვება განსხვავებული შედეგის შემცველი აუდიტორის დასკვნები, მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ისე საგადასახადო შემოწმებისას არსებული კანონმდებლობა უფლებას ანიჭებდა საგადასახადო ორგანოს, რომ საგადასახადო შემოწმებისას მოეხდინა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული საგადასახადო ორგანოს, როგორც გადასახადების ადმინისტრირების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გადასახადის სისწორის შემოწმებასა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა საგადასახადო შემოწმებისას პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება განესაზღვრა საბაზრო ფასით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საოფისე ფართი 2012,53 კვ.მ შეფასების მომენტისთვის გაურემონტებელი იყო და ის განთავსებული იყო შენობის მე-5 და მე-6 სართულებზე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული „საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“ დასკვნით შესაფასებელ ობიექტად განსაზღვრულია სს „-----------“ საკუთრებაში არსებული ქ. ------------ში მდებარე 2012,53 კვ.მ ფართი (ს/კ ----------). დასკვნით დადგინდა, რომ ინსპექტირების თარიღისთვის შესაფასებელი ობიექტი მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი შეფასების მომენტთან შედარებით და შეფასების მომენტისთვის უკვე გამოიყენებოდა კომერციული დანიშნულებით, აღნიშნული დასკვნით გაურკვეველია რატომ დადგინდა შეფასების ობიექტად მე-2-მე-6 სართულები, მაშინ როდესაც უდავოდ დგინდებოდა, რომ შესაფასებელი ობიექტი განთავსებული იყო შენობის მე-5 და მე-6 სართულებზე, ასევე ფართი შესაფასებელ პერიოდში იყო გაურემონტებელ მდგომარეობაში. შესაბამისად, დასკვნაში მოყვანილი ანალოგები გაურკვეველია რომელ სართულებზე მდებარეობს, ასევე შეფასების მომენტისთვის გარემონტებულია თუ გასარემონტებელი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების შესწავლის გარეშე აღნიშნული დასკვნის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, მაშინ როდესაც აღნიშნულ ყველა საკითხს ფარავს სს ,,------------“ მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულ სასამართლოს განმარტებაზე, რომ ქონების, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების ფასი დამოკიდებულია ერთდროულად სხვადასხვა გარემოებებზე და მნიშვნელოვანია, როგორც ბაზარზე არსებული მოთხოვნა, ისე სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური ვითარება. ამდენად, ქონების საბაზრო ღირებულება შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა დამოუკიდებელ ფაქტორთა ზემოქმედებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საბაზრო ფასი არის ცვალებადი, ხოლო გარიგების ფასზე სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებიც ახდენენ გავლენას, დაუშვებელია, რომ 2012 წლის გარიგების ფასი მიჩნეულ იქნას 2009 წლის საბაზრო ფასად, ვინაიდან, ერთი მხრივ, საბაზრო და გარიგების ფასები შეიძლება არ იყოს იდენტური ეკონომიკური მახასიათებლის მატარებელი, ხოლო, მეორე მხრივ, 3 წელი ვერ იქნება მიჩნეული იმ ვადად, როდესაც საბაზრო ფასს არ შეიძლებოდა განეცადა არსებითი ცვლილება. ამრიგად, საგადასახადო ორგანოს მიერ ავტომატურად არ უნდა მომხდარიყო 2009 წლის საბაზრო ფასად 2012 წლის გარიგების ფასის მიჩნევა და საბაზრო ფასი უნდა განსაზღვრულიყო სწორედ 2009 წელს არსებული საბაზრო ფასების გამოკვლევის შედეგად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, მასში აღნიშნული მითითებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, დარიცხულ საურავთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2012 წლის 15 მაისის საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, საურავის დარიცხვის მართლზომიერების დამატებით შესწავლით დადგინდა, რომ ქონების გადასახადში დარიცხვა განხორციელებულია 2012 წლის 15 მაისის საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით და არ არსებობს საურავის შემცირების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ისე საგადასახადო შემოწმებისას არსებული კანონმდებლობა უფლებას ანიჭებდა საგადასახადო ორგანოს, რომ საგადასახადო შემოწმებისას მოეხდინა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული საგადასახადო ორგანოს, როგორც გადასახადების ადმინისტრირების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გადასახადის სისწორის შემოწმებასა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა საგადასახადო შემოწმებისას პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება განესაზღვრა საბაზრო ფასით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
202(4);272