გადაწყვეტილება №27719/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27719/2/2026
16 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 3.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27719/2/2026).
დავის საგანი:
1. უძრავი ქონების კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №005-255 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის №------- ბრძანება.
დარიცხული თანხა: 165 152.68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 81 000.86
დღგ - 68 933.36
საშემოსავლო გადასახადი - 12 067.5
ჯარიმა - 40 500.7
საურავი - 43 651.12
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.10.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 27.10.2025 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 30.12.2025 წლის №28857 ბრძანება და №005-255 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის №------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა
ფაქტების აღწერა
კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება. კერძოდ, ------- სასტუმროს ნომრები (მშენებარე). პირი ზოგ შემთხვევაში ახდენს უძრავი ქონების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე (საკადასტრო კოდი ------- და -------), ხოლო ზოგ შემთხვევაში დამფუძნებლისთვის უკან დაბრუნებას (საკადასტრო კოდი: -------). შემოწმებით, გაანალიზებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და ასევე საჯარო რეესტრის მონაცემები (ამონაწერები, ხელშეკრულებები), გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, რის შედეგადაც დაიდენტიფიცირდა რეალიზებული უძრავი ქონება (273 726 ლარი დღგ-ის გარეშე).
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2023 წლის თებერვლის თვეში ფიქსირდება დამფუძნებლის, კერძოდ შპს „-------“-ის მიერ ქონების გატანა შპს „-------“ კაპიტალიდან. დღგ-ით დაბეგვრას ასევე დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების კაპიტალიდან გამოტანა (აღნიშნული ქონების კაპიტალში შეტანა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, კერძოდ რეგისტრაციისას წარდგენილია განცხადება, სადაც მოთხოვნილია იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე 102 000 ლარის ღირებულებით). კაპიტალიდან გატანის ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით (128 900 ლარი). აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ ჯამურად შეადგინა 382 963 ლარი. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ქონება შპს „-------“ საკუთრებაში გადავიდა კაპიტალში შეტანის გზით და ეს არ ყოფილა სტანდარტული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც შემდეგ შესაძლოა გაუქმებულიყო. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმებისას განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადიდან 68933.36 ლარი შეადგენს დღგ-ს ნაწილში დარიცხვას, სადაც 19662 ლარი ეხება უძრავ ქონებას (ს.კ. -------), რომელიც შემოტანილია კაპიტალში და შემდეგ გაუქმებულია ოპერაცია. 2025 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში განმარტებულია, რომ ზემოაღნიშნული ოპერაცია განხილულია, როგორც კაპიტალის უძრავი ქონებით დაბრუნება და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, რასაც არ ეთანხმება. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია (იხ. დანართი) და ოპერაციის შინაარსი მოწმობს, რომ ოპერაცია გაუქმებულია და შესაბამისად განხილულ უნდა იქნეს, როგორც გაუქმება და არა უკან დაბრუნება, რაც არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ამასთან, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ფასი ოპერაციის გაუქმების მომენტში იყო 102 000 ლარი და არა 128 900 ლარი, საიდანაც დათვლილია დღგ შემოწმებისას. ასევე, აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრით ან არ დაბეგვრით ბიუჯეტი არც ივსება და არც თანხას კარგავს, რადგან ერთი მხარე თუ დაიბეგრებოდა მეორე მხარე ჩაითვლიდა კიდეც.
ითხოვს, გასაჩივრების ვადის დარღვევის მიუხედავად (ვადა დაირღვა, რადგან კომპანიამ ვერ მოახერხა 2026 წლის 1 აპრილამდე 4.08.2021-ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა) წარმოებაში იქნას მიღებული საჩივარი, გულდასმით მოხდეს განხილვა და არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის №------- ბრძანება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა 30.03.2026 წელს, რომელსაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია, ამიტომ საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, განხორციელდა აღნიშნული ბრძანების საჯაროდ გავრცელება 29.04.2026 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 19.05.2026 წელს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 30.03.2026 წლის №------- ბრძანების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებ-გვერდზე გაცნობა ფიქსირდება 30.06.2026 წელს. დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის საჩივარი ზემოთ დასახელებული სადავო აქტების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით 3.07.2026 წელს.
