ბრძანება N 24952

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2026
№ დოკუმენტი 24952
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24952

30 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 95) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) 2026 წლის 13 ოქტომბრის N 105022/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 სექტემბრის N 081-186 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 ივლისის N 15970 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 11 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 სექტემბრის N 20320 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-186 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 170 224 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 86 762 ლარი;

დღგ - 30 322 ლარი;

მოგების გადასახადი - 56 036 ლარი;

ქონების გადასახადი - 404 ლარი;

ჯარიმა - 46 307 ლარი;

საურავი - 37 155 ლარი;.

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 11 ოქტომბერს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია იმავე თარიღიდან. საწარმოს ეკონომიკური საქმიანობაა უძრავი ქონების შეძენა, მასზე მშენებლობის დაწყების მიზნით. შემოწმების დროისთვის საწარმოს საკუთრებაში უძრავი ქონება არ ფიქსირდება, ყველა შეძენილ ქონებასთან მიმართებით გაფორმებულია ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, ქონების ნაწილის გამოსყიდვის ვადა გასულია და გადაყიდულია საბოლოოდ მესამე პირებზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები ჰქონდა პროგრამაში - „-----“. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ 2024 წელს ფიზიკურ პირთან გააფორმა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, გაიყიდა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად. საგადასახადო შემოწმების დასრულების დროისთვის აღნიშნული ქონება არ გამოუსყიდია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-6 ნაწილით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 11 მარტის N 5205 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა - ნაგებობის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითებით და ვინაიდან მიწაზე განთავსებულ საცხოვრებელს სახლს (268,5 კვ.მ) ჰქონდა არსებითი ეკონომიკური ღირებულება, ამასთან, საწარმოს მიმართ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან იქ სხვა მშენებლობის დაწყების უფლების დამდგენი დოკუმენტი გაცემული არ ყოფილა, მიწოდების ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება 2024 წელს ფიზიკურ პირთან გაფორმებული ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებით ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მიზანი არ ყოფილა ქონების საბოლოო გასხვისება. კომპანიამ ფიზიკური პირისგან მიიღო სესხი, ხოლო მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე საკუთრების გადაცემა ამ ვალდებულების უზრუნველყოფას ემსახურებოდა. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ პირველადი ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის შესახებ 88 500 აშშ დოლარზე გაფორმდა. შემდგომ კი, კომპანიამ იმავე პირისგან იმავე ქონების უზრუნველყოფით დამატებითი სესხი მიიღო, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და თანხად განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარი. შემოწმების მიერ დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მხოლოდ პირველადი ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების ფაქტის გათვალისწინება არ მომხდარა. შემმოწმებლის აღნიშნული მიდგომით ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ეკონომიკური ურთიერთობა ხელოვნურად გაიმიჯნა: ერთი და იმავე კრედიტორისგან, ერთი და იმავე უზრუნველყოფით მიღებული თანხები განსხვავებულად დაკვალიფიცირდა, რისი საფუძველიც არ არსებობდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიას შენარჩუნებული აქვს გამოსყიდვის უფლება და ქონება დღემდე გამოსყიდული არ არის. საჩივარზე თანდართული აქვს გამსესხებლის (მყიდველის) წერილობითი განცხადება ხელშეკრულების სასესხო მიზნის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიამ 2024 წელს ფიზიკურ პირთან გააფორმა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება და გაიყიდა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად. საგადასახადო შემოწმების დასრულების დროისთვის აღნიშნული ქონება გამოსყიდული არ ყოფილა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს დაფუძნების დღიდან შემოწმების დასრულებამდე ჯამურად შეძენილი ჰქონდა 13 უძრავი ქონება და ყველა ქონების გასხვისება განხორციელდა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებით. აღნიშნული ქონებებიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული ჰქონდა 5 უძრავი ქონება, მათ შორის 4 იყო მიწის ნაკვეთი, რომელთა ნაწილზეც იდგა შენობა - ნაგებობა, თუმცა გადამხდელის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული ქონებები ჩაითვალა ეკონომიკური ღირებულების არ მქონედ და არ დაექვემდებარა დაბეგვრას. აღსანიშნავია, რომ ოთხივე უძრავი ქონების შემთხვევაში გარიგების სახედ გამოყენებული იყო ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, ოთხივე შემთხვევაში გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგკი უძრავი ქონებები გადაყიდული იყო მესამე პირებზე, ხოლო ამ ოთხიდან 2 შემთხვევაში ქონების შემძენი გახდა ურთიერთდამოკიდებული პირი, რომელმაც საბაზრო ფასზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინა ქონება, რითიც აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, შემოწმებას ჰქონდა იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ გადამხდელი აფორმებდა ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით, თუმცა არც ერთი ქონების უკან გამოსყიდვას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება სადავო ქონების დღგ-ით დაბეგვრას, კომპანიამ 2024 წელს ფიზიკურ პირთან გააფორმა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, გაიყიდა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად, (მიწის ნაკვეთი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 746 კვ.მ., შენობა - ნაგებობა 268.5 კვ.მ.) თავდაპირველი შეთანხმებით გამოსყიდვის ვადა გაუქმდა 2026 წლის თებერვალში, თუმცა მას შემდეგ რაც გადამხდელისთვის ცნობილი გახდა, რომ შემოწმება აპირებდა აღნიშნული უძრავი ქონების დღგ-ით დაბეგრვას, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 2026 წლის 17 აგვისტოს (გამოსყიდვის ვადის გასვლიდან 6 თვეში, ეს 6 თვე აღნიშნულ ქონებას შემძენი ფიზიკური პირი ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე ფლობდა და განკარგავდა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ახალი ხელშეკრულება გამოსყიდვის ვადის გაგრძელების თაობაზე. ამასთან, გადამხდელმა შემმოწმებელს მიაწოდა მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა - ნაგებობის ფოტო - სურათები, რომლიდანაც იკვეთებოდა, რომ აღნიშნულ სახლს იყენებდნენ საცხოვრებელი დანიშნულებით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ არც ერთი ქონების გამოსყიდვა არ განხორციელებულა, ქონებას ჰქონდა არსებითი ეკონომიკური ღირებულება, ამასთან, არ არსებობდა არანაირი საფუძველი ან ნებართვა იმისა, რომ გადამხდელს მშენებლობის დაწყებისა და აღნიშნული ქონების დემონტაჟის განზრახვა ჰქონდა და შემოწმების დასრულების დროისთვის საწარმოს არც ერთ ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა, შემოწმების მიერ მიწოდების ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ კომპანიის საქმიანობაზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზეც შედგა შემოწმების აქტი, გამოიცა შესაბამისი ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 160(6);.