მომჩივნის განმარტებით, კომპანიას 2026 წლის 1 აპრილიდან შეეზღუდა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომა, ხოლო 26.06.2026 წლამდე ვერ მოახერხა საწარმოს სტატუსის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. გამომდინარე აქედან ითხოვს, საჩივრის წარმოებაში მიღებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, სახეზეა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენების საფუძველი და მომჩივნის მხრიდან გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული, შესაბამისად, საჩივარი განხილულ უნდა იქნეს არსებითად.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე, განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივნის განმარტებით, საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია და ოპერაციის შინაარსი მოწმობს, რომ ოპერაცია გაუქმებულია და შესაბამისად განხილულ უნდა იქნეს როგორც გაუქმება და არა უკან დაბრუნება, რაც არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ამასთან ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ფასი ოპერაციის გაუქმების მომენტში იყო 102 000 ლარი და არა 128 900 ლარი, საიდანაც დათვლილია დღგ შემოწმებისას. ასევე, აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრით ან არ დაბეგვრით ბიუჯეტი არც ივსება და არც თანხას კარგავს, რადგან ერთი მხარე თუ დაიბეგრებოდა მეორე მხარე ჩაითვლიდა კიდეც.
სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2026 წლის №64326-21-14 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით მითითებულია:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მის სახელზე არსებული (დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი ან/და შეძენილი) უძრავი ქონების რეალიზაცია, რომლებიც მდებარეობს -------, -------, -------. 2020 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შპს „-------“-ისგან (ს/ნ -------) შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საკუთრებაში უფიქსირდება 23.01.2020 წლიდან უძრავი ქონება (ს.კ. -------). შპს „-------“-ი (ს/ნ -------) 2022 წლის 31 მაისის განცხადებით ითხოვს შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და საკუთრებაში დაბრუნებას. 2022 წლის 08 ივლისის შპს „-------“-ს (ს/ნ -------) დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით 29.07.2022 წლიდან ზემოაღნიშნული ქონება ფიქსირდება შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საკუთრებაში. 2023 წლის 20 თებერვლიდან შპს „-------“-ს (ს/ნ -------) კაპიტალში შეტანილი (08.07.2022 წლის გადაწყვეტილება) ქონება უკან იქნა გატანილი „-------“-ის მიერ, ხოლო 2023 წლის 27 თებერვალს გადაწყვეტილებით კი აღნიშნული ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს „-------“ (ს/ნ -------). შპს „-------“-ს (ს/ნ -------) აღნიშნული კომერციული ფართი 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს „-------“-ის (ს/ნ -------) კაპიტალში აქვს შეტანილი. ასევე, შპს „-------“ (ს/ნ -------) შემოწმებულია და აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილია დღგით. შესავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში მოხდა 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2023 წლის 28 დეკემბრის N005-244 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება. არცერთ ინსტანციაში ზემოაღნიშნული საკითხი არ დაკმაყოფილდა. დღგ-ით დაბეგვრას ასევე დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების კაპიტალიდან გამოტანა (აღნიშნული ქონების კაპიტალში შეტანა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, კერძოდ რეგისტრაციისას წარდგენილია განცხადება, რითიც მოთხოვნილია იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე). შესაბამისად 2023 წლის 20 თებერვლის ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ხოლო საბაზრო ფასად აღებულია შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მიერ შემოწმებით დადგენილი საბაზრო ფასი 128 900 ლარის ოდენობით. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას, აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრით ან არდაბეგვრით ბიუჯეტი არც ივსება და არც თანხას კარგავს, რადგან ერთი მხარე თუ დაიბეგრებოდა მეორე მხარე ჩაითვლიდა კიდეც, უსაფუძვლოა, ვინაიდან შპს „-------“ (ს/ნ -------) თუ გამოწერდა ანგარიშ-ფაქტურას, შპს „-------“ (ს/ნ -------) ვერ ჩაითვლიდა, რადგან არაკვალიფიციურია.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ უძრავი ქონება მომჩივნის საკუთრებაში გადავიდა კაპიტალში შეტანის გზით და არ მომხდარა ამ ქონების გადაცემა (მიწოდება) ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც შემდეგ შესაძლოა გაუქმებულიყო. გამომდინარე აქედან, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის შესახებ მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №005-255 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 40 500.7 ლარი და საურავი - 43 651.12 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით საბოლოოდ დადგენილი დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული, ითხოვს გათავისუფლდეს დამატებით დაკისრებული ჯარიმა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება. პირი ზოგ შემთხვევაში ახდენს უძრავი ქონების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში დამფუძნებლისთვის უკან დაბრუნებას. შემოწმებით, გაანალიზებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და ასევე საჯარო რეესტრის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, რის შედეგადაც დაიდენტიფიცირდა რეალიზებული უძრავი ქონება. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, ფიქსირდება დამფუძნებლის, მიერ ქონების გატანა მომჩივანის კაპიტალიდან. დღგ-ით დაბეგვრას ასევე დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების კაპიტალიდან გამოტანა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ უძრავი ქონება მომჩივნის საკუთრებაში გადავიდა კაპიტალში შეტანის გზით და არ მომხდარა ამ ქონების გადაცემა (მიწოდება) ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც შემდეგ შესაძლოა გაუქმებულიყო. გამომდინარე აქედან, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის შესახებ მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)